ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპური მედლები წარმოადგინეს (ფოტო)

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ზუსტად ერთი წელი დარჩა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა XXXII ოლიმპიადამდე დარჩენილი ერთი წლის უკუთვლა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლების პრეზენტაციით აღინიშნეს.

იაპონიის მასშტაბით გამოცხადებული მედლების კონკურსის შედეგად 400-ზე მეტი ნამუშევარი შეგროვდა. მათ შორის საუკეთესოდ სცნეს იაპონიის დიზაინერთა ასოციაციის და ოსაკას დიზაინერთა საზოგადოების ხელმძღვანელის იუნიჩი კავანიშის დიზაინით შექმნილი მედლების კომპლექტი.

აღსანიშნავია, რომ ტოკიო-2020 მედლების პროექტის წყალობით, ოლიმპიურ მედლებთან თავისებური კავშირი აქვთ იაპონიის მოქალაქეებს. საქმე ის არის, რომ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის საჭირო 5 ათასი მედლის დასამზადებლად ქვეყნის მასშტაბით ძველი ელექტრო მოწყობილობების შესაგროვებლად ერთგვარი აქცია ჩაატარა.

ტექნიკის შემგროვებელ სპეციალიზირებულ ცენტრებში 2 წლის განმავლობაში იაპონელებმა დაახლოებით 78 985 ტონა ელექტრო მოწყობილობა, მათ შორის 6,21 მილიონი სმარტფონი ჩააბარეს. შედეგად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა სმარტფონების, პლანშეტების, კომპიუტერების, ციფრული კამერების და სხვა მოწყობილობების გადამუშავებით 30.3 კილოგრამი ოქრო, 4.1 ტონა ვერცხლი და 2,7 ტონა ბრინჯაო მიიღეს.

ტოკიო-2020-ის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს პროექტი ოლიმპიური მედლებით არ დასრულდება. ორგანიზატორები მოუწოდებენ ბიზნესმენებს, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველა იაპონელს, რომ კვლავაც გააგრძელონ ძველი ელექტრომოწყობილობების ჩაბარება, რათა იაპონიის მასშტაბით ჩასატარებული სხვა სპორტული ღონისძიებებისთვისაც დამზადდეს მედლები.

 

  • 12
  •  
  •  
  •  
  •