გიორგი ასანიძე: არავისთვის არის პრივილეგია რაღაც შედეგი

გიორგი ასანიძის განცხადებით, მისი და ლაშა ტალახაძის ტანდემისთვის შეუძლებელი არაფერია

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში გამართული ევროპირველობა გუნდური პირველი ადგილითა და 15 მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა.

ლიცენზიების კვოტა თითოეულ ქვეყანას მამაკაცებსა და ქალებში მხოლოდ 4 აქვს, პრეტენტენდი კი უფრო მეტია.

უკვე ცხადია, რომ იაპონიაში ეროვნული გუნდის მძიმეწონოსნებიდან მხოლოდ ერთი წავა და ეს ლაშა ტალახაძე იქნება. როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე „რეკორდერთან“ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი თურმანიძეს კარგად აქვს გააზრებული ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფება, თუმცა კაპიტანი გუნდს სჭირდება და ის კიდევ რამდენიმე წელიწადი იასპარეზებს.

გიორგი ასანიძე აცხადებს, რომ შედეგი პრივილეგია არავისთვის არის და სპორტსმენებს შორის დიდი კონკურენცია იქნება,  გადამწყვეტ ფაქტორს კი ის შედეგი ითამაშებს, რომლებსაც ისინი დააფიქსირებენ.

კონკურენცია საკუთარ თავთან – ეს ლაშა ტალახაძის გამოწვევაა. ლაშა ტალახაძის და გიორგი ასანიძის ტანდემს კი დიდი მისია აქვთ დაგეგმილი – ორჭიდის ჯამში, 500 კილოგრამის დაძლევა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ მათი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია. მიზანი ტოკიოა, სადაც ქართველი ძალოსნები მაქსიმალური რაოდენობით უნდა წარსდგნენ და მხოლოდ გამარჯვებებისთვის იბრძოლონ.

„ოლიმპიური დღიურების“ სტუმარი ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაგდა კლდიაშვილი

 – ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური პირველი ადგილით დაასრულეთ. როგორი იყო მთლიანობაში ტურნირი თქვენთვის?

– მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ჟურნალისტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და იცით, რომ ასზე მეტმა გაიარა რეგისტრაცია, რაც უჩვეულო არ არის ისეთი მაღალი რანგის შეჯიბრისთვის, როგორც ვთქვათ ოლიმპიური თამაშებია, თუმცა ჩვენ ასეთი რეალობის წინაშე დავდექით, კარგი გაგებით და გულწრფელად დიდი მადლობა ყველა იმ ჩამოსულ თუ ადგილობრივ ჟურნალისტს, რომელმაც დააფიქსირა ამ შეჯიბრის მიმდევრობა და თანმიმდევრობა.

რაც შეეხება ტურნირს, ჩვენ დიდი ხნის წინ დავიწყეთ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება, ვინაიდან გასულ წელს უკვე ვიცოდით, რომ ტარდებოდა ევრორპირველობაა და მანამდეც იყო წინასამუშაო ეტაპები, შეხვედრები ხელმძღვანელობასთან და მაღალი ალბათობა იყო იმის, რომ ჩატარდებოდა საქართველოში. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ სამზადისი. წარვუდგინეთ ჩვენი გეგმა სახელმწიფოს და სრული მხადაჭერა მიიღო პირველივე დღიდან, ვინაიდან ეს არის ევროპის ჩემპიონატი. ამას ემატებოდა ისიც, რომ სალიცენზიო ტურნირი იყო და მონაწილეთა რაოდენობაც რეკორდული. ათი წონითი კატეგორიაა ბოლო პერიოდში და ბევრი ნიუანსი უნდა გაგვეთვალა. გვინდოდა, ძალიან კარგად ჩაგვეტარებინა. წარდგენილი ბიუჯეტი მწირი  იყო იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტები დაგვეცვა, რა შეფასებაც მივიღეთ საბოლოო ჯამში. გვქონდა შეხვედრა პრემიერ- მინისტრთან, ბატონ მამუკა ბახტაძესთან მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოსვლის შემდეგ, სადაც მივიღეთ სრული მხარდაჭერა ყველა იმ საკითხში, რომელიც ამ ევროპირველობას არ დააკნინებდა და მივიღეთ პირობა, რომ მთავრობის მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას მივიღებდით – ჩავატაროთ ისე, როგორც არასდროს.

წარმოიდგინეთ, ეს ჩვენთვის, ფედერაციისთვის, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა წინა ტურნირებზე 2015 და 2016 წლებში, ლამაზი სათქმელი არ არის, მაგრამ სადღაც 400 ათას ლარზე მეტი ვალი დაგვრჩა, აქედან გამომდინარე სიფრთხილით ვეკიდებოდით ყველაფერს. მართალია, ამან გადაიარა, ყველაფერი გასტუმრებულია ისევ ფედერაციის სახსრებითა და მობილიზებით, მაგრამ მაღალი იყო ის რწმენა, რაც ამ გულწრფელ საუბარში დავინახეთ. დავიწყეთ სამზადისი და სიმართლე გითხრათ, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა იქ არსებულმა ბევრმა ისეთმა ნიუანსმა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებსაც კი არ ახლავს. ეს არ უკავშირდებოდა მხოლოდ ჩატარების ორგანიზებას, უკავშირდებოდა ინვენტარს, ინფრასტრუქტურას, სახელმწიფო რგოლების მხარდაჭერას, სადაც ჩართული იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებები, ბათუმის მერიაა და ძნელია, ჩამოთვალო ყველა სათითაოდ, ჩვენი სპონსორები და რაც მთავარია, ინვესტორი იყო სახელმწიფო და ჩვენ ყველანაირი მხარდაჭერა მივიღეთ. ეს ტურნირი მომავლის ევროპის ჩემპიონატად შეაფასეს. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება და მინდა, ამისთვის ყველა ადამიანს მადლობა ვუთხრა, ვინაიდან ჩვენ ღირსეული პასუხი გავეცით ყველა იმ კითხვას, თუ რატომ იყო საჭირო ასეთი კარგი ორგანიზება, მაღალი სტანდარტების დაწესება, იმისთვის, რომ  გალამაზდეს ჩვენი სახეობა და სპორტი.

უშუალოდ ტურნირს რაც შეეხება, ჩვენი იმედები რეალური იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სპორტსმენისგან ველოდებოდით იმ შედეგს, რასაც მიაღწიეს. ფაქტობრივად, 90%-იანი ალბათობით, შეძლეს დაკისრებული ამოცანის შესრულება. გვქონდა პატარა იმედგაცრუებები, რადგან ეს სპორტია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოპოვებული 5 ოქრო, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მეტყველებს იმაზე, რომ გუნდი ძალიან მობილიზებული შეხვდა ამ ევროპის ჩემპიონატს. 10 მამაკაცი და 3 ქალბატონი გამოვიდა. ყველა სპორტსმენმა თავისი შესაძლებლობების ზღვარი აჩვენა, იმ მომენტში არსებული ფორმის. რამდენიმემ შეეძლო, უკეთ გამოეყენებინა თავისი მისვლები. მწვრთნელისა და სპორტსმენის ტანდემმა შეცდომა დავუშვით, წავაგეთ, ასე გამოვიდა. ბოლო დღეს, მოლოდინი ძალიან დიდი იყო დილიდანვე დარბაზში. უამრავი ადამიანი მოვიდა, ფიზიკურად ვერც დაიტევდა ის დარბაზი, რომელმაც მართლაც ყველა სტანდარტს უპასუხა, რაც ჩვენს ღონისძიებას სჭირდებოდა. მართლაც ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი ახალი ბაზების მშენებლობისას მაყურებლების ტევადობაც  გაიზრდება, ვინაიდან სტანდარტები და მოთხოვნები იზრდება და აქედან გამომდინარე, მაყურებლებიც. ბოლო დღეს ემოცია მაღალი იყო, გვინდოდა, ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე კვლავ ერთად ყოფილიყვნენ კვარცხლბეკზე, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გვქონდა გაკეთებული და ყველაზე მთავარი, ამის შესრულების ადგილი რიოს ოლიმპიური თამაშები იყო, სადაც ჩვენთვის ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა. კონკურენტები ძალიან ძლიერები გვყავდა, თუმცა ლაშა უკონკურენტოა და ის მხოლოდ თავის თავს უნდა შეჯიბრებოდა. მიზნად უნდა დაგვესახა ის, რაც სამომავლოდ გვჭირდება. ირაკლიზე ვიტყოდი, რომ მას მედლისთვის რაც დასჭირდებოდა, მზად იყო, გაკეთებინა. ირაკლი ძალიან მოტივირებულია, ბევრი ტრავმა გადავიარეთ და დიდი სურვილი ჰქონდა, კითხვის ნიშანი არ დაუსვამს. როგორც იტყვი, ისე ვიმუშავებო. ბოლო პერიოდში, მომიწია მისთვის ვარჯიშები შემეცვალა, ტრავმების გამო. მან საუკეთესო შედეგი გაიმეორა ლაშასთან ერთად, ვერცხლის მედალი და მეორე ადგილი დაიკავა. ტრიუმფალური გამოსვლა, რომელიც მაყურებლისთვის მხოლოდ ემოციაა, მათთვის, ვინც უფრო მეტად ჩახედულია საკითხში, ჩვენთვის, ძალოსნებისთვის, იმდენად მნიშვნელოვანია ყველა აწეული წონა და ლაშა ისეთ წონებს ეწევა, ჩვენს სახეობაშიც კი რთულია პროფესიონალმა დაიჯეროს, მაგრამ რეალობა ეს არის. ადამიანი, რომელიც ჩვენს პლანეტას ეღირსა, ალბათ, ბევრი მიზეზის გამო, არ არის მხოლოდ ერთი სპორტსმენი, ლაშას აქვს გარკვეული მისია ამ ქვეყნისადმი და ის გადასარევად ართმევს თავს. ის კეთილშობილება, რწმენა, სამშობლოს სიყვარული მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ მან თავისი პატარა ოლიმპიური ბროშურა, წიგნი თუ ისტორია და რაც გინდათ, ის დავარქვათ, უნდა დაწეროს და დარწმუნებული ვარ, დაწერს. 2018 წელს გუნდურში ევროპის ჩემპიონები გავხდით. რთული ამოცანა გვქონდა, რომ კვლავ პირველი ადგილი აგვეღო. მაშინ ბევრი ქვეყანა არ გამოდიოდა და ყველასთვის სალაპარაკო იყო, 7 ქვეყანა გამოდიოდაო. ბათუმში ყველა ქვეყანა იყო და კონკურენციაც უფრო გართულდა. ბოლო მისვლებით, ლაშას და ირაკლის გამოსვლამ შედეგი მოგვიტანა, თუმცა, არ მინდა, იმ ბიჭებს დავუკარგო შრომა: ანტონ პლესნოის, ირაკლი და გოგა ჩხეიძეებს, რეზი დავითაძეს, შოთა მიშველიძეს, რამინ შამილაშვილს – მართალია, მედალზე ვერ იყო, მაგრამ კარგად გამოვიდა. თებიძე, ლომიძე, მალაყმაძე – გუნდი, მთლიანობაში მობილიზებული იყო და სწორედ, ერთიანობამ განაპირობა ეს შედეგი. ბოლო დღეს გვჭირდებოდა ეს წარმატება, რომ გადაბალანსებულიყო და ჩვენ, გუნდურად შევინარჩუნეთ ეს ტიტული და გავახარეთ, მგონი, ყველა. გულწრფელად მინდა გითხრათ, იმ ემოციაში, რომელიც დარბაზში გამოხატეს ადამიანებმა, იქ ვხედავდი „ძალა ერთობაშია“. სწორედ ეს არის ჩვენი მოტივაცია. ასეთი მიდგომით, სიყვარულით უნდა ვიყოთ, რომ ისევ და ისევ, ჩვენმა ქვეყანამ წაიწიოს წინ, ბევრი რაღაც გამოსწორდეს, როგორც გვჭირდება ჩვენ და მომავალსაც.

– დავალიანება ახსენეთ, ბოლო დროინდელი წარმატებების მიუხედავად, სპონსორები არ აქტიურობენ?

– ლაშას მიმართებაში ინტერესი იზრდება და მაღალია, გამომდინარე იმ პოტენციიდან, რა ეკონომიკური მდგომარეობაცაა. არის ბევრი ადამიანი, ჩემი მეგობრები, ახლობლები, უცნობები, რომლებმაც ლაშა ტალახაძის მიმართ გამოიჩინეს ყურადღება და მადლობა მათ ამისთვის. გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც აიღეს სპონსორული ელემენტები, მაგრამ ჩვენთან არ არის ისეთი მასშტაბი, რომ განუსაზღვრელი იყოს რომელიმე კომპანიისთვის დიდძალი თანხა. აქვს პატარ-პატარა სასპონსორო პაკეტები ლაშას. სახელმწიფოს აქვს კონულტაციები. ჩართულობისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა სამინისტროს, ფედერაციებს, იმ სურვილისთვის, რომელიც გააჩნიათ. სპორტსმენების მხარდაჭერის ახალ პროგრესულ სახელმძღვანელოზე მიდის მუშაობა და ეს კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება ახალგაზრდა და მომავალი თაობისთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ამ მიმართულებით და არ შეიძლება, ეს არ აღვნიშნო. გაიჟღერა ინიციატივამ ახალი ინსფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც მაღალ სტანდარტებში იქნება და უზრუნველჰყოფს კონკრეტული შეჯიბრის ჩატარებას.

– ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ნაკრების კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს თქვენ პირდაპირ ეთერში სთხოვეთ, რომ ის დარჩენილიყო და არ წასულიყო. ირაკლი აქტიური სპორტისთვის თავის დანებებას აპირებდა?

– გამომდინარე ოლიმპიური თამაშებიდან, ირაკლის მიმართ ჩემი გეგმები თავიდანვე შეიცვალა. ის ფორმულა, რომელიც დღეს საერთაშორისო ძალოსნობას გააჩნია და ის მოცემულობა, რომელშიც ვიმყოფებით, ძალიან ბევრ პლუსს აძლევს ირაკლის. ანტიდოპინგური ბრძოლა ძალიან გართულებული და გამკაცრებულია და სწორედ, მოდის დრო თანაბარი პირობებისა, არ იყოს სხვაობა ქვეყნებსა და სპორტსმენებს შორის ბევრი მიმართულებით. ამაზე ძალიან ბევრი საუბარი მქონდა ყველა სპორტსმენთან, ირაკლისთანაც, ლაშასთანაც და თავის დროზე, ბატონ ვანო გრიქუროვს – ჩემთან. მე მინდა, რომ ის იყოს და ირაკლიმ ეს შეიგნო, ვინაიდან შეუძლია მას და რეალურად, კიდევ ორი-სამი წელიწადი იასპარეზოს, რაც მისთვის ძალიან კარგია, არა მხოლოდ როგორც სპორტსმენისთვის, არამედ ბევრი მიმართულებით. როდესაც შეუძლია, მგონი, უნდა დაიხარჯოს. თუ არ ექნება ძალა, პირველი მე ვიქნები, რომელიც მას ამას ურჩევს. იმედგაცრუება ჰქონდა, წელიწადნახევარი ტრავმას იშუშებდა და იმედიანად არ იყო. რუდუნებით, მოთმინებით ვთხოვდი, ყველაფერი გაეკეთებინა ისე, როგორც ვითხოვდი. ფაქტი სახეზეა, მან ეს დაიჯერა და კიდევ ერთხელ გახდა ეს კატალიზატორი იმის, რომ ირაკლი თურმანიძე ჩვენთან არის, გუნდშია და ინარჩუნებს ამ მდგომარეობას. წინ ბევრი შეჯიბრება ელის, სადაც კიდევ გვასახელებს. ამაში დარწმუნებული ვარ.

