მამუკა ხაზარაძე: გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახს, უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.

ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.

ჩვენი მოვალეობაა, მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ, გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.

ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება”! – წერს ხაზარაძე.

სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.

  • 26
  •  
  •  
  •  
  •