უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს? – პრემიერ-მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს

მამუკა ბახტაძე: მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

“მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ”, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომის თაობაზე, – “გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი”.

რაც შეეხება კითხვას თავად პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლის თაობაზე, მამუკა ბახტაძე არასერიოზულს უწოდებს: “ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ფაქტობრივად, ყოველ კვირა მე ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციებს. და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია: ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი, ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო 2 წელის მესმის, კიდევ, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების, სამწუხაროდ, დამახასიათებელი საკითხი”.

უკანასკნელ დღეებში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. მის შემცვლელად კომპანია „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე სახელდება. შესაძლო გადადგომას თავად სერგეენკოც “არ გამორიცხავს.”

პრემიერ-მინისტრ ბახტაძის შემცვლელად კი, ბოლო დროს, მედიაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს ასახელებენ.

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •