ნიკოლოზ ქუთათელაძემ მოსკოვის “სპარტაკში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

"პსჟ"-ს ქართველი თავდამსხმელი ჯანო ანანიძის გუნდელი იქნება

18 წლის ქართველი თავდამსხმელი, ნიკოლოზ ქუთათელაძე მოსკოვის “სპარტაკში” ითამაშებს.

“რეკორდერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ამჟამად, კლუბის ბაზაზე იმყოფება.

“სპარტაკში” ქუთათელაძეს თანამემამულე, ჯანო ანანიძე დახვდება, რომელიც “კრილია სოვეტოვიდან” კვლავ “სპარტაკს” დაუბრუნდა. სწორედ ანანიძემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ ვიდეო, სადაც ის და ნიკოლოზ ქუთათელაძე მოსკოვის “სპარტაკის” საწვრთნელ ბაზაზე, “ტარასოვკაზე” ერთად იმყოფებიან.

18 წლის თავდამსხმელი ფრანგული “ლილის” აღზრდილია, შემდეგ კი “პსჟ”-ში გადავიდა. გასულ წელს, ფეხბურთელს ხელშეკრულება “ანჟისთან” უნდა გაეფორმებინა, თუმცა რუსულ გუნდს უეფამ ტრანსფერების რეგისტრაცია შეუჩერა. ნიკოლოზ ქუთათელაძეს შემოთავაზება ჰქონდა კიევის “დინამოდანაც”, სადაც 5 წლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, თუმცა ამხანაგურ შეხვედრაზე, თამაშის დაწყებიდან მალევე, მან მძიმე ტრავმა მიიღო და სასწრაფოდ პარიზში გადაიყვანეს, სადაც რთული ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაციის შემდეგ, ქუთათელაძე რეაბილიტაციის პროცესს გადის, თუმცა მოსკოვური გუნდი, მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და რუსული მედიის ინფორმაციით, მასთან ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდება.

  • 132
  •  
  •  
  •  
  •