მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს დატოვება აეკრძალათ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიებად, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აეკრძალათ.

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულ მათგანს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნა, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

  • 9
  •  
  •  
  •  
  •