“ლიპოს” ოლიმპიური დღიური

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა ყველა ტიტულსა თუ მედალზე მნიშვნელოვანია

რა უნდა იყოს იმაზე დიდი გულისტკივილი სპორტსმენისთვის, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული კარიერაში, გარდა ორი – მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისა.

ვარლამ ლიპარტელიანი ქართულ სპორტში და მსოფლიო ძიუდოს ისტორიისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, თუმცა თავის კიმონოზე ამ დრომდე წითლად და ოქროსფრად მისი გვარი არ წაუწერიათ.

ის ახლა 31 წლისაა და წინ უმნიშვნელოვანესი მსოფლიოს ჩემპიონატი ელის, მომავალ წელს კი ოლიმპიური თამაშები. შესაძლოა ეს დამთხვევაა, მაგრამ იაპონია და მისი დედაქალაქი ვარლამ ლიპარტელიანისთვის შესაძლოა აღთქმული მიწა აღმოჩნდეს და სწორედ ტოკიოში მოიპოვოს ის ორი საოცნებო ტიტული, რაც მის შთამბეჭდავ კარიერას უდაოდ დაამშვენებდა.

სანამ ტოკიომდე მივა, მინკის ევროპული თამაშები აქვს ჩასატარებელი, სადაც ევროპის ჩემპიონატის მედალსაც გაითამაშებს. „ლიპო“ წონის ფავორიტია და ის მეორე ევროპული თამაშებისა და ევროპირველობის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

იქნება თუ არა ბოლო მისთვის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა, ამას „ოლიმპიური დღიურებიდან“ შეიტყობთ, რომლის სტუმარიც, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანია. მასთან ინტერვიუ მინსკში გამგზავრებამდე  რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა.

მაგდა კლდიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– ზუსტად ერთი წლის წინ, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების დიდი ნაწილი ქუჩაში იყო გამოსული და საპროტესტო აქციებს მართავდა. რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ?

ძალიან მძიმე პერიოდი იყო ერთი წლის წინ, დაგეთანხმებით. იქიდან გამომდინარე, რომ ნაკრებში არაჯანსაღი სიტუაცია იყო და ვერ ხერხდებოდა მიზანმიმართული წვრთნები და ა.შ. რაზეც ვსაუბრობდით, ყველამ იცის. დღეს, ვფიქრობ, მიდგომები შეცვლილია. მეტი ყურადღებაა გუნდზე და იმ ელემენტარუ პრობლემაზე, რომ გუნდს შეკრებაზე უნდა წასვლა და ისეთ პირობებში მომზადება, რომ კონკურენცია გაუწიოს თუნდაც იაპონიის, რუსეთის, საფრანგეთის ნაკრებებს. უკეთესი პირობები გვაქვს. მაშინ თუ პირდაპირ უარს ვიღებდით, დღეს ცდილობენ, რომ პირიქით, დაგვეხმარონ, ხელი შეგვიწყონ, გავემგზავროთ ისეთ შეკრებებზე, სადაც ყველა სპორტსმენი სწავლობს და იზრდება პროფესიულად.

ხელმძღვანელობა დიდწილად არ შეცვლილა. ცვლილებები მხოლოდ სამწვრთნელო შტაბს შეეხო. პირობების გაუმჯობესება მწვრთნელების მოთხოვნა იყო თუ ფედერაციამ გაიაზრა მომხდარი?

ეს ისედაც გააზრებული ექნებოდათ. თუ გადავხედავთ დღევანდელ მდგომარეობას, ძირითადი ბირთვი არ შეცვლილა, რამდენი პირველი ნომერია რეიტინგის ნაკრებში და რა დონეზე ასპარეზობს ეს გუნდი. ვფიქრობ, ამ შემადგენლობის 90% მიიღებს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას, რადგან, როგორც აღვნიშნე, მსოფლიო კვალიფიკაციაში სწორედ ისინი იკავებენ პირველ-მეორე ადგილებს და აქცენტი ამ გუნდზე გაკეთდება. მომავალი თაობა, რა თქმა უნდა, მაგარია და თაობათა ცვლა უნდა მოხდეს, მაგრამ ოლიმპიადამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ამხელა ცვლილება მოხდეს და 50% შეიცვალოს შემადგენლობის. ამის ძალიან მეეჭვება.

– წარმატებას რაც განაპირობებს სპორტში, ინდივიდუალურია თუ გუნდური სპორტის სახეობა, არის ერთსულოვნება და გუნდურობა. სამწუხარო, რაც იმ პროცესებს ან ახლდა, გუნდის დაქსაქსულობა იყო, შემდეგ კი დიდი შერიგებაც ვიხილეთ. როგორც ნაკრების კაპიტანი, შეგიძლია დაარწმუნო საზოგადოება, რომ დღეს ეროვნულ გუნდში აბსოლუტურად ჯანსაღი გარემოა?

სიმართლე გითხრათ, განხეთქილება, თავიდანაც არ იყო ბიჭებს შორის. ერთსულოვნები ვიყავით ყოველთვის. შემდეგ მოხდა გაუგებრობები. ერთად ვერ ვიყავით რაღაც პერიოდი ნაკრების წევრები. როგორც ხდება, ამან ეს თქვა, იმან ის თქვა და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი, თორემ ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა არასდროს ყოფილა, ყველასი ერთი იყო. გვინდოდა, უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო და არსებული ვითარება შეცვლილიყო. ეს იყო უბრალოდ გაუგებრობა, რომელიც ჩვენი მონდომებით დალაგდა. მოხდა შერიგება, თუმცა, ვფიქრობ, სპორტსმენებს შერიგებაც არ გვჭირდებოდა. პირველივე შეხვედრისთანავე გავერკვიეთ ერთმანეთში. ოჯახის წევრებს შორის ხდება გაუგებრობა და ისეთი სასწაული არ მომხდარა ჩვენსა და სხვა დანარჩენ ძიუდოისტებს შორის, რომ სამუდამოდ დაგვეკარგა ერთმანეთი. რაც ჩემთვის ყველაფერზე, ყველა ტიტულსა თუ მედალზე მნიშვნელოვანია, არის ადამიანებთან ურთიერთობა. მითუმეტეს, იმ ადამიანებთან, ვისთანაც ცხოვრების ნახევარზე მეტი მაქვს გატარებული. ასე რომ, დღეს ნორმალური სიტუაციაა, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ,  ერთმანეთის წარმატება გვიხარია, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი გუნდის წევრი და ამ ქვეყნის შვილია.

-კორეა-იაპონიაში გაიარეთ შეკრება. ეს მსოფლიოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესის ნაწილია. დაიწყეთ უკვე მზადება 2020 წლისთვის?

– ვფიქრობ, უკვე დაწყებულია, რადგან ძალიან მოკლე დრო რჩება ოლიმპიურ თამაშებამდე. ფაქტიურად, ერთი მსოფლიო ჩემპიონატია, ახლა ევროპის თამაშები და მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც შეიძლება ბევრმა გამოტოვოს კიდევაც, იმიტომ, რომ უკვე ოლიმპიადა იქნება. აქცენტი, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებზეა გაკეთებული, მაგრამ წელს, ძირითადი შეჯიბრი მაინც ევროპის თამაშებია მინსკში და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი. მითუმეტეს, წელს მსოფლიო იაპონიაში გვაქვს და წინასარეპეტიციო შეჯიბრი დავარქვით, რადგან ზუსტად იმ დარბაზში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

– ხშირად გიწევთ იაპონიაში გამგზავრება. როგორ ემზადება ეს ქვეყანა ოლიმპიური თამაშებისთვის?

