ოლიმპიური დღიურები – მოჭიდავეები ტრიუმფისთვის ემზადებიან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან.

ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. იანტბელიძის გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი სისწრაფესა და გამძლეობაზე კეთდება.

როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა და როგორ ემზადებიან ქართველი მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთგვარი რეპეტიციისთვის –  „რეკორდერი“ დუშეთიდან გიამბობთ.

მაგდა კლდიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავთანდილ კენჭაძე: რევანში იქნება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავთო კენჭაძემ დაგეგმილი შეხვედრებიდან ყველა მოიგო და კიდევ ერთხელ დაანახა მწვრთნელებსა თუ თანაგუნდელებს, რომ სრულ მზადებაშია და მინსკში უმაღლესი სინჯის მედლისთვის იბრძოლებს.

მას საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ეყოლება – ისინი, ვისთან შერკინება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოუწევს. კენჭაძემ 2018 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი რუს სადიკოვთან დათმო, ახლა კი ის რევანშისთვის ემზადება. 74 კგ კილოგრამ წონით კატეგორიაშია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, იტალიელი ჩამიზოც, რომელიც ასევე კენჭაძის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება.

„მომზადება კარგად გავიარე, იყო პატარა ტრავმები, მაგრამ მათი მორჩენა და ფორმაში ჩადგომა მოვახერხე. ძალიან მნიშვნელოვანია მინსკის თამაშები, რადგან ერთგვარი რეპეტიციაა ტოკიოს ოლიმპიადის და იმედია, კარგად დავასრულებ ამ თამაშებს. მივდივარ უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ვასახელებ ჩემს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი კონკურენტები არიან, მსოფლიოს ჩემპიონები, ვემზადები რევანშისთვის და მათთან ჭიდაობაც ასევე რეპეტიცია იქნება, რადგან მსოფლიოსა და ტოკიოში, სწორედ მათთან მომიწევს კვლავ შერკინება. რევანში იქნება“.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ჩემზე მეტად არავის უნდა, რომ მედლით დავბრუნდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კარიერაში აშკარად კრიზისი აქვს. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მედალს ვერ შეწვდა. ახლა მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მინსკში წარუმატებელ სერიას შეწყვეტს და შინ მედლით დაბრუნდება.

„ამ ეტაპზე, აქცენტი მინსკის ოლიმპიურ თამაშებზე გვაქვს გაკეთებული. ყველა დასკვნითი ეტაპი ჩავლილია, ტრავმები სერიოზული არ არის. გვქონდა ბოლო შეხვედრები და ამის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური ვარჯიშებიღა იქნება, რომ შეჯიბრამდე დასვენებულები ვიყოთ და ფორმაში შევხვდეთ. რაც შეეხება კონკურენციას, არის ნაკრებში ეს. ახლა სხვა რამეზე არ ვფიქრობ, მინსკზე მაქვს აქცენტი გაკეთებული. რა თქმა უნდა, ჩემზე მეტად არავის უნდა, რომ მედლით დავბრუნდე და წარუმატებლობის სერია ისევ იმ წარმატებით შევცვალო, რაც აქამდე იყო“.

გიორგი იანტბელიძე: მინსკში ღირსეულად უნდა გამოვიდეთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მინსკის ოლიმპიურ თამაშებს იმედიანად უყურებს. ამბობს, რომ ძალიან ბევრი იშრომეს და ყველა მაქსიმუმს გამოავლენს.

„ჩავატარეთ ბოლო შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ გადაკონტროლდა სპორტსმენების მდგომარეობა. თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ტრავმებს, რომლებიც აღმოაჩნდათ სპორტსმენებს, გუნდი ნორმალურ ფორმაშია. მინსკში ღირსეულად უნდა გამოვიდეთ. ვიმუშავეთ და ვიშრომეთ ბევრი, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა სპორტსმენმა მაქსიმუმი გამოავლინოს ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე“.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებს აქცენტი მსოფლიო ჩემპიონატზე აქვთ გაკეთებული, რადგან იქ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

გუნდის ძირითადი ბირთვი და ის მოჭიდავეები, რომლებიც მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ, სხვადასხვა სახის ვარჯიშებით იტვირთებიან. თუკი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ურთიერთშეხვედრებში გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები,  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ლადო გეგეშიძემ საკალათბურთო მატჩი ათამაშა – ვარჯიში გამძლეობისთვის, სისწრაფისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად.

ბექა როყვა: ძირითად აქცენტს მსოფლიო ჩემპიონატზე ვაკეთებთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა ამბობს, რომ მინსკიდან, ოქროს გარდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებსაც ელოდებიან. გუნდი მზადყოფნაშია და ტრავმები არაა.

„გუნდი მზადაა. გავიარეთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შეკრებები, ვიჭიდავეთ რამდენიმე ტურნირი. ველოდებით უმაღლესი სინჯის მედლებს, ასევე, ვერცხლსა და ბრინჯაოს. გასულ წელთან შედარებით, წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე მედლების რაოდენობა ნაკლები იყო, მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ გამოვასწორებთ მინსკის ევროპულ თამაშებზე. მაინც მინდა გითხრათ, რომ  ძირითად აქცენტს ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვაკეთებთ, სადაც ტოლიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება. ვნახოთ, რა იქნება. წელს ცოტა დატვირვული წელიწადი გვაქვს და ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ. მინიმუმ, ლიცენზიები მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატზე. დაწყებული გვაქვს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება, რამეთუ ჯერ ლიცენზიები გვაქვს ასაღები და მსოფლიოდან იწყება. ეტაპობრივად მივყვებით მზადების პროცესს და როგორ იქნება ეს ყველაფერი, დაგეგმავს სამწვრთნელო შტაბი. ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი დავდოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. თითქმის გაწერილია გეგმა, მაგრამ ამ თამაშების შემდეგ, კონკრეტულად გვეცოდინება, ვინ, სად და რა შეჯიბრს იჭიდავებს, შეკრებები იქნება ეს თუ ტურნირები“.

რობერტ კობლიაშვილი: არცერთ შეჯიბრზე წავსულვარ წასაგებად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ევროპის 2018 წლის ჩემპიონი, რობერტ კობლიაშვილი, წლევანდელ ევროპირველობას, ყველასთვის მოულოდნელად, ვადაზე ადრე დაემშვიდობა და მინსკის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება ვერ მოახერხა, ასევე იყო გიორგი მელიაც 97 კგ წონით კატეგორიაში. თუმცა, მოგვიანებით, ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს ამ წონებში ლიცენზიები მაინც მისცა და ბიჭებიც საქმეში დაბრუნდნენ.

„საჩუქარია ეს ჩემთვის. მხრის ტრავმა მაწუხებდა. ფორმაში შესვლა მოვახერხე და მედლისთვის ბრძლა შემიძლია. წასაგებად ნამდვილად არ მივდივარ, მოსაგებად მივდივარ და არცერთ შეჯიბრზე  წავსულვარ წასაგებად. ვნახოთ, დანარჩენი იქ გამოჩნდება, როგორ მოვასწარი აღდგენა და რამდენად ოპტიმალურ ფორმაში ვარ. ვაღიარებ, ჩემზე სუსტ მოწინააღმდეგესთან დავთმე ევროპის ჩემპიონატზე. ჭიდაობაა და ყველაზე რთულია პროგნოზის გაკეთება. ერთი ერთხე მიდის ბრძოლა და ყველაფერი ხდება“.

შმაგი ბოლქვაძე: ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც ამ ევროპის თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას, წარმატებას ვუსურვებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შმაგი ბოლქვაძე რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ისიც, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ტოკიოსთვის ემზადება, მანამდე კი მინსკსა და ნურ სულთანის მსოფლიოზე აპირებს თავის გამოჩენას. ბოლქვაძემ ევროპირველობა გამოტოვა, ახლა კი ევროპის თამაშებზე შედეგიანად სურს დაბრუნება.

„ძალიან კარგ ფორმაშია ნაკრები. ტრავმა არავის არ აქვს, ფსიქოლოგიურადაც კარგი განწყობაა. ევროპის ჩემპიონატი გამოვტოვე, მაგრამ მინსკის თამაშებისთვის დავბრუნდი.  შევეცდები, პირველი ადგილი მოვიპოვო და გუნდთან ერთად გამარჯვებული დავბრუნდე. მინდა, ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც ამ ევროპის თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას, წარმატება ვუსურვო“.

მინსკის ოლიმპიური თამაშები სტარტს 21 ივნისს აიღებს და 30 ივნისს დასრულდება.

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

  • 105
  •  
  •  
  •  
  •