შსს: ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული, იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ.
“როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობას, ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და სამართალდამცველთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული, იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას”,- ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს სპეცრაზმი რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ამ დრომდე რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით არბევს.
  • 153
  •  
  •  
  •  
  •