TCR Europe: დათა ქაჯაია პოდიუმზე ასასვლელად ემზადება

ძარიანი ავტომობილების პრესტიჟული ტურნირის, TCR Europe-ს მეოთხე ეტაპს, 13-14 ივლისს ავსტრიის რედ-ბულ -რინგის ტრეკი უმასპინძლებს.

მესამე ეტაპზე მომხდარი ინციდენტისა და უიღბლობის შემდეგ, ქართველი მრბოლელის, დათა ქაჯაიას გუნდი და მანქანა მწყობრშია და სპორტსმენი პოდიუმზე ასასვლელად ემზადება.

“ქართული სპორტული მიღწევებით საკმაოდ გადატვირთული ზაფხული გვაქვს! ტრადიციული და ოდითგანვე პოპულარული სახეობების გვერდით არანაკლებ წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენები წარმოადგენენ  საქართველოს ჩვენთან შედარებით ახლად ფეხადგმულ სახეობაში – ავტოსპორტში. ერთ-ერთი მათგანია ტიტულოვანი მრბოლელი დათა ქაჯაია, რომელიც წელს ევროპის ჩემპიონატზე, ძარიანი ავტომობილების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე TCR Europe-ზე იცავს ქვეყნის ღირსებას.

დათა ქაჯაია ოთხი გზის ევროპის ჩემპიონია, ქართული ავტორბოლის სხვადასხვა კლასის გამარჯვებული და ევროპის მაშტაბით ერთ-ერთი ცნობილი მრბოლელია. მან ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველმა ისაპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე და ეტაპების გამარჯვებულიც გახდა. მის სახელს უკავშირდება 2017 წელს რუსთავის ავტოდრომზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალის მასპინძლობაც. სწორედ ეს დღე გახდა სამახსოვრო ქართული ავტოსპორტის ქომაგებისთვის – როცა მშობლიურ ავტოდრომზე მსოფლიო ავტოსპორტის ვარსკვლავებს შორის ქაჯაიამ პირველობა არ დაუთმო მომხდურებს და გულშემატკივარს ემოციური სანახაობა შესთავაზა.

წელს ევროპის ჩემპიონატი არნახული ხალხმრავლობით გამოირჩევა – მასში რეკორდული რაოდენობის მრბოლელი ასპარეზობს, ნაცვლად ჩვეული 20-22-ისა, ავტოდრომზე ერთმანეთს 36 მანქანა ერკინება. დათა ჩვენს ღირსებას CUPRAS (იგივე SEAT)-ის მარკის ავტომობილით იცავს, ეპანურ გუნდთან და შსს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბთან „მია ფორსთან“ ერთად.

მოგეხსენებათ სხვა სახეობებთან შედარებით საკმაოდ სპეციფიურია ავტოსპორტი და შეიძლება ითქვას, გრანდიოზულ ბიუჯეტს საჭიროებს როგორც სპორტსმენის მომზადება, ისე ტურნირებში მონაწილეობა. ეს სპორტი პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ცოცხლობს სპონსორის გარეშე. სწორედ ამ ფინანსური საკითხიდან გამომდინარე ქართული მხარის მიერ საკმაოდ გვიან მოხერხდა განაცხადის შეტანა, ქართველ მრბოლელს კი წინასასეზონო ტესტების გამოტოვება მოუწია. ეს ტესტები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მანქანის სწორი მომართვის, პილოტის მასთან შეგუების კუთხით, არამედ ეტაპების მასპინძელი ტრასების გაცნობის თვალსაზრისითაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რომელიც უნგრეთში ჩატარდა, ერთგვარი ტესტის ფუნქციის მატარებელი იყო დათასთვის, რომელიც მისთვის აბსოლიტურად უცხო მანქანას მიუჯდა.   საკვალიფიკაციო გარბენს მხოლოდ რეგლამენტით გათვალისწინებული 20 წუთიანი ვარჯიში უძღოდა წინ. დათამ პირველი რბოლა 24-ე ადგილიდან მე-17 ზე დაასრულა, ხოლო მეორე რბოლა 24-ე ადგილიდან მე10-ზე. შესაბამისად იგი ქულათა ბადეში მოხვდა 11 ქულით.

მეორე ეტაპი გერმანიაში ჰოკენჰეიმის ტრეკზე გაიმართა. კვალიფიკაციასა და პირველი რბოლაზე სასურველი შედეგის კვლავაც ვერ მიღწევის შემდეგ დეტალური ანალიზი ჩაუტარდა დათას ავტომობილს (აღნსანიშნავია, რომ მონაწილე მანქანებიდან მხოლოდ დათას მანქანაა გასული სეზონის, ყველა სხვა ბოლოდი 2019 წლის მოდელია). დათვალიერებამ აჩვენა ძრავის დაზიანება, უფრო სწორად მისი ნაკლული სიმძლავრე, რიც გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეცვალა ძრავი მეორე რბოლის წინ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის რეგლამენტით ძრავის შეცვლა იწვევს ჯარიმას – პილოტი სასტარტო ხაზზე ბოლო პოზიციაზე დგება.  მეორე რბოლა დათამ 33 პოზიციიდან დაიწყო და  24-ზე დააფინიშა; პირველი რბოლა კი 28-დან მე-17-ზე.  შედეგები არც ისე სახარბიელოდ ჟღერს, თუმცა მანქანა ბევრად უფრო კონკურენტული გახდა, იყო ბევრი სანახაობრივი გასწრება.  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პირველი 15 მანქანა 1 წამის ინტერვალში ჯდება, ანუ ერთმანეთთან ძალიან მიახლოებულია მანქანების სიჩქარე და თითქმის თანაბარია კონკურენცია.

ევროპის ჩემპიონატის მესამე ეტაპი ლეგენდარულ ბელგიური ავტოდრომზე – სპა ფრანკორშამპზე გაიმართა, ეს ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში ტრეკია. დათა ქაჯაიამ გამოსწორებული ტექნიკური ხარვეზის საფუძველზე მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია – პირველი რბოლა მე-10-დან მე-6 პოზიციაზე დაასრულა და 21 ქულა მიიღო. თუმცა ჩვენი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან წინ თურმე  დიდი უიღბლობა გველოდა: კვალიფიკაციის შედეგებით დათა მეორე რბოლას სტარტის ხაზის მე-2 პოზიციიდან იწყებდა, მას წინ მხოლოდ ძველი თანაგუნდელი სერბი ბორკოვიჩი ჰყავდა, რომელთან წარმატებული ორთაბრძოლის არა-ერთი მაგალითი გვახსოვს გასულ სეზონებზე. სამწუხაროდ ქაჯაიას მანქანის დაძვრისას არასწორად აუმუშავდა პიტლიმიტერი (ე.წ. პიტლეინის სიჩქარის შემზღუდველი) და მანქანა ფაქტიურად სტარტის ხაზზევე გაჩერდა _ დათა რბოლას გამოეთიშა. ქაჯაიას ხელიდან დაუსხლტა პოდიუმზე მოხვედრის ძალიან რეალური შანსი.

ჩემპიონატი სულ 7 ეტაპისგან შედგება, მეოთხე ეტაპს 13-14 ივლისს ავსტრია მასპინძლობს, ასევე ცნობილ რედ-ბულ-რინგის ტრეკზე. ქართველი მრბოლელი იმედიანად არის განწყობილი, რადგან ავტომობილი უკვე სათანადოდ არის მომართული, გასული ეტაპის იუღბლობა კი მის მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს”.

  • 315
  •  
  •  
  •  
  •