ფეხბურთი, რომელიც ყველას მოენატრა – “დინამო” – “გაბალა” 3:0

"დინამო თბილისმა" "გაბალას" ორი მატჩის ჯამში 5:0 მოუგო

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “დინამო თბილისმა” “დინამო არენაზე” აზერბაიჯანულ “გაბალას” უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.

თუმცა, მხოლოდ ანგარიში არ არის საკმარისი “დინამოს” თამაშის შესაფასებლად. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლმა ნახა ნამდვილი ფეხბურთი, ის, რაც წლების განმავლობაში არ უნახავს არც ეროვნული ნაკრებისგან და არც სხვა ქართული კლუბისგან.

დაცვიდან შეტევაში ორგანიზებული ამოსვლა, ბურთის კონტროლი, კარგად დაგეგმილი და კომბინაციური შეტევები – “დინამო” თამაშობდა როგორც ერთი დიდი ორგანიზმი, მეტოქეს მცირე შანსსაც კი არ აძლევდა და ბურთზეც სრული კონტროლი ჰქონდა მოპოვებული.

ერთადერთი, რაზეც დღევანდელ შეხვედრაში შეიძლება გული დაწყდეს ადამიანს, იმ გამოუყენებელი საგოლე მომენტების სიმრავლეა, რაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ.

აშკარაა, რომ ესპანელთა სამწვრთნელო შტაბი ძალიან სწორად მუშაობს და შედეგიც სახეზეა – 11 წაუგებელი სერია და ევროსარბიელის ოთხ შეხვედრაში არცერთი გაშვებული ბურთი.

“გაბალას” წინააღმდეგ დუბლით ლევან შენგელია გამოირჩა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, შეცვლაზე შემოსულმა კარიკარმა ასევე საუცხოო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დინამო” ჰოლანდიურ გრანდს, “ფეინოორდს” დაუპირისპირდება, თუმცა, იმ შეხვედრით, რაც ქართულმა კლუბმა ევროსარბიელზე აჩვენა, შეიძლება ითქვას, რომ ამ წყვილში, ჰოლანდიური გუნდი გამოკვეთილი ფავორიტი სულაც არ იქნება.

“დინამოსა” და “ფეინოორდის” პირველი შეხვედრა, 8 აგვისტოს, როტერდამში შედგება, განმეორებითი კი, “დინამო არენაზე” – 15 აგვისტოს.

ფოტო: დინამო თბილისი

  • 190
  •  
  •  
  •  
  •