ვლადიმირ ვაისი: გიბრალტართან მატჩი არის თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიბრალტართან საქართველოს ფავორიტად მიიჩნევს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი გიბრალტართან მატჩის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ საქართველო ამ შეხვედრაში ფავორიტია.

ეს განცხადება სლოვაკმა სპეციალისტმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ეროვნული გუნდის თავკაცი გიორგი ქვილითაიას ტრავმასაც შეეხო და განმარტა, რომ ის რამდენიმე კვირა დაისვენებს.

„სამწუხაროა, რომ ქვილითია ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. ის ემზადებოდა სანაკრებო მატჩებისთვის, თუმცა ამჯერად ის ვერ ითამაშებს. რამდენიმეკვირიანი იქნება მისი შესვენება.

რაც შეეხება გიბრალტართან მატჩს, ეს არის თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ. ჩვენ ფავორიტები ვიქნებით. ვფიქრობ, უფრო შემტევი, ღია ფეხბურთი უნდა ითამაშოს ნაკრებმა, ვინაიდან ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ეს თამაში უნდა დავამახსოვროთ გულშემატკივარს“, – განაცხადა ვაისმა.

ვაისმა  ხვიჩა კვარაცხელიაზე, გია გრიგალავასა და ლუკა ზარანდიზეც ისაუბრა. სლოვაკ სპეციალისტს ახალგაზრდა კვარაცხელიასთან დაკავშირებით კარგი მოლოდინი აქვს.

„ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოლოდინი კარგი მაქვს. დიდი ნახტომი და წინსვლა ჰქონდა, როდესაც მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი მომავალი, რეალურად, დამოკიდებულია არა მხოლოდ მის მზადებაზე, არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც მის გარშემო არიან, მშობლები, მენეჯერი, ფეხბურთელები. ეს ფეხბურთელი ნამდვილად არის ტალანტი და მას აქვს დიდი პროგრესის შანსი. მის თამაშზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული.

გია გრიგალავას კარგი სეზონი ჰქონდა, ყველა თამაში ჩაატარა და მისი გამოძახების მიზეზი ეს არის. მას გააჩნია კარგი სანაკრებო გამოცდილება, ამ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავდა. ვფიქრობ, ის ამ ეტაპზე კარგ სათამაშო ტონუსშია. მნიშვნელოვანია გიბრალტართან პირველი პასი და ჩაკეტილი გუნდის წინააღმდეგ ასეთი ფეხბურთელი. ვფიქრობ, 90%-ით ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ზარანდია კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მე მის ადგილზე კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები გამოვიძახე. ის პროგრესს თუ გააგრძელებს, მიიღებს შანსს ნაკრების შემადგენლობაში.

მიზეზი, რის გამოც ვაკო არ არის შემადგენლობაში, არის ის, რომ სხვა ფეხბურთელებს ეძლევათ შანსი. საჭიროა მეტი ხარისხი, დისციპლინა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა თამაშებში არ იქნება ნაკრებთან ერთად“, – განაცხადა ვაისმა.

საქართველო გიბრალტარს ხვალ „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

  • 40
  •  
  •  
  •  
  •