რომან ფიფია: “დინამო თბილისი“ ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია

რომან ფიფიას განცხადებით, „დინამომ“ აჩვენა ფეხბურთი, რომლის მოგებაც შეიძლება

„დინამო თბილისი“ ქართული საფეხბურთო გუნდებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც ევროსარბიელზე ყველაზე კარგი შედეგი და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა. ფეხბურთი, რომელიც იმედის საფუძველს იძლევა…

სამწუხაროა, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, საქართველოს ჩემპიონისგან განსხვავებით, წილისყრაში არ გაუმართლა და ისეთ გუნდს შეახვედრა, როგორიც ჰოლანდიური „ფეინოორდია“. „დინამომ“ პირველი მატჩი წააგო, განმეორებით შეხვედრაში ჩისკო მუნიოსის გუნდს სითამამე დააკლდა, მაგრამ დაანახა საზოგადოებას, რომ მას მომავალი აქვს და ამ თამაშის მოგებაც შეეძლო.

არის თუ არა ის ხარისხი და შედეგი დამაკმაყოფილებელი კლუბის პრეზიდენტისთვის, რომან ფიფია აცხადებს, რომ „დინამომ“ აჩვენა ფეხბურთი, რომლითაც მოგება/გამარჯვება შეიძლება.

შეინარჩუნებს თუ არა „დინამო თბილისი“  შემადგენლობას, აქვს თუ არა ნდობის მანდატი ესპანელ მწვრთნელს და როგორ შეცვალა თავად რომან ფიფია „დინამოში“ რვაწლიანმა მოღვაწეობამ – The Recorder-მა „დინამო თბილისის“ პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მაგდა კლდიაშვილი

– ევროპის ლიგაზე „დინამომ“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, არა მხოლოდ შედეგებით, არამედ თამაშის ხარისხით, კომბინაციური და აზრიანი ფეხბურთით. რაც მთავარია, ყველამ დაინახა, რომ ეს ინდივიდუალისტების კი არა, არამედ შეკრული და ერთიანი გუნდია. თქვენ თავად თუ ხართ კმაყოფილი ნაჩვენები შედეგებით?

– არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ. ძალიან კარგად დავიწყეთ, ჩემპიონატშიც დავწინაურდით და აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ეს პოზიციები. ბიჭებმა  ევროტურნირებზე დამაჯერებლად გაიმარჯვეს. აზერბაიჯანული ნავსი გავტეხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ იყო უბრალო გუნდი „გაბალა“ და არც ანდორა – ხელწამოსაკრავი. ფეხბურთელებმა ძალიან ორგანიზებულად, თავდაჯერებულად ითამაშეს. მოვიდა „ფეინოორდის“ დრო. შეიძლებოდა სხვა რომელიმე გუნდს შევხვედროდით, მაგრამ „ფეინოორდი“ გვერგო. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. ვერ ვიტყვი, რომ პირველ მატჩში, პირველი ტაიმი „დინამომ“ თავდაჯერებულად დაიწყო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 46 ათასი მყვირალა, მამხნევებელი გულშემატკივარი ძაბავდა ისედაც დაძაბულ სიტუაციას. ეს ფეხბურთია და უნდა გავიგოთ. ჩვენთან რომ ყოფილიყო დასწრება, იგივეს ჩავუტარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვაგვარად მოხდა. პირველი ტაიმი არც ისე დამაჯერებლად დავიწყეთ. ბოლო წუთებში გავუშვით გოლი, რომელიც შეიძლებოდა არც გასულიყო. მეორე ნახევარში ჩვენი ბიჭები სულ სხვა განწყობით გამოვიდნენ. შენგელია შულაიამ შეცვალა, რომელმაც ფლანგი ძალიან გააქტიურა. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მსაჯმა მიიღო ხისტი გადაწყვეტილება და ამას არც ვასაჩივრებთ. მას შეეძლო არ მიეცა

პირველი ყვითელი ბარათი, ან მეორე ყვითელი ბარათი, თანაც, ასე მოკლე, ხუთწუთიან მონაკვეთში.  5 წუთში, ერთ ფეხბურთელს ორჯერ ყვითელ ბარათს უჩვენებ, როდესაც, შეხვედრის დასრულებამდე პრაქტიკულად 7 წუთია დარჩენილი, ცოცხალი ადამიანი ხარ და ხედავ, როგორი თამაში მიდის და საქართველოშიც უნდა ჩატარდეს, ხალხი უნდა მოვიდეს. ვფიქრობ, ძალიან ხისტად მოგვექცა და მის ნამუსზე იყოს ეს გადაწყვეტილება. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიხილეთ. ამას დაემატა მაყურებლისა და სტადიონის დისკვალიფიკაცია. ჩვენ ავხსენით და არ გავიმეორებ, რისთვისაც დაგვსაჯეს. უამრავი სურათი მაქვს ნანახი, ევროპაშიც თამაშობენ 88 ნომრით და ამერიკაშიც და დარწმუნებული ვარ, ჰიტლერი არც იქ უყვართ და არც გერმანიაში, მაგრამ ასე აეწყო ერთმანეთს. ამას დაემატა ისიც, რომ 4 წამყვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, რომელთა გარეშე თამაში საქართველოს ჩემპიონატშიც კი წარმოუდგენელია. როგორ უნდა გვეთამაშა „ფეინოორდთან“ მათ გარეშე? განმეორებითმა მატჩმა ხალხს დაანახა და დააწყნარა, რომ „დინამო“ კარგი გუნდია და „როტერდამში“ 4:0 წაგებას არ იმსახურებდა. ჩვენ რომ გვყოლოდა თავდამსხმელები მეორე შეხვედრაში, შეიძლება გაგვებათილებინა და პენალტების სერიამდეც მივსულიყავით, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ვიყოთ ობიექტურები, საგოლე მომენტები „დინამოს“ უფრო მეტი ჰქონდა.

–  უეფას მხრიდან დაწესებულ სანქციაზე ინფორმაცია, თამაშის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე, თავად „ფეინოორდის“ ვებ-გვერდმა გაავრცელა. ეს სპეციალურად ხომ არ გააკეთეს, რომ „დინამო“ ფსიქოლოგიურად მოშლილიყო?

– არ მინდა, მკითხველმა იფიქროს, რომ თავს ვიმართლებ ან ბიჭებს ვამართლებ. ასე აეწყო ერთი მეორეზე ეს ცუდი ამბები. რატომღაც ისე ჩანს, რომ წინასწარ იყო გადაწყვეტილი ყველაფერი. ამსტერდამის აეროპორტიდან მივდიოდი როტერდამის სტადიონზე, სადაც „ფეინოორდის“ თანამშრომელი დამხვდა. თამაშამდე საათი და 20 წუთი იყო დარჩენილი, ახლა ვკითხულობ, თქვენი სტადიონი დისკვალიფიცირებულია და მაყურებელი ვერ იქნებაო. ვიფიქრე, ხუმრობდა. მაშინვე ზაზა დოლიძესთან დავრეკე, აქ მძღოლი მეუბნება ასეთ ამბავს და რა ხდება-მეთქი. დამიდასტურა, საუბედუროდ, ასეთი ინფორმაცია გავრცელდაო. როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება წავაგოთ როტერდამში, ან სულაც ფრე ვითამაშოთ, მაგრამ იმედი გვაქვს ჩვენი ხალხის და სტადიონის. ესეც წნეხი იყო ფეხბურთელებზე. თვითონ, „ფეინოორდს“ არ უნდა გაეკეთებინა ეს. რა უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რაც მოხდა.

– განმეორებით მატჩში, „დინამოს“ ჰქონდა გარკვეული წნეხი, რომ დიდი ანგარიშით არ წაეგო. წინა თამაშებს თუ გავიხსენებთ, ამდენი უკანა გადაცემა, წინ ჩაგდებული და დაკარგული ბურთები, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. მაშინ, როდესაც იყო მოლოდინი, „ფეინოორდს“ მეორე ნომრად ეთამაშა, რატომ არ აიღო თქვენმა გუნდმა ინიციატივა თავის თავზე. არ ფიქრობთ, რომ ქართულ გუნდებს კომპლექსი თავად აქვთ დასაძლევი, რომ ასეთ გუნდებთანაც შეიძლება უფრო თამამად თამაში. რატომ ვაგებთ გასახდელში შეხვედრებს?

– მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ პირველი შეხვედრა მეორისგან და  როტერდამში, პირველი ტაიმი – მეორისგან. მქონდა ფეხბურთელებთან შეხვედრა და საუბარი თამაშის დაწყებამდე. ვუთხარი, აბსოლოტურად თავისუფლად გამოდით-მეთქი. იმიტომ, რომ ფეხბურთი გვეთამაშა. მინდა, გაითვალისწინოს ყველამ ის, რომ არ გვყავდა კუტალია, კარიკარი, დაფე. მწვრთნელმა ქავთარაძე დააყენა შეტევაში. აქედან შეიძლება აიხსნას მეორე ნომრად თამაში. ეს ბიჭები რომ გვყოლოდა, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით, გვქონდა ბევრი მომენტი და გამოვიყენებდით. მნიშვნელოვანია ასეთი თამაშები. ბიჭებმა თქვეს, ახლა უკვე ვიცით, ვისაც ვეთამაშებითო. ის ფეხბურთელები რომ გვყოლოდა, წრე შეიკვრებოდა. არ მიყვარს უკანა გადაცემები, მაგრამ როდესაც წრე შეკრული არ არის, რგოლები დაბალანსებული არ იყო, რა ექნა ქავთარაძეს? არ იყო ეს მისი პოზიცია. „დინამომ“ აჩვენა ფეხბურთი, რომლის მოგებაც შეიძლებოდა, თავდამსხმელი რომ გვყოლოდა.

– „დინამო თბილისმა“ დაასრულა ევროსარბიელზე გამოსვლა. ხშირია საუბარი იმაზე, რომ გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ვიცით, რომ ლევან შენგელია მიდის. თქვენ განაცხადეთ და გაეცით დაპირება, რომ ლიდერები არ წავიდოდნენ. შეინარჩუნებთ ამ შემადგენლობას?

– ზოგჯერ არის მომენტი, როდესაც თავს ზემოთ ძალა არაა. ლევან შენგელიას კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება. მოცემულობა ასეთია – მას უნდა წასვლა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, დარჩეს. საუბარია ნინუაზეც. მესმის, რომ დიდი გუნდებიდან არის წინადადებები, მაგრამ თუ ეს გზა არ იქნება „დინამოსა“ და ფეხბურთელისთვის სახარბიელო, ვცდილობ ასეთი შემოთავაზება არ მივიღო. შენგელიას რაც შეეხება, ამ დღეებში მეცოდინება, დარჩება თუ არა.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ სამწვრთნელო შტაბზე. „დინამოს“ ჰქონდა სამთამაშიანი ჩავარდნა და იყო საუბარი, რომ ჩისკო გუნდიდან მიდიოდა. ყველა თამაშზე გვესმოდა, რომ მისთვის ეს გამოცდა იყო. თუ მოიგებდა, დარჩებოდა, სხვა შედეგის შემთხვევაში კი, მას დაემშვიდობებოდით. ამის შემდეგ კი გქონდათ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია. საერთოდ რატომ იდგა დღის წესრიგში მისი წასვლის საკითხი და აქვს თუ არა მას თქვენგან ნდობის მანდატი?

– შემიძლია, გითხრათ, რომ ჩისკოს და ფელის ვისენტესაც აქვთ ჩემგან მანდატი. ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებ, რა იყო მაშინ.

– იმ ვერსიას გულისხმობთ, რომ მას თავად უნდოდა წასვლა და თქვენ დაარწმუნეთ, დარჩენილიყო?