– რაც შეეხება სამზადისს, აჭრელებულია რეკლამებით ყველაფერი და ემზადება ტოკიო ოლიმპიური თამაშებისთვის. მათთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას აქცევენ. თავად ტოკიოც, სპორტული ქალაქია და იაპონელებიც  – სპორტული ერი. ვფიქრობ, ძალიან მაგარ ოლიმპიადას ჩაატარებენ. სუმოისტებსაც ვესაუბრე, გაგას და ლევანს და თვითონვე თქვეს, რომ ძალიან მაგარ ოლიმპიურ სოფელს აშენებენ, თითქმის ყველაფერი მზადაა. ყველა დარბაზი და თავადაც აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიადა ჩატარდება ტოკიოში, რადგან ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით იაპონია ძალიან წინაა წასული. გახსნაც, მომსახურებაც, ტაქსებიც კი ტოკიო 2020-ის დადის. ყველანაირად ეცდებიან, მთელს მსოფლიოს თავი დაამახსოვრონ ამ ოლიმპიადით.

– ევროპის თამაშებზე  2020 წლის ლიცენზიები არ თამაშდება. ამ თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის ტოკიოა. მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ძიუდოს სამშობლოში. ნაკრების გამორჩეულ წევრებს ბოლო პერიოდში აშკარა ჩავარდნა აქვთ, უფრო რთული ხომ არ იქნება თქვენთვის ტოკიოში ასპარეზობა?

– არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ძიუდოისტისთვის მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. მითუმეტეს, ოლიმპიადის წინა წელს, მსოფლიო ყოველთვის ათმაგად და ასმაგად უფრო დატვირთვულია. ყველა იღებს მონაწილეობას. იქიდან გამომდინარე, რომ ესეც იაპონიაში ტარდება, იქ აღებული მედალი სხვა ქვეყანაში აღებულ ოქროს მედალს წონის, რადგან ძიუდოს სამშობლოა. ბევრ სპორტსმენთან მისაუბრია ამ თემაზე და ყველა ამ აზრზეა, რომ იქ მოგებას სხვა ფასი და აღიარება აქვს. ყველა განსაკუთრებულად ემზადება, მოტივირებულები და მობილიზებულები არიან.

– გარკვეული მღელვარება არ ახლავს ამას?

– ჩემი აზრით, იაპონელებისთვის იქნება წნეხი, იმიტომ, რომ თავიანთ ქვეყანში ჭიდაობენ და ცოტა რთულია, ამხელა პასუხისმგებლობა შენი გულშემატკივრის წინაშე. ბევრ სპოტსმენს უწყდება ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიადის საგზური. ცოტა სხვა სისტემაა აქ და აქედან გამომდინარე, ჩასულებს უფრო უნდა გაგვიადვილდეს ტოკიოში ჭიდაობა. ჩემი აზრი ასეთია, ყოველშემთხვევაში.

– ძალიან ტიტულოვანი ძიუდოისტი ხართ, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძიუდოს ისტორიაში, თუმცა, ორი მთავარი ტიტული და მედალი აკლია თქვენს კარიერას. ორივე მათგანი ტოკიოში გათამაშდება. როგორც სპორტსმენისთვის, რამდენად მძიმეა გადასატანად ასეთი იმედგაცრუება?

– უფრო მაძლიერებს და მეტ მოტივაციას მაძლევს ეს. ე.ი. რაღაცას ვაკლებ და ისე ვერ ვაკეთებ, რომ მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. დღეს, მაქვს ყველაფერი, გამოცდილებაც, ასაკიც, წონასაც ბევრს არ ვიკლებ და რეალური შანსი მაქვს წელსაც და მომავალ წელსაც, ამდენი წლის ნანატრი ოქროს მედალი მოვუტანო ჩვენს გულშემტკივარსა და ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, როგორ მოვემზადები და როგორ მივალ შეჯიბრამდე. ყველაფერი მაინც უფლის ნებაა და ვნახოთ.

– ამბობენ, რომ გასულ წელს, ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შვილებმა ვერცხლის მედალი დაგაბარეს. წელს როგორი სურვილები აქვთ?

