საქართველოს ნაკრები დანიაში განადგურდა

ვლადიმირ ვაისის გუნდმა 5:1 წააგო

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში, დანიის წინააღმდეგ 5:1 განადგურდა.

დანიელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მე-14 წუთზე, დოლბერგმა გიორგი ლორიას კარი აიღო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა წონასწორობა 11 წუთში აღადგინა. სწრაფი კონტრიერიშის შემდეგ, გვილიას პასით საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

თუმცა ქართველი ფეხბურთელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 30-ე წუთზე, ჯაბა კანკავამ საჯარიმოში წესების დარღვევით ითამაშა, რისთვისაც ყვითელი ბარათი დაიმსახურა, მსაჯმა კი 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად კრისტიან ერიკსენმა შეასრულა. ლორიამ ბურთის დარტყმის კუთხე გამოიცნო, თუმცა ბურთის აღება მაინც ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების დაცვა სრულად ჩამოიშალა. დოლბერგმა 63-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, 73-ე წუთზე კი პაულსენმა აიღო ლორიას კარი. როგორც აღმოჩნდა, ეს ბოლო გოლი არ იყო ეროვნული გუნდის კარში. შეხვედრის ბოლო წამზე თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ბრაითვეითმაც გაიტანა.

ყვითელი ბარათები, კანკავას გარდა, გვილიამ, კვეკვესკირმა და პაპუნაშვილმა მიიღეს. ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ შეხვედრას, რომელიც კვლავ დანიის წინააღმდეგ 8 სექტემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება, გამოტოვებს.

ფოტო: სფფ

  • 162
  •  
  •  
  •  
  •