აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

დონალდ ტრამპი გეგმავს, აშშ-ის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდეს

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, მხარდამჭერებთან გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადით ასარჩევად, საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს.

“დღეს აქ ვდგავარ თქვენს წინაშე, რათა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ასარჩევად კამპანიას ვიწყებ. გპირდებით, რომ არასოდეს გიღალატებთ”, – მიმართა ტრამპმა ამომრჩევლებს და მათ მხარდაჭრისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი სცენაზე მელანიასთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოხარულია იმის გამო, რომ პირველი ლედის სტატუსს კიდევ 6 წელი შეინარჩუნებს.

მიტინგზე სიტყვით ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი და თეთრი სახლის უკვე გადამდგარი პრეს-მდივანი, სარა სანდერსიც გამოვიდნენ.

20 ათას კაციანი სტადიონი, სადაც ტრამპი მხარდამჭერებს შეხვდა, წვიმის მიუხედავად, წითელკეპიანი რესპუბლიკელებით იყო სავსე.

თავისი გამოსვლისას, რომელიც, დაახლოებით, 80 წუთს გაგრძელდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, 2016 წლის გზავნილები გაიმეორა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ აშშ-ის საემიგრაციო სამსახური მალე მილიონობით არალეგალს ქვეყნიდან გააძევებს. “ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს კანონმორჩილი ადამიანების თავშესაფარი და არა დამნაშავე ელემენტების”, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა დემოკრატები, რომლებიც არალეგალური მიგრაციის მხარდაჭრაში და “ქვეყნის გახლეჩასა და განადგურების მცდელობაში” დაადანაშაულა. მან თავის მოწინააღმდეგეებს “რადიკალური მემარცხენე ბანდა” უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, აშშ-ში სოციალიზმის დამყარებას ლამობენ.

მხარდამჭერებთან შეხვედრის პარალელურად, ორლანდოში ტრამპის მოწინააღმდეგეთა კონტრაქციაც გაიმართა.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად ჩამორჩება დემოკრატ-პოლიტიკოსებს.

ფლორიდა კი მნიშვნელოვანი შტატია 2020 წლის ფედერალური არჩევნებისთვის. წინა არჩევნებზე, 2016 წელს, ტრამპმა აქ მხოლოდ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა.

ფოტოები: REUTERS, GETTY IMAGES.

 

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •