დათა ქაჯაია: ვერც კი ვხსნი, საერთოდ რა დავარქვა ამ ყველაფერს

ქართველი მრბოლელის მანქანას ტექნიკური პრობლემა შეექმნა და პოდიუმზე ასვლის რეალური შანსი დაკარგა

ამ უქმეებზე ფორმულა 1-ის ლეგენდარულ სპა-ფრანკორშამპის ავტოდრომზე ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატის მესამე ეტაპი დასრულდა.

მონაწილე ქართველმა მრბოლელმა დათა ქაჯაიამ ქულათა ბადეში მოხვედრა შეძლო – კვალიფიკაციაზე საუკეთესო მე-9, ხოლო პირველ რბოლაზე მე-6 დრო აჩვენა. მაყურებლისათვის დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა დათას უშეღავათო ბრძოლა ერთ-ერთ უძლიერეს მრბოლელთან მატო ჰომოლასთან.

სწორედ მას აართვა ქართველმა მეექვსე ადგილი და შესაბამისი 21 ქულა მოიპოვა. თუმცა ქაჯაიას წინ დიდი უიღბლობა ელოდა: კვალიფიკაციის შედეგებით დათა მეორე რბოლაზე გრიდის წინა ხაზზე იდგა და მეორე პოზიციიდან იღებდა სტარტს. მის წინ პირველ პოზიციაზე მისი ყოფილი თანაგუნდელი და ძველი მეტოქე, სერბი დუშან ბორკოვიჩი იდგა – პოდიუმის ყველაზე მაღალ საფეხურზე მოხვედრის რეალური შანსი შეიქმნა. თუმცა, სტარტის აღებისას, დათას მანქანას უეცრად ელექტრო-მექანიკური პრობლემა გაუჩნდა – არასწორად ამუშავდა პიტ-ლიმიტერი (სიჩქარის შემზღუდველი პიტ-ლეინში შესვლისას) და მანქანამ ფაქტიურად სტარტის ხაზიც ვერ გადაკვეთა.

“ვერც კი ვხსნი, საერთოდ რა დავარქვა ამ ყველაფერს – ინციდენტი, უბედური შემთხვევა, უიღბლობა თუ უბრალოდ, ბედის ირონია! მილიონში ერთი შანსი თუ იქნება მსგავსი რეჟიმის ამგვარ სიტუაციაში ამოქმედების! ფაქტია, რომ ხელიდან დამისხლტა პოდიუმზე ასვლის ძალიან რეალური შანსი”, – განაცხადა მრბოლელმა.

მიუხედავად ინციდენტისა, ქართველი მრბოლელის მანქანა კონკურენტულ მდგომარეობაშია, დათა ქაჯაიაც საკმაოდ მოტივირებულია და ახალი შემართებით ელოდება შემდეგ, მეოთხე ეტაპს, რომელიც 13-14 ივლისს ავსტრიაში, ასევე ცნობილ რედ-ბულ რინგის ტრეკზე გაიმართება.

  • 66
  •  
  •  
  •  
  •