რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

შალვა გოგოლაძე: მთავრობა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე, სპორტსმენებისთვის საპრიზო თანხის გაზრდას გეგმავს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი. ქართველი სპორტსმენები ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან; სახელმწიფომ კი, შესაძლოა, იმ პრემიების რაოდენობა გაზარდოს, რომლებსაც ისინი ოლიმპიური მედლების მოპოვების შემთხვევაში აიღებენ.

“რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მთავრობის განკარგულების განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება.

შალვა გოგოლაძე განმარტავს, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი 4 წლიანი ციკლია, როდესაც ფედერაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, არც ერთ ოლიმპიურ სახეობას ტოკიოს თამაშებამდე მზადებაში შეფერხება არ ექნება.

რა რაოდენობის იქნება წამახალისებელი თანხა, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მინისტრის მოადგილე დარწმუნებით ამბობს, რომ ცვლილებები იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაზეც ახლა მთავრობა მუშაობს, ევრობასკეტი 2021-ია. ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ პრესტიჟული ტურნირისთვის სპორტის ახალ სასახლეს ააშენებს. როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და რამდენად იქნება მზად თბილისი ამ ტურნირის მასპინძლობისთვის – “ოლიმპიური დღიურების” სტუმარი შალვა გოგოლაძეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაგდა კლდიაშვილი

– საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს მასპინძლობს, რომლისთვისაც ახალი სპორტის სასახლე უნდა აშენდეს. როდის დაიწყება მშენებლობა, რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები და მოასწრებს თუ არა თბილისი ტურნირის მასპინძლობისთვის მომზადებას?

– მინდა, სპორტის ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს მივულოცო ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც ევრობასკეტი 2021-ის საქართველოში ჩატარებაა. თბილისმა მართლაც უდიდეს კონკურენციაში გაიმარჯვა და უახლოეს მომავალში, ის ბერლინის, მილანისა და პრაღის გვერდით იდგება, როგორც ევროპის ერთ-ერთი მთავარი სპორტული ღონისძიების მასპინძელი, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს იყო კიდევ ერთი აღიარება ევროპის მხრიდან, რომ ჩვენ მათი ნაწილი ვართ და გვენდობიან, რომ აქ ასეთი მნიშვნელოვანი ჩემპიონატი ჩატარდეს.
როდესაც 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ განვლილი წლები, როდესაც ჩვენ მსოფლიოსა და ევროპის 25-მდე ჩემპიონატი ჩავატარეთ, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასა თუ სახეობაში. ამ პროცესში თავად ვიყავი ჩართული და უშუალოდ ვხვდებოდი იმ ქვეყნების დელეგაციის წევრებს, რომლებმაც ახლა ხმა მოგვცეს. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ საქართველოს აქ ჩატარებულ არც ერთ ღონისძიებაზე საშუალო შეფასებაც კი არ მიუღია, ყოველთვის უმაღლესი გვქონდა. ავიღოთ, თუნდაც, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, როდესაც მთელმა მსოფლიომ და მათ შორის, ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველომ, ორგანიზების კუთხით, ეს ღონისძიება სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ან, თუნდაც, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის გახსნაც ულამაზესი იყო, უეფას სუპერთასი და ა.შ. სწორედ ჩვენმა განვლილმა სპორტულმა ისტორიამ მოგვცა დღეს იმის საშუალებაც და შესაძლებლობაც, რომ 2021 წლის ევრობასკეტს ვუმასპინძლოთ. რა თქმა უნდა, გამოწვევები დიდია. გამოწვევაა, პირველ რიგში, ის, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, პრემიერის, პრეზიდენტის, მათ შორის, ჩემი და კალათბურთის ფედერაციის სახით, რომ ამ პერიოდისთვის ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ულტრათანამედროვე, 15 ათას კაცამდე ტევადობის სპორტის სასახლეს. საქართველომ ყველა ასეთ გამოწვევას, სპორტული კუთხით, მაღალ დონეზე უპასუხა და მჯერა, ეს პროექტიც წარმატებით განხორციელდება.

ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ვფიქრობდით, სად უნდა აშენებულიყო ახალი სპორტის სასახლე. ვინაიდან დიღმის ჭალებში უკვე იწყება და პროექტების სტადიაშია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე ფაზა, გადავწყვიტეთ, რომ ამის დამაგვირგვინებელი ყოფილიყო სწორედ ახალი სასახლე, რომელიც არა მხოლოდ სპორტის, არამედ კულტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, აქ მოეწყობა საგამოფენო სივრცეები. ასეთი სივრცე სჭირდება საქართველოს და თბილისს. ამასთან, თბილისის მერია აქვე აშენებს ულამაზეს, დიდ პარკს. საბოლოო ჯამში, ეს იქნება შესანიშნავი ადგილი, სადაც ჩვენი მოქალაქეები და ტურისტები შეძლებენ დასვენებას, ვარჯიშს… ბევრი ადამიანი დასაქმდება.

სპორტის სასახლისთვის მიწა უკვე გამოყოფილია და სამუშაოებს ახლო მომავალში დავიწყებთ. დრო ძალიან ცოტაა. ამას გარდა, ევროპის ჩემპიონატის ჩატარება სხვა ბევრ მნიშვნელოვან სეგმენტს მოიცავს, როგორიცაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა… როდესაც გვკითხეს, თუ მოვასწრებდით წელიწადსა და 8 თვეში, ვუპასუხე: თუ 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით ვიმუშავებთ, შესაძლოა, ვერ მოვასწროთ, მაგრამ ჩვენ 24 საათიანი გრაფიკით მუშაობას ვაპირებთ, ამიტომ სანერვიულო არაფერია.

– თუ არის უკვე ცნობილი, ვინ დააპროექტებს და ააშენებს სპორტის სასახლეს და რა იქნება მშენებლობის ღირებულება?

– ჯერ არ არის ცნობილი, ვინ ააშენებს, რადგან ამას შესაბამისი პროცედურები სჭირდება. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გვექნება გაფართოებული შეხვედრა პრემიერთან, სადაც ყველა დეტალზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება მშენებლობის ღირებულებას, პროექტის დამტკიცებამდე ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არ იქნება იაფი, რადგან საუბარია 15 ათას კაციან, ულტრათანამედროვე სპორტის სასახლეზე, თავისი ინფრასტრუქტურული აღჭურვით, ოფისებით, VIP ზონებით… რა თქმა უნდა, მთელი ეს პროცესი – პროექტირებას, მშენებლობასა და ბიუჯეტირებას ვგულისხმობ, სრულიად ღია და გამჭვირვალე იქნება.

– მოდით, შევაჯამოთ მინსკის მეორე ევროპული თამაშები, სადაც საქართველოს ნაკრებმა 30 მედალი მოიპოვა. რამდენად კმაყოფილია სახელმწიფო, რას ელოდით და რა შედეგი მიიღეთ?

– როგორ შეიძლება, მინსკის ოლიმპიური თამაშების შედეგით ვინმე უკმაყოფილო იყოს. დევიზი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტს აქვს – „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“, გამართლდა, თანაც მთელი ასი პროცენტით. მედალთა რაოდენობით, როდესაც 50 ქვეყანას შორის მეხუთე ხარ და ისეთ დიდ ქვეყნებს უსწრებ, როგორიც დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდიაა, ცოტა ნამდვილად არაა. კარგა ხანს, სამეულში ვიყავით, თუმცა ბოლო დღეს რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გაგვისწრო, რადგან მაგიდის ჩოგბურთში ჩინელები ჰყავდათ მოწვეული და შედეგები გაიუმჯობესეს. გულდასაწყვეტია, რომ ძალოსნობა და ფარიკაობა მინსკში არ იყო წარმოდგენილი, თორემ სამეულს ნამდვილად არ ჩამოვცდებოდით. ფარიკაობაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გვყავს. ეს ორი სახეობა რომ ყოფილიყო, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერებში ვიქნებოდით. ბევრი გულდასაწყვეტი მედალიც დავკარგეთ. გულდასაწყვეტი იყო, რომ ზაზა ნადირაძეს, რომელმაც სარეიტინგო გასვლაში საკმაოდ კარგი დრო აჩვენა, ფინალში, ასი მეტრის შემდეგ, გაუჭირდა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა – ნეკნი სტკიოდა და სამედიცინო შტაბმა ტკივილის გაყუჩება ვერ შეძლო. ამავე დროს, არ შეიძლება, მადლობა არ გადავუხადო სამედიცინო ბრიგადას, რომლებმაც, მწვრთნელებთან ერთად, მაქსიმუმი გააკეთეს, რომ ყველა სპორტსმენი ამ ტურნირს ფორმის პიკზე შეხვდა. გულდასაწყვეტია, რომ ჭიდაობაში ოქრო ვერ ავიღეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მოჭიდავეები ქართული სპორტის ლიდერები და მედროშეები იყვნენ და ყოველთვის გვახარებენ ოქროს მედლებით, მაგრამ ეს სპორტია და ზოგჯერ ასეც ხდება. ვერცხლი და ბრინჯაო ყოველმა მეორე სპორტსმენმა აიღო, ოქროს თავისი სიმძიმე აქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოჭიდავეები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გაახარებენ.

საბოლოო ჯამში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მინსკის ოლიმპიადა დიდი წარმატებით დავასრულეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, ჩვენ ოლიმპიურ დელეგაციას, ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს ყველა თანამშრომელსა და მთავრობას, რომელიც მხარში გვედგა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. 60 სპორტსმენიდან 30 მედლის მოპოვება ნიშნავს, რომ ეს ყოველმა მეორემ შეძლო. ავიღეთ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ბევრი ნაკლებს ვარაუდობდა. სხვათა შორის, ერთხელ წამომცდა, ნაკრების გაცილებაზე, რომ შეიძლებოდა 30-მდე მედალი აგვეღო. რატომ ვამბობდი ამას – ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი სპორტული შედეგის მომსწრენი ვართ და დარწმუნებული ვიყავი, მინსკის ოლიმპიადა იქნებოდა კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად სპორტული ქვეყანა ვართ, რამდენად კარგი სპორტსმენები გვყავს. ამასთან, მინსკის ევროპული თამაშები იყო კარგი რეპეტიცია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ 2020 წელს, ტოკიოში ძლიერი გუნდით ვიქნებით წარმოდგენილი.

– რადგან ჭიდაობა ახსენეთ, რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ჭიდაობის ფედერაციის მუშაობა 2018 წელს გაუარესებულად შეაფასა. ამასთან, დასკვნაში საუბარია ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხრიდან სოლიდური პრემიის აღებაზე. ვინაიდან სახელმწიფო ხარჯების კონტროლი თქვენი პრეროგატივაა, საინტერესოა, იღებს თუ არა გეგეშიძე პრემიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აფასებთ თუ არა მათ საქმიანობას  მართლაც გაუარესებულად?

– პრემიების საკითხს რაც შეეხება, ჭიდაობის ფედერაციამ და მათმა იურისტმა ძალიან კარგი პრესკონფერენცია გამართეს, როდესაც წარმოადგინეს უტყუარი მტკიცებულება, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომ 2017-2018 წლებში, ფედერაციის პრეზიდენტს არანაირი პრემია და ხელფასი არ აუღია. რაც შეეხება უშუალოდ პრემირების სისტემას, ეს ვინმეს კეთილგანწყობაზე არ არის დამოკიდებული. არსებობს მთავრობის განკარგულება, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯაროა და ინტერნეტითაც ხელმისაწვდომია, თუ რა რაოდენობის პრემია გაიცემა გარკვეული სპორტული შედეგის მიღწევის შემდეგ სპორტსმენებზე, მათ პირად მწვრთნელებზე, ნაკრების მთავარ მწვრთნელებზე. ფედერაციებს ერთიანი თანხა არ ერიცხებათ და ამ პრემიების განაწილება, მწვრთნელებსა თუ სპორტსმენებზე, მათი კეთილი ნებიდან გამომდინარე ან სურვილის მიხედვით არ ხდება. როგორც მოგახსენეთ, ეს ინდივიდუალურად და მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე ხდება. პირობითად, თუ რომელიმე წონითი კატეგორიის სპორტსმენი ჩემპიონი გახდება, ფინანსთა სამინისტროდან მას პირდაპირ ერიცხება პრემია, ასევე, მის პირად მწვრთნელს და ნაკრების მთავარ მწვრთნელს. რაც შეეხება ფედერაციას, იმავე განკარგულებით, მას ერიცხება სპორტის კონკრეტულ სახეობაში მიღწეული შედეგების ჯამური თანხის 10%. მოგეხსენებათ, ფედერაცია დიდი ორგანიზაციაა, რომელიც ამ სპორტსმენებისთვის ხელის შეწყობას ცდილობს, რათა მათ წარმატებას მიაღწიონ. ფედერაციის საქმიანობიდან გამომდინარე, მათაც აქვთ თავიანთი საჭიროებები, გასავალი, ინვენტარი, წვრილმანი ხარჯები და ა.შ., რომელიც ფედერაციამ უნდა გადაიხადოს. ამიტომ გადაეცემათ მათ ეს წამახალისებელი თანხა. სახელმწიფოს არანაირი მითითება არ აქვს, კონტროლი გაუწიოს ფედერაციის მიერ გამომუშავებულ თანხას და არც გარკვეული კრიტერიუმებია, როგორ უნდა დახარჯოს. ფედერაცია ცოცხალი ორგანიზმია, მას ჰყავს აღმასკომი, გამგეობა, ხელმძღვანელი, ვიცე-პრეზიდენტები, რომლებიც ამ თანხას თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგავენ. ამიტომ, ვფიქრობ, პრემიების ნაწილში ყველაზე ნაკლები კითხვაა. ვიმეორებ, ეს თანხა (10%) მიდის ფედერაციაში და ოჯახი წყვეტს, როგორ დახარჯოს. ის, რომ ამ ფედერაციის პრეზიდენტს არ აქვს არანაირი თანხა აღებული, კარგად გამოჩნდა, როდესაც ფედერაციის იურისტმა საჯაროდ წარადგინა ამის ყველანაირი მტკიცებულება.

– დასკვნაში საუბარია იმაზეც, რომ მთავრობამ 2018 წელს ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობა გაუარესებულად შეაფასა, თუმცა, გვახსოვს, რომ სპორტის სამინისტრომ ეს ფედერაცია გასულ წელს საუკეთესოდ დაასახელა. როგორ აფასებთ მათ საქმიანობას?

– ამაზე, მგონი კითხვა არც ჩნდება. თავიდანვე ვახსენე, ისინი ქართული სპორტის მედროშეები არიან. საქართველოს ისტორიაში, მაღალი მიღწევების კუთხით, ჭიდაობა ყოველთვის იდგა სპორტული შედეგების სათავეში. ამდენი მსოფლიო, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი, ერთად აღებული, სპორტის არც ერთ სხვა სახეობას არ ჰყავს. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე პრესტიჟულ წონაში გყავს მსოფლიო ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი, გუნდში გვყავს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ა.შ. ყველაზე კარგი კიდევ ისაა, რომ ძალიან ძლიერი ახალი თაობა მოდის. დარწმუნებული ვარ, შემდეგ წლებში, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს ისინი ღირსეულად ჩაანაცვლებენ. თავის მხრივ, როდესაც ასაკი მოვა, ამჟამინდელი სპორტსმენები სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლებენ. რეალურად, დასაკარგი არავინ გვყავს.

– აუცილებლად უნდა შევეხოთ ძიუდოს თემას. წელიწადზე მეტია, რაც სპორტის ამ სახეობის ირგვლივ უსიამოვნო ამბების კასკადი არ წყდება. ვნახეთ ბევრი კონფლიქტი, გუნდის გაყოფა და დიდი შერიგება. მინსკის ევროპულ თამაშებზეც ორი ინციდენტი მოხდა – თვითმფრინავსა და ოლიმპიურ სოფელში, სადაც ადგილობრივი პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი, ძიუდოსგან კი მედლებს ველოდებით. ჩართული ხართ ამ პროცესებში? როგორ ფიქრობთ, მოხერხდება არსებული ვითარების დარეგულირება?

– თავდაპირველი ინციდენტი აღმოფხვრილია და აღარ არსებობს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს – სპორტსმენებს, პირველ რიგში, რომ ერთმანეთს ხელი გაუწოდეს და დღეს ძმებივით არიან. ერთიანობას უმაღლესი დონის შედეგებამდე მივყავართ. სწორედ ერთიანობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენმა ძიუდოისტებმა მინსკში უნიკალური შედეგი დადეს – ორი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოს მედლები. მედლების რაოდენობით, ამ ოლიმპიადაზე პირველ ადგილზე გავიდნენ. ვფიქრობ, ეს მათი ვაჟკაცობის და განწყობის დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, ის შედეგი, რაც ვნახეთ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც განმეორდება.

რაც შეეხება ინციდენტებს, ალკოჰოლის ზედმეტი დოზა მიიღეს. პატარა ინციდენტი იყო, რეალურად, ოლიმპიურ სოფელში, დიდი არაფერი მომხდარა. მცირე შელაპარაკება იყო სპორტსმენსა და მწვრთნელს შორის, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი ფედერაციასთან. ისინი აპირებენ, რომ აღმასკომი მოიწვიონ და იმსჯელონ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მწვრთნელი თავად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს. ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომები მოგვდის. მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, ეს შედეგი და წარმატება, რასაც ჩვენთვის ასეთი სიხარული მოაქვს, უდიდესი შრომისა და ნერვების ფასად მიიღწევა. ჩვენი სპორტსმენები და მწვრთნელები დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებიან, თვეების განმავლობაში, მოწყვეტილები არიან ოჯახებს და კოლოსალურ ფიზიკურ დატვირთვას იღებენ. ისინი არ სვამენ და შესაძლოა, ერთმა პატარა ბოთლმა ლუდმაც უცებ წყობიდან გამოიყვანოს. ეს არ არის ლამაზი და მისაღები, მაგრამ ხდება. ვფიქრობ, ესეც მალე დარეგულირდება. რაც მთავარია, ამ ინციდენტს გაგრძელება არ მოჰყოლია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– ძალიან მნიშვნელოვანი, ოლიმპიური ლიცენზიების წელი გვაქვს. ჯამში, რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო ჩვენი სპორტსმენების მომზადებისთვის?

– თუ ჩვენ ავიღებთ ამ ოთხწლიან ციკლს და წინა წლებს შევადარებთ, კარგად დავინახავთ დაფინანსების მზარდ დინამიკას. ხელმძღვანელი ვიყავი თუ რიგითი მუშაკი, ყოველთვის ვაპროტესტებდი ერთ რამეს – ოლიმპიურ წელს ნაკრებებს ჰქონდათ მაქსიმალური დაფინანსება, შემდეგ კი ეს 30-40 პროცენტით მცირდებოდა. პირობითად, თუ ფედერაციას ჰქონდა 10 ლარის ოდენობის ბიუჯეტი, ოლიმპიადის შემდეგ, პირველივე წელს, ეს თანხა 6 ლარამდე მცირდებოდა. ეუბნებოდნენ, ახლა ოლიმპიური წელი არ არის და ამდენი არ გჭირდებათ. სინამდვილეში, ოლიმპიადა იწყება მაშინ, როდესაც ის მთავრდება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, სამი წელი ქვემოთ ვიყოთ და ბოლო წელს ამოვქაჩოთ შედეგები. ეს არაა ის შემთხვევა, რომ კონკრეტულმა სპორტსმენმა, შესაძლოა, ერთ წელიწადში მიაღწიოს დიდ წარმატებას. სპორტს მუდმივად სჭირდება მხარდაჭერა და განვითარება. 2016 წლის შემდეგ პირველი ოთხწლიანი ციკლი იყო, როდესაც ძირითადი ფედერაციების ნაწილს, არათუ შეუმცირდათ, არამედ, 2017 წელს, ზოგიერთ მათგანს 30, 40 და 50 პროცენტითაც კი გაეზარდა დაფინანსება. 1%-იანი შემცირებაც კი არ ყოფილა. ძირითადი დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მოდის. რა თქმა უნდა, არც ამით ვართ კმაყოფილი და არ ვამბობთ, რომ ეს საკმარისია. 2020 წელს, ვფიქრობ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. მინდა, თქვენი მეშვეობით, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომელიც ძალიან ჩართულია, უყვარს სპორტი და არ არსებობს ღონისძიება და წარმატება, რომ პრემიერმა უყურადღებოდ დატოვოს, არ შეხვდეს სპორტსმენებს და მიულოცოს. დარწმუნებული ვარ, მთავრობისგან გვექნება დიდი მხარდაჭერა, რომ 2020 წელს კარგი ბიუჯეტი გვქონდეს, რათა ფედერაციებს მეტის საშუალება მივცეთ, ოლიმპიადისთვის კარგად მოემზადონ, მეტი შეკრება გაიარონ, ტურნირებზე წავიდნენ და ტოკიოში ღირსეულად, დიდი შემადგენლობით წარვსდგეთ. ოლიმპიური კომიტეტის ნაწილშიც იქნება ბიუჯეტის ზრდა, რომ ისინიც ჩაერთონ ოლიმპიური ნაკრებების მზადების კომპონენტში, მხარი დაუჭირონ ფედერაციებს. 2020 წლისთვის მზადების პროცესში, ეროვნულ ნაკრებებს არანაირი შეფერხება არ ექნებათ. შესაძლოა, თანხის ნაწილში, ჩვენ ვერ დავეწიოთ ეკონომიურად და ფინანსურად ძლიერ ქვეყნებს, როგორიც, თუნდაც, აზერბაიჯანია, თუმცა ის რესურსი, რაც სახელმწიფოსგან გამოიყოფა, შესაბამისად დაიხარჯება. რატომ იყო 2017, 2018 და 2019 წლები წარმატებული? – იმიტომ, რომ ჩვენ კი არ დავაკელით, არამედ გავუზარდეთ დაფინანსება ყველა ფედერაციას. ამან მოიტანა ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს.

– ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შეიცვლება საპრემიო თანხის ოდენობა, რასაც 2016 წელს ბევრი სპორტსმენი აპროტესტებდა?

– ფინანსური მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ვიმეორებ, მიღწეული სპორტული შედეგი იმის დამსახურებაც არის, რომ კარგი საპრემიო სისტემა გვაქვს. ყველა გამარჯვება გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერაში აისახება. რა თქმა უნდა, განკარგულება რომელიც ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მხარდაჭერასა და პრემირებას ითვალისწინებს, მოძველებულია. არის მზაობა მთავრობის მხრიდან, რომ ამ განკარგულების გადახედვა მოხდეს, ჩვენი სპორტსმენების ფინანსური კეთილდღეობის სასიკეთოდ. ვერ გეტყვით, რომ ხვალ იქნება ეს განკარგულება, მაგრამ მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მინისტრსა და შესაბამის უწყებებს ჩვენს წინადადებებს, რომ 2020 წლისთვის ჩვენი სპორტსმენებისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ.

– ამ მომენტისთვის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ერთი ლიცენზია გვაქვს. 7 კაცა მორაგბეთა ნაკრებმა ხელიდან გაუშვა ლიცენზიის მოპოვების შანსი. ჯამში, რამდენ ლიცენზიას ველოდებით?

– დევიზი – „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“, რომელიც ძალიან მიყვარს, გვინდა არა მხოლოდ შედეგების, არამედ ლიცენზიების კუთხითაც. ისტორიული იყო წინა ოლიმპიადა, ვინაიდან, იმდენი სპორტსმენი, რამდენიც რიოში იყო, არ ჰყოლია მანამდე საქართველოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ძიუდო და ჭიდაობა, ჩვენი ფლაგმანია საჭიდაო სახეობები და მათი იმედი ყოველთვის გვაქვს. იმედია, ოლიმპიურ წონებში ისინი ყველანი აიღებენ ლიცენზიებს. მაგრამ სპორტი ვითარდება, ახალ სახეობებზე გავდივართ და ამ სპორტსმენებმაც დიდი გამარჯვებები მოგვიტანეს. მე ველი 40-ზე მეტ ლიცენზიას. ჩემი ნატვრა იყო, ოლიმპიადაზე სათამაშო სპორტის სახეობა ყოფილიყო წარმოდგენილი. სამწუხაროა, რომ რაგბმა ეს შანსი დააკარგა. ალბათ, ჩვენი გარკვეული შეცდომაა ისიც, რომ უფრო ადრე, 2016 წლამდე არ გავაკეთეთ პროგრამა. ახლა ისინი კარგი მიმართულებით მიდიან და დარწმუნებული ვარ, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 7 კაცა რაგბი ითამაშებს. ასე სწრაფად, პროგრესირება რთულია. კარგი მდგომარეობაა საწყალოსნო სახეობებში. წყალბურთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ჩამოვიყვანეთ სერბი და იტალიელი წყალბურთელები და ამ კუთხითაც გავძლიერდით. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან და მათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, ერთ წელზე მეტია, საქართველოს ჩემპიონატზე გამოდიან და ნაკრების ლიდერები არიან. მათთან ერთად, ძალიან კარგი ქართველი ბიჭებიც არიან. 2020 წლის იანვარში, ისინი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. ვფიქრობ, იქ მე-9 ან მე-10 ადგილზე გავლენ და უკვე აპრილში, იქნება გადათამაშება იმ დარჩენილი გუნდებისთვის, რომლებმაც ევროპის ამ ჩემპიონატზე ლიცენზია ვერ მიიღეს. მჯერა, გადათამაშებაში ჩვენი გუნდი აუცილებლად მოიპოვებს ლიცენზიას. ტოკიოში, შესაძლოა, გვყავდეს კარატისტიც, რომელმაც მინსკში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. კარატე ოლიმპიურ სახეობებს ახლახანს დაემატა და იმედი მაქვს, ჩვენი კარატისტი მოიპოვებს ლიცენზიას. კრივში გვყავს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები და ლიცენზიებს მათგანაც ველოდებით, 3X3-ზე კალათბურთის ნაკრებსაც აქვს შანსი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ზაზა დოლიძემ პოსტი დატოვა. ვინ შეცვლის მას?

– ზაზა გადავიდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბში, „დინამო თბილისში“ და მას წარმატებას ვუსურვებ. სიმართლეს გეტყვით, ამ ეტაპზე, ვინ იქნება ახალი ხელმძღვანელი, არ ვიცი. ჯერ კიდევ კონსულტაციების რეჟიმში ვართ. ამ პერიოდში, დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.

  • 73
  •  
  •  
  •  
  •