– დიახ, ზუსტად ასე იყო. მან თქვა, მივდივარო და ვუთხარი, შენ დარჩები და დაამტკიცებ, რომ ტყუილად არ მოსულხარ. თქვენც ხშირად გაგიკრიტიკებივართ, ძალიან ხშირად  გამიშვია მწვრთნელი. აზრები სუბიექტური ან ობიექტურია, რომ უსამართლოდ გავუშვი. ადამიანის გათავისუფლება, როდესაც მასთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობ, ადვილი არ არის, თუ ადამიანი ხარ. თუ ხარ ისეთი პიროვნება, რომელსაც არ ანერვიულებს, ვის უშვებ და ვინ მოგყავს, მაშინ ადვილია. ჩემთვის ეს კატასტროფული სიძნელის ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ გასაშვებია. მწვრთნელის პროფესიას მოაქვს ასეთი დღის წესრიგი, დღეს ხარ, ხვალ შეიძლება არ იყო. ჩისკოც არ არის ასწლიანი, მაგრამ მას აქვს რესურსი. ჩვენ ძალიან ხშირად ვურთიერთობთ. მან იცის ქართველის მენტალობა და ვცდილობ, ხშირად შევახსენო ის ზღვარი, რომ არც იქეთ და არც აქეთ არ გადაკვეთოს. ზუსტად იმ მომენტში ფუჭდება ყველაფერი. პარალელურად, ვახერხებ, თითოეულ ფეხბურთელთან მქონდეს პირადი ურთიერთობა, რომელიც ჩემთვის და მათთვისაც უმნიშვნელოვანესია. ერთი გუნდი ვართ, მაგრამ მე არ ვაყენებ შემადგენლობას. ვერაფერს ვეტყვი გარდა საყვედურისა,  თუ  იმსახურებს. მწვრთნელი არ არის ერთი და ვიღაცამ უნდა უთხრას, ამის უფლება მაქვს და ვცდილობ, სამართლიანობა მაქსიმალურად იყოს დაცული. რაც ყველაზე მთავარია, აკადემიის ბავშვები დროულად ან დროზე ადრე დაწინაურდნენ პირველ გუნდში. ჩისკოს აქვს რესურსი და, რაც მთავარია, მას აქვს ხედვა. თავისი წინამორბედებისგან აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებაა. „დინამო“ ასეთი გუნდური არასდროს ყოფილა. ამ ადამიანს შეუძლია იყოს უფრო მეტად მეგობარი, ვიდრე მთავარი მწვრთნელი. არ ვიცი, ეს რამდენად უკეთესია ან უარესი, მაგრამ რომ გავზომოთ ეს, ვუთხარი, რომ ბალანსი დაიცვას. ფეხბურთელები პატივს სცემენ ამ ურთიერთობას. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ფეხბურთელმა თუ არ შეგისრულა, რასაც ეუბნები, გამოდის, რომ სათანადო ავტორიტეტი არ გაქვს. მართალია, დღეს ის  მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, მაგრამ ძალიან მალე თავის ადგილზე იქნება.

– სამწუხაროდ, გამოცდილებამ გიჩვენათ, რომ შემადგენლობის ხშირ როტაციას სტაბილურობა არ მოაქვს. შემადგენლობის შენარჩუნებაზე უკვე გკითხეთ. გააძლიერებთ პოზიციებს და რა ამოცანა გაქვთ დასახული გუნდისთვის?

– ჩემპიონობა იქნება აუცილებელი პირობა. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი წელს კარგად გამოიყურება. დასანანია გასული სეზონი. როდესაც 12 ქულით წინ ხარ და ჩემპიონი მაინც ვერ ხდები. ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და, ალბათ, ყველაზე რთული ამოცანა გუნდის ბირთვის შენარჩუნებაა. ვეცდები და ჩემს ინტერესებში შედის ეს, მაგრამ ადვილი არ არის. როდესაც ამაზე  ჟურნალისტები საუბრობენ, ვფიქრობ, ნეტავ იცოდნენ, რა რთული ამოცანაა ეს. უნდა გავძლიერდეთ იმ პოზიციებზე, რომელიც გასაძლიერებელია და ასეთი პოზიციები გვაქვს ჩვენ.

– მწვრთნელებთან ერთად, „დინამო თბილისში“ ხშირად იცვლებოდა მენეჯმენტიც. ახლახან, გენერალური დირექტორის პოსტი, ფეხბურთის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ზაზა დოლიძეს ჩააბარეთ. ისიც ითქვა, რომ პირადი საქმეების გამო, გუნდში აქტიურად ჩართული არ იქნებით და დოლიძე იქნება მმართველი. ამის შესახებ გუნდსაც აცნობეთ კრებაზე. მას ბოლომდე ენდობით?

–  ზაზა დოლიძესაც აქვს საკმარისად დიდი მანდატი. უკვე ჩაუდგა სათავეში მმართველობას. უაღრესად ნიჭიერი და წესიერი ადამიანია. დიდი ნდობა აქვს ჩემგან. გვქონდა ამის თაობაზე შეხვედრა, მაგრამ არ მითქვამს, რომ ჩამოშორებული ვიქნები გუნდიდან. წარმოუდგენელია ჩემი გუნდს ჩამოშორება. იმიტომ კი არა, რომ სხვა საქმეს ვერ გავაკეთებ, არ მგონია ეს „დინამოს“ წაადგეს. ისე არ ვიქნები ჩართული,როგორც ადრე. დოლიძეს აბსოლუტური კომპეტენცია აქვს იმისთვის, რომ გუნდს მიხედოს, მათ შორის, აკადემიასაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მოვწყდები კონტროლს, ტრანსფერებს და ა.შ. ჩვენ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ამდენი წელი გავიდა. წელს „ფეინოორდი“ შეგხვდა, არ გაგვიმართლა, მსაჯმა დაგვსაჯა. საშინაო შეხვედრაში არ იყვნენ შემტევები. ეს უიღბლობაც რაღაცნაირად უნდა გადავაგოროთ. წელს ახლოს ვიყავით, თუმცა უნდა გავიაზროთ ისიც, რომ თავი უნდა მოვთოკოთ. ჩემს ბიჭებზე მაქვს საუბარი. ასეთ მატჩებში, პირველ რიგში, გუნდზე უნდა იფიქრო და არა შენს ემოციაზე. სადღაც ახლოს ვართ, მთავარია, გუნდის ბირთვის შენარჩუნება და იმ პოზიციებზე გაძლიერება, რომელზეც ვისაუბრე, რათა, მომავალ წელს უფრო ყოჩაღად გამოვიყურებოდეთ.

– გიცნობთ იმ დღიდან, როდესაც „დინამო თბილისი“ შეიძინეთ და  ვფიქრობ, რომ თქვენც გარკვეულწილად შეიცვალეთ. რა შეიცვალა ამ ამ წლების განმავლობაში?

– კი, რ თქმა უნდა. შემიძლია გითხრათ, რომ „დინამო თბილისი“ ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია. ამ ქვეყანაში ბიზნესი არ მაქვს და იქ ვიქნებოდით, სადაც მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ „დინამოსთან“ ძალიან ახლოს ვარ, დღის წესრიგი სხვანაირად არ წარმომიდგენია. შემცვალა, დამეტყო. პრობლემები ჩვენც გვაქვს, ამაზე ხომ არასდროს ვლაპარაკობთ. „დინამო“ ტრიალებს, ტრიალებს და აკეთებს თავის საქმეებს. ბავშვები იზრდებიან, გუნდი უკეთესი ხდება. ეს უბრალო თემა არ არის. ამდენი წლის განმავლობაში, ბიუჯეტიც შევამცირე, იმიტომ, რომ ბიზნესი დამთავრდა აქ. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს, მაშინ„დინამოს“ ლეგიონერების სანახავად მოვა ხალხი სტადიონზე.

– მაშინ, როდესაც პირად ბიზნესში კრიზისი გაქვთ, არ არის რთული დახარჯო ფული ქართულ ფეხბურთში, თანაც ამდენი იმედგაცრუების შემდეგ.  იყო საუბარი იმაზე, რომ ლონდონში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, გუნდში 20-25 მილიონის ინვესტირებას აპირებთ. შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

– არ იყო ადვილი ამ წლების განმავლობაში გუნდის შენახვა, მაგრამ, მადლობა უფალს, ვახერხებთ ამას. სასამართლო დამთავრდება 2021 წლის აპრილში. დარწმუნებული ვარ, „დინამოს“ ძალიან წაადგება სამართლიანი გადწყვეტილება. კარიკარის ტიპის ფეხბურთელი რომ ჩამოიყვანო, ან უფრო მაღალი დონის, არ არის ადვილი. ჩვენთან 5 და 10 ათას დოლარად ვერ ჩამოიყვან ფეხბურთელს, რომელიც ევროპაში  15, 20 და 20 ათას ევროს იღებს ხელფასს. როგორ უნდა ჩამოვიდეს უფრო დაბალი დონის ჩემპიონატში? ვვითარდებით, მაგრამ ძალიან შორი გზა გვაქვს. აკადემიები მოსაწესრიგებელია, ბავშვთა ფეხბურთია მისახედი, მოედნები საკმარისი არ არის. U19 თამაშობს ხელოვნურ მოედნებზე, როდესაც ამ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება, გვქონდეს ბუნებრივი საფარი. არ გვყოფნის სტადიონები. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს „დინამოს“ 4-5 მოედანი შევმატოთ. შეუძლებელია სხვაგვარად მივაღწიოთ იმ პროგრესს, რომელსაც ველოდებით. უამრავი შიდა პრობლემა გვაქვს. სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. არის პოზიციები, რომლებიც აკადემიაშიც არ მოგვყვება. ე.ი. ხალხია მოსაყვანი და ის ლეგიონერები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს გულშემატკივარს და ეს  თვეში მინიმუმ 20 ათასი ევრო ღირს.  ამდენი კრიტიკა აქვს ქართულ ფეხბურთს. ეს დამსახურებულია. მესმის, რომ ბევრია გასაკეთებელი, მოედნები გვჭირდება, სამუშაოა. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე რომ ლაპარაკობენ, 300 მილიონია ამდენ წელზე, წარმოიდგინეთ, 20 ათასი ევრო უნდა გადაიხადო ხარისხიან ფეხბურთელში ყოველ თვე, რომ ფეხბურთი ეთამაშო ევროპელებს, ხომ გვჭირდება გაძლიერება იმ პოზიციებზე, სადაც არ გვყავს, მაგრამ სადაც გვყავს, ოქროს ბიჭები არიან. არ დავასახელებ სახელებსა და გვარებს. გლობალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, ეს ფული არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც ფეხბურთის განვითარებას სჭირდება, თუმცა სახელმწიფო ხარჯავს თავისი რესურსის მაქსიმუმს და ამის გამო მხოლოდ მადლიერები უნდა ვიყოთ.

– სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის განვითარებისთვის ეს თანხა შესაძლოა ცოტაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, გუნდებმა, ვისაც ინფრასტრუქტურა და სათამაშო სტადიონები არ აქვთ, ეს თანხები სწორედ ამისკენ მიმართონ, რაც აქამდე არ გვინახავს. არ ფიქრობთ, რომ საზოგადოების პროტესტი ხშირად სამართლიანია?

– სამართალი არის იმაში, რომ გუნდს, რომელსაც აქვს პრეტენზია,  პირველ რიგებში იყოს, მას უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა. ამას დედაენა არ სჭირდება. სწორედ ეს არის დედაენა. უნდა ჰქონდეს სკოლა და მე ამაზე არ ვიკამათებ.

– ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე უნდა გკითხოთ. ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ლევან კობიაშვილს ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. რა პროგრესს ხედავთ ამ ოთხი წლის განმავლობაში?

– მოდით, პირველ რიგში, ვთქვათ, რომ ათგუნდიანი ჩემპიონატია, რომლისთვისაც, გახსოვთ, არჩევნებამდე აღმასკომშიც ვიბრძოდი. ეს იყო ჩემი მიზანი და ლევანი – ამის წინამძღვარი, ჩვენი ახალი გეგმების განმახორციელებელი. როგორ შემიძლია არ ვთქვა, ამ ადამიანმა დაიცვა ეს. როდესაც ვამბობდი, რომ არ შეიძლება 14-გუნდიანი ჩემპიონატი, აიღეს და ორი გუნდი დაამატეს, არადა, ვამბობდი, ათზე ჩამოვიყვანოთ მეთქი. ლევანი პრინციპული იყო და ეს მისი დამსახურებაა. ასევე, ამ ცოტა ფულის სამართლიანი გადანაწილებაც, რის შედეგადაც შეიქმნა განვითარების ფონდი, რომელსაც ზაზა დოლიძე ხელმძღვანელობდა, ესეც ლევან კობიაშვილის დამსახურებაა. ფედერაციას თავისი წვლილი აქვს ამაში. აბა, არ ყოფილიყო ფეხბურთის ფედერაცია ამისი მომხრე და ეს იყო გუნდური მუშაობის შედეგი. ლევანმა შეძლო ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის ბოლომდე მიყვანა. აზრი ერთია და მეორე – მისი ბოლომდე შესრულება. ამისთვის გჭირდება გვერდით მდგომები. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, აშენებენ. ერთადერთი, რისი წინააღმდეგიც ვიქნებოდი და უკვე დავაფიქსირე, არის ის, რომ ფედერაცია არ უნდა იყოს სხვა საფეხბურთო კლუბების კონკურენტი ამ მიმართულებაში. ფედერაციის აკადემია უნდა ატარებდეს სელექციას და შემდეგ ამ ბავშვებით უნდა ეხმარებოდეს კლუბებს, მათ აკადემიებს.

– ამ აკადემიებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გრანტს უეფასგან იღებს…

– შესაძლოა, რომელიმე გუნდსაც მისცენ ეს გრანტი. შეუძლებელია ადამიანმა არ დაინახოს ის, რაც გაკეთდა. ფეხბურთის დონემ აიწია, იმიტომ, რომ ათგუნდიანი გახდა ჩემპიონატი. თასიდან რატომ გამოვვარდით? იმიტომ, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩემი ბიჭები მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით თამაშობდნენ. დავაყენე საკითხი, რომ 1/8 ფინალიდან მაინც არ იყოს ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ძალიან ბევრი კეთდება და იმედი მაქვს, კიდევ ბევრს გააკეთებენ ეს ბიჭები.

  • 73
  •  
  •  
  •  
  •