საქართველოს გოლფის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

ევროპირველობის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა

30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ვილნიუსმა გოლფში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს უმასპინძლა.

ჩემპიონატი “The V Golf Club Vilnius”-ში ჩატარდა და მასში ევროპის 13-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. ქართული გოლფის ისტორიაში პირველად, შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ჩაერთო. ჩვენი გუნდის სახელით ლიეტუვაში სანდრო ილაშვილმა, ზაურ გაბაიძემ, ქართლოს დიასამიძემ და ვახო ხახვიაშვილმა იასპარეზეს. ნაკრების წევრები 18-19 მაისს, “Tbilisi Hills Golf & Residences”-ში გამართული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეირჩნენ.

ევროპირველობის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა. ჩვენ გუნდს ანდრო შილაკაძემ უკაპიტნა, ხოლო დელეგაციის ხელმძღვანელი გოლფის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ძაძამია იყო.

ევროპის ჩემპიონატი ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართა. ჩემპიონატში საქართველოს გარდა, კვიპროსის, ლატვიის, ლიეტუვის, ლიხტენშტეინის, ლუქსემბურგის, მალტის, რუმინეთის, საბერძნეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვილნიუსში საქართველოს გოლფის ფედერაციამ გამოთქვა სურვილი 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს საქართველომ უმასპინძლოს. ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების მოედანი. “Tbilisi Hills Golf & Residences” მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირს, მათ შორის ევროპირველობას მე-2 დონის ნაკრებებს შორის.

აღსანიშნავია, რომ გოლფი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი. სპორტის ეს სახეობა მანამდე მხოლოდ სამ ოლიმპიადაზე (1900, 1904, 2016) იყო დაშვებული.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •