საქალაქო სასამართლომ, “რუსთავი 2″ის წილების დაყადაღებაზე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა.

ეს ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა. ოქრუაშვილის განმარტებით, მათ ახლა ორი არჩევანი აქვთ – გაასაჩივრონ განჩინება ან შეიტანონ სარჩელი და ხელახლა მოითხოვონ ყადაღა. მისივე თქმით, ის იურისტებთან გაივლის კონსულტაციას და გადაწყვეტილებას ოთხშაბათს საღამომდე მიიღებს.

“საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა “რუსთავი 2″-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს 19 ივლისს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-ის წილებზე, მესაკუთრედ ცნობაზე დავას სასამართლოში აპირებს.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •