TCR Europe-ს მეოთხე ეტაპი დათა ქაჯაიამ 20 ქულით დაასრულა

ქართველ მრბოლელს, ძლიერი წვიმის გამო, რედ ბულ რინგის ტრეკზე ინციდენტი შეემთხვა

დასრულდა TCR ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი. რბოლები ფორმულა 1-ის ცნობილ ავტოდრომზე, რედ-ბულ რინგზე, ავსტრიაში გაიმართა.

გასულ ეტაპებთან შედარებით, საკმაოდ შედეგიანი რაუნდი იყო ერთადერთი ქართველი მონაწილისთვის, დათა ქაჯაიასთვის, რომელმაც 20 ქულა მოიპოვა და ამით ერთგვარად დააკომპენსირა პირველი ორი ეტაპი, როცა ავტომობილის ტექნიკური პრობლემების გამო, ქართველი არც ისე სახარბიელო პოზიციებზე აღმოჩნდა.

რედბულრინგზე გასაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქაჯაიას კვალიფიკაციის შედეგები, სადაც მან მე- 4 საუკეთესო დრო აჩვენა მონაწილე 29 მანქანას შორის, რაც თავის კლასში, ანუ “ფოლკსვაგენ გრუპში” (სადაც შედის კუპრა (სეატი), აუდი და ფოლკსვაგენი) საუკეთესო შედეგი და ტრეკის რეკორდია. აღსანიშნავია ისიც, რომ პილოტი, ისევე როგორც მისი ესპანური გუნდი, პირველად იყო ამ ტრეკზე.

შაბათს, პირველ რბოლაზე, ქაჯაიამ დამაჯერებელი სტარტი აიღო და დაძაბულ რბოლაში მე-7-მ დააფინიშა.

მეორე რბოლა კვირას გაიმართა. რბოლის დაწყებისთანავე, მოულოდნელად შეიცვალა ამინდი და წვიმა წამოვიდა. მშრალი მომართვით და სლიკებით გამოსული მანქანები მზად არ აღმოჩნდნენ სველი პირობებისათვის, მითუმეტეს, რომ ტრეკი დიდი აღმართებით და მკვეთრი მოსახვევებით გამოირჩევა. შედეგად, ავტოდრომზე სრული ქაოსი შეიქმნა – იყო ბევრი კონტაქტი, ავარია და შეჯახება. სამწუხაროდ, ვერც ქართველი მრბოლელი გადაურჩა ინციდენტს და ფაქტობრივად მეოთხე პოზიციაზე დაწინაურებულს, ორ მანქანასთან მცირე კონტაქტი მოუვიდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მანქანის გამოუსწორებელი დაზიანებისათვის და ქაჯაია რბოლას გამოეთიშა.

სულ, მეორე რბოლა ვერ დაასრულა 8 პილოტმა, ჯარიმა მიიღო ხუთმა პილოტმა, მოხდა 7 ავარია.

ევროპის ტურინგის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მე-5 ეტაპი 2-3 აგვისტოს გერმანიაში, ოშერსლებენის ტრეკზე გაიმართება.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •