ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ეროვნულმა გუნდმა, საფრანგეთის ქალაქ კოლომიეში მიმდინარე შესარჩევი ტურნირის პირველ დღეს, სამიდან ერთი თამაში მოიგო, გატანილ-გაშვებული ქულებით მესამე ადგილოსნებს შორის რუსეთს აჯობა და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

ზაზა ლეჟავას გუნდმა პირველი შეხვედრა გერმანიასთან გამართა და 33:7 დამარცხდა. ინგლისთან, საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა. პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა დაცვასა და შეტევაში კარგად ითამაშეს, რაც ივანე ხელაიას ლელოთი დასრულდა, გარდასახვაც ზუსტი იყო. მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ბურთს კვლავ ქართველები ვაკონტროლებდით, მაგრამ, სინბინის გამო, გუნდი კაცნაკლული დარჩა და დასკვნით 3,5 წუთში მეტოქემ 4 ლელო გაიტანა – 7:24.

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 7-კაცამ, ფავორიტის სტატუსით, ლიეტუვასთან ჩაატარა და ამ სტატუსმა გაამართლა კიდეც. საქართველომ მეტოქეს 6 უპასუხო ლელო გაუტანა, 38:0 დაამარცხა, რითაც გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა და რუსეთის უკან მოტოვებით, მოწინავე რვეულში შევიდა.

თასის მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები იქნება. მატჩი, საქართველოს დროით, 13:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: რაგბის კავშირი

  • 9
  •  
  •  
  •  
  •