სახალხო დამცველი შსს-ს არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს

ნინო ლომჯარია: "თავის არეში რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლა  გარკვეულ შემთხვევებში მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე"

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, თავის არეში რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლა  გარკვეულ შემთხვევებში მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. ნინო ლომჯარიას თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის ძალით დაშლამდე ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე. მისივე განცხადებით,  პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუცია.

ლომჯარიას განცხადებით,  ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები იკვეთება დაკავებულებისგან მიღებული განმარტებებით და საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალებით.

ნინო ლომჯარიას თქმით, ცალკე შეფასების საგანია მოვლენების გასაშუქებლად ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულთა საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს დაჩქარებულად და დაკავებულებს არ ეძლევათ ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიებით სარგებლობა როგორიცაა, მტკიცებულებების წარდგენა, ეფექტური დაცვის უფლება და საქმის გონივრულ ვადებში განხილვა.

ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე, დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე და დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების გარშემო.

ლომჯარია მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოსაც, აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად.

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, სრულად ანაზღაურდეს აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობის ხარჯი.

 

  • 23
  •  
  •  
  •  
  •