ფელის ვისენტე: მეტოქე იმედიანადაა და მათ ეს იმედი უნდა მოვუკლათ

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი, ფელის ვისენტე, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ იმედიანად არის და აცხადებს, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

ანდორულ „ენგორდანთან“ დაპირისპირების წინა დღეს, პრესკონფერენციაზე ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ყველა ფეხბურთელი მზადაა და პირველივე მატჩს ისეთი ანგარიშით დაასრულებს, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა ჰქონდეს.

“უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ გუნდის მოთამაშეები ძალიან იმედიანად და დადებითად არიან განწყობილი მომავალი მატჩისთვის და ყველაფერს გააკეთებენ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. რაც შეეხება მათ ჯანმრთელობას, ყველა შესანიშნავად არის. მეტოქეს პატივს ვცემთ. ვეცდებით, გოლი არ გაგვივიდეს კარში და რასკვირველია, საპასუხო მატჩშიც, ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვითამაშებთ. ჩვენი ამოცანა ხვალინდელი მატჩია. „ენგორდანი“ აქ იმედებით ჩამოდის და ეს იმედები უნდა მოვუკლათ“, – განაცხადა ფელის ვისენტემ.

ოპტიმისტურად არის განწყობილი პირველი საკვალიფიკაციო მატჩისთვის „დინამოელთა“ ვიცე-კაპიტანი, ლევან შენგელიაც, რომელიც ამბობს, რომ მათი მიზანი კარის მშრალად შენახვა იქნება, მაგრამ თუკი გოლს გაუშვებენ, ეს არ ნიშნავს, რომ საპასუხოდ უფრო მეტს არ გაიტანენ.

„პირველ თამაშში, ვეცდებით, რომ რაც შეიძლება ნაკლები გოლი გავუშვათ, თუმცა, თამაშის სიტუაციიდან გამომდინარე, თუკი ბურთს გავუშვებთ, არ ნიშნავს, რომ საპირისპიროდ უფრო მეტს არ გავიტნთ. ვეცდებით, ორივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგოთ“, – განაცხადა ლევან შენგელიამ.

„ენგორდანის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მათთვის პატივია ისეთ დიდ გუნდთან თამაში, როგორიც „დინამოა“, თუმცა ისინი მაინც ეცდებიან საკუთარი შანსის გამოყენებას და თბილისიდან ისეთი ანგარიშის წაღებას, რაც განმეორებით დაპირისპირებაში მათ შანსებს არ შეამცირებს. ამასთან, ანდორელი სპეციალისტის თქმით, ის არ აპირებს 90 წუთი დაცვაში თამაშს, რადგან ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

„დინამო თბილისსა“ და „ენგორდანს“ შორის დაპირისპირება, ხვალ, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

  • 38
  •  
  •  
  •  
  •