“ჩერნობილის” გმირი: მეხანძრე ვასილი იგნატენკოს დედა BBC-სთან ალაპარაკდა

"ადამიანები მიეჩივნენ და დაივიწყეს, ან შესაძლოა, არც იცოდნენ სინამდვილე", - ამბობს დაღუპული მეხანძრის დედა

HBO-ს ხუთსერიანი სერიალი, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის რეალურ ისტორიას ეფუძნება, უკვე გახდა 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. სერიალის ყველა გმირს თავისი პროტოტიპი ჰყავს, მათ შორისაა, მეხანძრე ვასილი იგნატენკო, რომელიც 1986 წლის 25-26 მაისს, გამთენიას, ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს აქრობდა. იგი 13 მაისს, მოსკოვის კლინიკაში, რადიაციული დამწვრობისგან გარდაიცვალა. 

BBC ვასილი იგნატენკოს დედას – ტატიანა იგნატენკოს და მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩს ესაუბრა – “ჩერნობილის ლოცვის” ავტორს, რომელმაც ვასილისა და მისი ცოლის, ლუდმილას ისტორიას თავის წიგნში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო. სცენა, როგორ შეიჭრა ლუდმილა საავადმყოფოში, ქმრის პალატაში და იქ მის გარდაცვალებამდე დარჩა, სერიალშიც შთამბეჭდავად არის აღწერილი.   

დაღუპული მეხანძრის დედა, 80 წლის ტატიანა იგნატენკო მინსკიდან 100 კილომეტრის დაშორებით, ბერეზინოში ცხოვრობს. “ჩერნობილის ლოცვა” მას წაკითხული აქვს. ამბობს, რომ წიგნში ყველაფერი ისეა, როგორც სინამდვილეში. გახმაურებული სერიალი არ უნახავს – ლეგალურად ნახვისთვის ფულია გადასახდელი, ეს კი მისთვის დიდი თანხაა. BBC-მ ტატიანა იგნატენკოს სერიალის ტრეილერი და რამდენიმე ფოტო უჩვენა, სადაც მისი შვილის როლს ბრიტანელი მსახიობი, ადამ ნაგაიტისი თამაშობს. “შესაძლოა, ჰგავს კიდეც, მაგრამ ნიკაპი ვასიას სხვაგვარი ჰქონდა. მეხანძრის უნიფორმაშიც არასდროს მინახავს”, – ამბობს იგი. 

პატარა ბინის მისაღები ოთახის დივნის თავზე ვასილის პორტრეტი ჰკიდია – მხატვრის შესრულებული. ის აქ სერიალში საკუთარ თავს არ ჰგავს.

“ჰგავს, არ ჰგავს – ამ ყველაფრის თაობაზე მაინც უნდა მოვყვე. ადამიანები მიეჩივნენ და დაივიწყეს, ან შესაძლოა, არც იცოდნენ სინამდვილე”, – ამბობს დაღუპული მეხანძრის დედა. 

ტატიანა იგნატენკო 80 წლის ახლახანს, გაზაფხულზე გახდა. 1986 წლის აპრილში ის 47 წლის იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა: ქმარი, 4 შვილი. აქედან, უმცროსი – ნატაშა 14 წლის იყო.

1980-იანი წლების დასაწყისში, ოჯახმა გომელის ოლქში, სოფელ სპერიჟეში ახალი სახლი ააშენა.

“ლამაზი სახლი იყო, ოქროსფერი დაჰკრავდა! ქუჩაც გვქონდა – ყვავილები ჰყვაოდნენ. არსად, სადაც შემდეგ გვიცხოვრია, მსგავსი სილამაზე არ მინახავს”, – იხსენებს ტატიანა. 

1986 წელს სოფელი რადიაციისგან დაბინძურებულ არეალში მოექცა. ევაკუაციიდან რამდენიმე თვეში, იგნატენკოების სახლი, მეზობელ სახლებთან ერთად, ბოლომდე დაიწვა. “ყველაფერი მიტოვებული იყო, გაპარტახებული. შესაძლოა, ვინმემ ნამწვი დააგდო”, – ამბობს მეხანძრის დედა.

ის იხსენებს, რომ ევაკუირებულ ზონაში 1986 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე რამდენჯერმე დაბრუნდა – იქ კოლმეურნეობის ცხოველები იყვნენ დარჩენილები. სოფლის მცხოვრებლები ბრუნდებოდნენ, რათა კოლმეურნეობის მიწებზე მოსავალი აეღოთ: სელი, კარტოფილი, ჭარხალი. იგნატენკოს თქმით, ეს ყველაფერი სახელმწიფო სასურსათო ფონდებში მიჰქონდათ. იქიდან კი სად მიდიოდა, არავინ იცის.

1986 წელს იგნატენკოების ოჯახი, საკუთარი დანაზოგით, არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში – ჯერ საავადმყოფოში შვილის მოსანახულებლად, შემდეგ – მის დაკრძალვაზე. ვასილი, რომელიც პრიპიატში მეხანძრედ მუშაობდა, პირველი იყო ცვლაში, რომელიც ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის ჩასაქრობად გაუშვეს.

ახლა ტატიანა იგნატენკო ამბობს: “არ ვიცი, როგორ მოიქცეოდა ის დღეს, რომ სცოდნოდა ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, მაგრამ იმ დროს ის უარს ვერ იტყოდა. ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ბავშვები, სისხლი უდუღდათ: ვინ, თუ არა ჩვენ!” 

ვასილი იგნატენკომ მეხანძრედ მუშაობა ჩერნობილის კატასტროფამდე 7 წლით ადრე დაიწყო – სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური მოსკოვში, სახანძრო ნაწილში გაიარა.

“მეხანძრეობა მინდაო, – ამის შემდეგ გამოაცხადა. მამამისი ეუბნებოდა: წადი სამუშაოდ კოლმეურნეობაში, მძღოლად ან ტრაქტორისტად, ან ქალაქში იპოვე რამე. ვასია კი უცებ ახტა და მაღალ ღობეს გადაახტა – ნახეთ, როგორ შემიძლიაო! მამამისიც დანებდა”, – ჰყვება ტატიანა იგნატენკო.

– ავარიამდე ცოტა ხნით ადრე ვასილი სახლში მოვიდა და გრძელი სკამის შეკეთება დაიწყო – უნდოდა, რამდენიმე ადამიანი დამჯდარიყო ეზოს წინ. “აი, სამახსოვროც დაგრჩებათ ჩემგან”, – ამბობდა. მე აღვშფოთდი: “რას ლაპარაკობ? რა შუაშია, სამახსოვროდ დაგრჩებათ?” – იხსენებს მეხანძრის დედა. 

შვილის დაკრძალვის შემდეგ, ტატიანამ ეს სკამი აიღო და თან წაიღო – იმის მიუხედავად, რომ რაიმეს წაღება ევაკუაციისას ყველას სასტიკად აუკრძალეს. ახლა ის მის აგარაკზე დგას – პატარა ქოხის წინ, მეზობელ სოფელში.

აქვს თუ არა სკამს რადიაციის კვალი, ოჯახს არ შეუმოწმებია. “დოზიმეტრი გვქონდა. უმცროსი ქალიშვილი, ნატაშა საგანგებო სიტუაციების სამსახურში მუშაობდა. მაგრამ ეს სკამი არასდროს შეგვიმოწმებია. რისთვის უნდა შეგვემოწმებინა? ” – ოხრავს ტატიანა.

ის სხვა დამთხვევებსაც იხსენებს: 1986 წლის 13 მარტს ვასილი 25 წლის გახდა. 2 დღის შემდეგ, 15-ში, დაბადების დღე მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნა და უცებ ამბობს: “აი, უკვე ვიცხოვრე 25 წელი. და საკმარისია”. 

ვასილი იგნატენკო 13 მაისს, რადიაციული დამწვრობისგან გარდაიცვალა. ის 15 მაისს დაკრძალეს – ზუსტად 2 თვის შემდეგ, რაც მან ეს სიტყვები თავისი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე თქვა.

ვასილის ცოლ ლიუდმილას, დედა ტატიანასა და სხვა დაღუპულების ნათესავებს სსრკ-ს სპეცსამსახურებმა მხოლოდ დაკრძალვაზე დასწრების ნება დართეს.

“ჯერ თუთიის კუბო იყო, მერე – ხის. არ ვიცი, შიგნით ვასია იწვა თუ ქვებით იყო სავსე. არ მინახავს შვილი”, – ამბობს ტატიანა იგნატენკო.

ვასილი იგნატენკოსთან ერთად, იმ დღეს, მოსკოვის რაიონის მიტინოს სასაფლაოზე 28 ადამიანი დაკრძალეს, აქედან, 6 მეხანძრე იყო.

მხოლოდ 5 თუ 6 წლის შემდეგ უთხრა ლუდმილა იგნატენკომ თავის დედამთილს, რომ მისი შვილის საფლავში კიდევ ერთი ცხედარი იწვა – მისი შვილიშვილის. ლუდმილა ფეხმძიმედ იყო, როდესაც ქმარს საავადმყოფოში უვლიდა. ახალშობილმა გოგონამ მხოლოდ 4 დღე იცოცხლა. დედამ მას ნატაშა დაარქვა.

ჩერნობილის კატასტროფიდან 9 წლის შემდეგ, ვასილის მამა – ივან ტარასის ძე იგნატენკო გარდაიცვალა. ის 60 წლისაც კი არ იყო.

ტატიანა იგნატენკომ ქმარი იმ სოფელში დამარხა – სპერიჟეში, სადაც ცოლად გაჰყვა და სადაც მათ ოქროსფერი სახლი ჰქონდათ.

1986 წელს ვასილის უფროსი და, ლუდმილა ცდილობდა, ძმის დონორი გამხდარიყო, რომ მისთვის ზურგის ტვინი გადაენერგათ. ოპერაცია მან მძიმედ გადაიტანა. 4 წლის წინ ის ონკოლოგიური დაავადებისგან გარდაიცვალა.

სიკვდილის შემდეგ, სსრკ-ს ხელისუფლებამ ვასილი იგნატენკო წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. 1996 წელს უკრაინის მთავრობამ მას კიდევ ერთი, პრეზიდენტის ორდენი გადასცა – ჯვარი “სიმამაცისთვის”. 2006 წელს კი დაღუპულ მეხანძრეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს.

ბელორუსის გმირის წოდება ვასილი იგნატენკოს არ აქვს. დედამისი ამბობს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი ძალიან დიდი ხნის წინ მიიტანა, მაგრამ, ალბათ, ისინი სადღაც დაკარგეს.

ბელორუსი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელმაც “ჩერნობილის ლოცვისთვის” ნობელის პრემია მიიღო, BBC-ს უყვება, რომ ვასილი იგნატენკოს დედასა და სხვა ნათესავებს იცნობს. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.

მწერალი იხსენებს, რომ დაღუპული მეხანძრის ოჯახის პოვნა ერთ-ერთი საბჭოთა გაზეთის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა. გაზეთში ასე ეწერა: ოჯახმა შვილი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიისას დაკარგა, მაგრამ განსახლების ზონიდან აკრძალული პირადი ნივთები და ქილებით კიტრის მწნილი გამოაქვს.

“და მე გავოგნდი, რამდენად იყვნენ ადამიანები მიჯაჭვულები ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო საქმეებზე. მე ვიცოდი, რაც ხდებოდა გამოსახლების პირველ დღეებში: აი, მოდის მოხუცი ქალი და მას მილიციელი მეთვალყურეობს. ქალს კი არ შეუძლია გაიგოს, რატომ უნდა ჩაყაროს ორმოში მისი მოყვანილი კიტრები, კვერცხი, გადაღვაროს რძე – ისინი ხომ ისეთივეა, როგორც ყოველთვის, ისევე გამოიყურებიან, – ამბობს ალექსიევიჩი, – სწორედ ამ დეტალების გამო გადავწყვიტე მათი მოძებნა. მე არ ვიცოდი ამ ოჯახის ისტორია, მათზე არაფერი ეწერა. მაგრამ მე ლუსია ვიპოვე (ლუდმილა იგნატენკო)”.  

BBC-სთან საუბარში ალექსიევიჩი ამბობს, რომ მისი წიგნის მიხედვით, უკვე 8 ფილმი გადაიღეს: “ევროპული ფილმები, საკმაოდ კარგმა რეჟისორებმა. მაგრამ მხოლოდ ამ ფილმმა მიიქცია გამოსვლისთანავე ადამიანების ყურადღება. მეც ვნახე. როგორც აქაურს და ადამიანს, რომელიც ამ მასალებზე მუშაობდა, სერიალის ნახვის შემდეგ დიდი აღმოჩენები და შოკი არ მქონია, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღვნიშნავ ფილმის შემქმნელების პროფესიონალიზმს, ზუსტ აქცენტებს და ფოკუსს ადამიანურ ემოციებზე”.

წყარო: BBC

 

 

  • 10
  •  
  •  
  •  
  •