სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმე სტრასბურგში სახელმწიფოს სრული მარცხით დასრულდა

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილისა საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სრული მარცხით დასრულდა.

“გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე, ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ევროს კომპენსაციის სახით გადახდა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ნოდარ გოგალაძის საქმეზეც, რომელზეც გადაწყვეტილება ასევე დღეს გამოქვეყნდა.

“მესამე საქმეზე, რომელიც 2008 წელს მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა, ასევე დასრულებულია სახელმწიფოს მარცხით და მომჩივნის სასარგებლოდ დადგინდა წამებისა და არაადამანიური მოპყრობის აკრძალვის მუხლის, მესამე მუხლის დარღვევა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, მათ შორის, 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილისა და 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის საქმეებზე.

ნოდარ გოგალაძის ​საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დაეკისრა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ განმცხადებელს, სამი თვის ვადაში, 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი უნდა გადაუხადოს, შესაძლო არამატერიალური ზიანისთვის.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •