ევროპის ლიგას “დინამო თბილისიც” დაემშვიდობა

ქართული კლუბები ევროტურნირებს დაემშვიდობნენ

ევროტურნირებს უკანასკნელი ქართული გუნდიც დაემშვიდობა.

“დინამო თბილისმა”, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, “დინამო არენაზე”, უმაყურებლოდ ჩაატარა, მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა და ევროსარბიელზე ასპარეზობა დაასრულა.

“დინამოს” მწვრთნელების გადაწყვეტილებით, გუნდმა მთელი მატჩი მეორე ნომრად ჩაატარა და გოლის გასატანად საკუთარ შანსს დაელოდა, რაც ლევან შენგელიამ 52-ე წუთზე მოახერხა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. ზუსტად 3 წუთში, როტერდამელებმა ბოტეგინის გოლით წონასწორობა აღადგინეს.

“დინამოს” კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა მეორე ტაიმში, თუმცა შენგელიას გადაცემით, ქავთარაძემ კარს ძალიან ახლო მანძილიდან ააცილა.

1:1 – ასეთია საბოლოო ანგარიში, ორი მატჩის ჯამში კი “დინამო თბილისმა” “ფეინოორდთან” 5:1 წააგო და ევროპის ლიგას დაემშვიდობა.

“დინამომდე” ევროტურნირებს “საბურთალო” გამოეთიშა, რომელმაც გუშინ, სომხურ “არარატ-არმენიასთან”, “მიხეილ მესხზე” 0:2 წააგო.

ფოტო: დინამო თბილისი

 

  • 64
  •  
  •  
  •  
  •