ქალ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელების გადაწყვეტილებით არ მიდის

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი ათაბეგაშვილი განმარტავს, რომ ფინანსები არაფერ შუაშია

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს.

ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ამ დროისთვის განაცხადშია წარდგენილი, ნატურალიზებული ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანია.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში ფინანსების არქონის გამო ვერ მიემგზავრება. “რეკორდერი” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მწვრთნელებმა მიიღეს და საუბარი უსახსრობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

ათაბეგაშვილი ამბობს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის მომავალ წელს, ქართველი გოგონები, სალიცენზიო ტურნირებზე იბრძოლებენ, ქალთა გუნდი კი ამ დროისთვის რუმინეთში შეკრებაზე იმყოფება.

“ქალთა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ზაგრების გრან პრიზე, შეკრებებზე იყვნენ სლოვენიაში, უნგრეთში, ახლა რუმინეთში არიან. ფინანსები რომ არ იყოს, როგორ წავიდოდნენ და როგორ მოემზადებოდნენ? ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, დღე,ს ამასთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს. ჩვენ მათ საქმიანობაში არ ვერევით. მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ პრიორიტეტული მიმდინარე წელს ახალგაზრდული ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატია. ნაკრების ძიუდოისტების ასაკი 18-19 წელს არ აღემატება, ამიტომ სამწვრთნელო შტაბი თავად წყვეტს, მათთვის რა უკეთესია”, – განაცხადა ათაბეგაშვილმა.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო 25-31 აგვისტოს უმასპინძლებს.

  • 11
  •  
  •  
  •  
  •