– კი, ასე იყო. ახლა იმ ასაკში არიან, რომ ოქროსა და ვერცხლს ანსხვავებენ და უკვე ოქრო შემიკვეთეს. ვერცხლი შევუსრულე. როდესაც ვეკითხებოდი, რა მედალი გინდათ-მთქი, ვერცხლიო, წამოიყვირა დემემ. შემდეგ დათის ვკითხე და ვერცხლიო. რატომ ვერცხლი, ოქრო სჯობს-მეთქი და არა, ვერცხლი უკეთესია, ჩვენ ვერცხლი გვინდაო და ვნახოთ, ოქროს შეკვეთას როგორ შევასრულებ (იცინის).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– მეუღლე და შვილები ხშირად დადიან თქვენს მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყანაში. რა ადგილი უკავიათ მათ თქვენს კარიერულ წარმატებაში?

– რა თქმა უნდა, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარში გედგას. როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში წასული ხარ და აქ არ ხარ, პირველ რიგში სიმშვიდეს უნდა გრძნობდე, რომ შენს ოჯახში ყველაფერი კარგადაა, შვილები კარგად არიან და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ეს. თუ შენ აქ არ ხარ და არ იცი, რა ხდება, როგორი სიტუაციაა, როგორ გაართმევენ თავს, სამი შვილი მყავს, გიულიც მუშაობს და რთულია. ამ მხრივ, დიდი ფუფუნება მაქვს, რომ 100%-ით გადართული ვარ საქმეში და ვიცი, რომ სახლში ყველაფერი კარგად იქნება. თვითონ პროცესს რაც შეეხება, გიული ყველანაირად ხელს მიწყობს, გვერდით მიდგას, მაგრამ იმ დონეზე არ არის ჩართული, რომ დეტალურად გამომკითხოს,  რომელ ტურნირზე წავალ და სად ვიჭიდავებ. რას ვაკეთებ, იცის. იცის, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვრ და ზუსტად გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. თუ ეს ასე არ არის, ნახევარი გულით გაკეთებული საქმე არ გამოდის. ამ კუთხით, ძალიან მიწყობენ ხელს და ბედნიერი ვარ, რომ ასეა.

– ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საინტერესო პუბლიკაცია მოგიძღვნათ და პირდაპირ დაგასახელათ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატად. ამხელა ფსონი აქამდეც გაკეთებულა თქვენზე თუ ახლა ძალიან თვალსაჩინოა, ფორმის პიკზე რომ ხართ?

– თვითონ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის თანაშრომლები, პრესა იქნება თუ სხვა წარმომადგენელი, ძალიან მგულშემატკივრობენ. თითქმის, ერთად ვიზრდებით. 2007 წლიდან ნაკრებში ვარ და აქტიურად ვიღებ ტურნირებში მონაწილეობას, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე. ძალიან მგულშემატკივრობენ და ურთიერთსაუბრებშიც ამბობენ, რომ აი, წელს უნდა მოიგო. წელს შენ გეკუთვნის, ეს და მომავალი წლები მართლაც ძალიან განსაკუთრებულია. ისეთ ასაკში ვარ, თავის დანებებას არ ვაპირებ, მაგრამ 31 წელი ისეთი ასაკია, განვითარებით შეიძლება წინ ვერ წახვიდე, მარგამ ფორმა შეინარჩუნო. აქედან გამომდინარე, ყველანაირად ვეცდები, მათი პროგნოზი გავამართლო.

– რადგან ასაკი და თავის დანებება ახსენეთ, როგორი იქნებოდა კარიერის პიკი თქვენთვის?

– სიმართლე გითხრათ, ჯერ თავის დანებებაზე არ მიფიქრია, თუნდაც გულშემატკივრებისა და ოჯახის წევრებიდან, იმ ადამიანებიდან გამომდინარე, ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, ყველა იმდენად ბედნიერია, რომ მე რაღაც წარმატებას ვაღწევ სპროტში და ამ საქმით ვარ დაკავებული, მართლაც ღალატის ტოლფასი იქნება ჩემი მხრიდან, რომ გავხდე მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი და ვთქვა, აღარ მინდა. თუ მომცემს ორგანიზმი ამის საშუალებას, არ მექნება ტრავმები, მაქსიმალურად ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო ამ სპორტში. ამდენი წელია ვწვალობ, ვშრომობ, ყოველწლიურად შეკრებები, შეჯიბრები, იმის გამო, რომ ერთი ან ორი წლით ადრე დავანებო თავი და ვთქვა, დავიღალე, არ იქნება სწორი ჩემი ხმრიდან. ვეცდები, მივიდე ბოლომდე და სანამ შევძლებ, ვიასპარეზო მაღალ დონეზე.

– თუმცა ყველა სპორტსმენისა თუ მწვრთნელისთვის იდეალურია,როდესაც ტრიუმფით მიდიხარ.

– კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ გაქვს იმის საშუალება, კიდევ ერთხელ გააკეთო ეს, კიდევ ერთხელ მოუტანო შენს ქვეყანას მსოფლიოსა თუ ევროპაზე წარმატება, თავი არ უნდა დაზოგო, უნდა ამოწურო შენი რესურსი.

– რა იყო ის, რაც დაგაკლდათ მსოფლიო ჩემპიონატებსა თუ რიოს ოლიმპიადის ფინალში?

– საერთო ჯამში, შეხვედრას რომ ვუყუროთ, ისეთი განსაკუთრებული არაფერი, არც გამძლეობა, არც ფიზიკური ძალა. შეიძლება ითქვას, რომ ვერაფრით მჯობნიდა მეტოქე, თუ არ ვიტყვით, რომ საერთოდ არაფრით მჯობნიდა. იყო ტაქტიკური შეცდომა, არასწორად გადადგმული ნაბიჯი და გაშვებული გდება. სპორტი ასეა, ასე ფასდება. დღეს რომ ანალიზს ვუკეთებ, შეიძლება უფრო თამამად მეჭიდავა და მეტი აგრესია მქონოდა. ეს უკვე მერე, როდესაც მთავრდება. იმ მომენტში, მეც და მწვრთნელებიც ვფიქრობდით, რომ  როგორც უნდა მეჭიდავა, ისე ვჭიდაობდი. დავუშვი ტაქტიკური შეცდომა და ამან მოიტანა მარცხი. სხვა ფინალებსაც რომ გადავხედოთ მსოფლიო ჩემპიონატების, ყოველთვის თანაბარი ძალების მეტოქე მყავდა, მაგრამ ალბათ, მათ უფრო მეტად უნდოდათ მოგება და მოიგეს. რომ გითხრათ, რომ ვინმემ ერთი თავით მაჯობა ან დამჩაგრა, ასეთი რამ არ ყოფილა. ემოციურად, უფრო მეტად ვიყავი დატვირთვული. დღეს ვფიქრობმ, რომ უკვე მასე არ ვფიქრობ და გამოცდილებაც ბევრი დამიგროვდა. ისეთ ასაკში ვარ, მეტად ვაანაზილებ ყველაფერს.

– მომწიფდა თქვენს  კარიერაში ის დრო, რომ 2020 წელს ტოკიოში ოლიმპიური მედალი აიღოთ?

– შინაგანად ყოველთვის მზად ვიყავი, მაგრამ რიოს მარცხის შემდეგ, უფრო მეტი მოტივაცია გამიჩნდა, ტოკიოში გამეკეთებინა ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ იქ წარმატებისთვის რომ მიმეღია, ჩემპიონი გავმხდარიყავი, თავს დავანებებდი, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ასეთი შემართებით გავაგრძელებდი. ბოლო მომენტში, რაღაც რომ აღარ შეგიძლია და მაინც აკეთებ, ის მოტივაცია აღარ მქონოდა. მაგრამ იმ მარცხმა უფრო გამზარდა, რადგან იქვე გამიჩნდა მოტივაცია, ტოკიოში გამომესწორებინა აქ დაშვებული შეცდომა. ვნახოთ, რამდენად შევძლებ ამას. მთავარია, აქამდე მოვედი და ვფიქრობ, ტოკიომდეც აუცილებლად მივალ მაღალ დონეზე.

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

  • 783
  •  
  •  
  •  
  •