– ევროპის ჩემპიონატზე, თურმანიძემ თქვენსკენ გამოიშვირა ხელი და აღნიშნა, რომ მისი წარმატება თქვენი დამსახურებაა. თქვით, რომ ის მოგყვებათ ვარჯიშებში. ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენები გყავთ, ადვილია მათი დამორჩილება, კომფორტულია მათთან მუშაობა?

– იმისთვის, რომ ეს კომფორტული მდგომარეობა მივიღოთ, ასე არ ვუდგებოდით. ეს მოაქვს იმ საქციელს, რომელსაც სპროტსმენი აკეთებს ან არ აკეთებს. ჩემი მისვლის დღიდან ასეა, 2003 წლის 10 მაისიდან, როდესაც მე დავინიშნე. შევხვდი ბიჭებს, მწვრთნელებს. მქონდა ჩემი შეთავაზებები იმ განვითარებისთვის, რომელშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ თავს კარგად გავართმევდით, თუ იქნებოდა ერთობა. ყველა მწვრთნელმა გაიზიარა ის საერთო სტრატეგია, რასაც ქართული ძალოსნობის წარმატება ჰქვია. თუმცა ამას ვერ ექნებოდ საწყისი, თუ არ იქნებოდა პირველი პირის, ამ შემთხვევაში, კახი კახიაშვილის ნება, რომ ეს ასე გაგვეხორციელებინა. ვერ ვიტყვი, რომ მე და კახი ერთი და იგივე ადამიანები ვართ, მაგრამ განვითარებაში ერთიანი ხედვები გვაქვს. აქედან გამომდინარე, დიდი მხარდაჭერა მოვიპოვეთ ნდობის სახით და 300-ზე მეტი მედალი ბევრ რამეზე მეტყველებს. ბიჭებთან ბევრ თემაზე გვაქვს საუბარი. მე ვეუბნები, რა სჭირდებოდათ მათ, რა იყო აპრიორი. ერთად მივაღწიეთ წარმატებას. ხანდახან, სიჩქარეს გადავაჭარბებთ ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიული შეცდომა შავუშვით, თუმცა არ უნდა გადავაჭარბოთ და მაქსიმალურად შევზღუდოთ ის არეალი, რომელიც ჩვენს სპორტულ კარიერას არ წაადგება დადებითად. რა თქმა უნდა, უამრავი თემაა, რომელზეც გვაქვს საუბარი. ხანდახან, შეიძლება, წყენოდათ კიდეც, გაგებით მოეკიდნენ, შემდეგ ხომ აანალიზებდნენ ამას. გულწრფელად ვარ ყველასთან. ლაშა და ირაკლი მაგალითები არიან ამ ბიჭებისა, მაგრამ სადაც შეცდებიან და როგორც შეცდებიან, იქ აგებენ პასუხს. არავისთვის არის პრივილეგია რაღაც შედეგი. ჩვენთვის პრივილეგიაა ის დისციპლინა, წესრიგი და ფასეულობა, რითიც მოვედით ძალოსნობაში. ეს გადაწყვეტილებები არამარტო ამბიციური, არამედ სტრატეგიული და მიზნისკენ მიმართულია და ამ გზაზე, თუ დავინახავთ, რომ ვინმე შეცდომას უშვებს, ვალდებულები ვართ, ვუთხრათ, ვასწავლოთ, შევუსწოროთ. თუ ჩვენ ვუშვებთ შეცდომას, შეგვისწორონ და გვასწავლონ. მინდა, ქართული ძალოსნობა იყოს ღია, გულწრფელი და დამოუკიდებელი იმისთვის, რომ არცერთ ადამიანს არ შეეძლოს, თავს მოახვიოს მეორე ადამიანს რაღაც ზედმეტი. ამ ფასეულობებს იზიარებს სწორედ ლაშა, ირაკლი და დანარჩენი ბიჭები, რომლებიც მგონი, გვაამაყებენ და დრო გავა, კიდევ ბევრჯერ ასწევენ ქართულ დროშას და ააჟღერებენ ჰიმნს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლაშა ტალხაძემ ძალიან ადრეულ ასაკში მოიგო ყველა ის ტიტული, რაზეც შეიძლება სპორტსმენმა იოცნებოს. ჰქონია მას რამე ეტაპზე ჩავარდნა?  ის ისევ ისეთი მოტივირებულია და ისევ გამოწვევაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

– ლაშამ ძალიან დიდი რაღაც მიიღო. გამოჩნდა ლიდერი ადამიანი, ძალიან პატარა ბიჭი და შეძლო, დაეპყრო ყველა ის ტიტული, რომელიც ვთქვით. ეს, გარკვეულწილად, მისთვის იყო სტრესი, რომელსაც უნდა კარგი გამოყენებით მართვა. სწორედ ეს მომწონს მასში, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, რა რთულიც უნდა იყოს ის, ენდობა იმ გადაწყვეტილებას, რომელზეც გვაქვს საუბარი და მომყვება. მისი ჩატარებული ვარჯიშები, მისი გამოსვლები შეჯიბრზე, მასთან ურთიერთობა, შეგნება სიამოვნებას მანიჭებს. რთულია, იყო ორი მეტრი სიმაღლე და 170 კილო და აკეთო ის ვარჯიშები, რომლებიც პატარა წონებსაც კი უჭირთ. რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ლაშას აქვს ამ ყველაფრის ხალისი და შნო და რა თქმა უნდა, ყველა სიტუაციიდან, ვეცდები მოვარგო ის გასაღები, რომელიც მის წარმატებას გააკეთილშობილებს და მიზნამდე მიგვიყვანს. ეს პროცესია და არ არის ჩემს მიერ დაწერილი ერთი კონკრეტული ვარჯიში, რომელიც, გინდათ თუ არა, რაღაც ფორმულაა. თვალებში ჩახედვაა და მისი სურვილი, რა სჭირდება და როგორ, რას ფიქრობს და რა მოსაზრება აქვს.

– თქვენ თქვით, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ორჭიდის ჯამში 500 კილოს დაფიქსირებაა მიზანი. სად გადის თქვენი და ლაშას შესაძლებლობების ზღვარი, სადამდე შეიძლება წახვიდეთ?

– ასე ვიტყოდი, ხუთასი კილოს მიზანი დაიბადა 2011 წელს, თუ ცოტა ადრე არა, როდესაც ვანო გრიქუროვმა გააჟღერა, ლაშას ეს შეუძლიაო. ამან, თითქოს ჰპოვა განვითარება და მოთხოვნა. ზღვარი ყველაფერს გააჩნია. ის საზღვარი, რომელიც არსებობს, ისიც კი რაღაცის ზღვარია, მაგრამ ლაშას რეალურად შეუძლია ამ შედეგის გაკეთება. ეს არის ყველა სპორტსმენისთვის ასტრონომიულად დაუჯერებელი ციფრი. კი, სადღაც ვიღაცას სჯერა, ურთულესია, მაგრამ არა ლაშასთვის. მას ეს შეუძლია! ბევრი ნიუანსია. ოლიმპიური თამაშებია და გვაქვს ჩვენი მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. უნდა გავითვალისწინოთ რისკები ამ გზაზე, შეიძლება, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს და არ ღირს. ვეცდებით, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდეთ. ამისთვის გვჭირდება 5-6 შეჯიბრი და იქნება იმის საშუალება, თუ ჩვენი ლაშიკოს სურვილი იქნება, ეს გავაკეთოთ. არ არის ჩვენი ტანდემისა და იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც მუშაობით სიამოვნებას ვიღებ, რთული და ნამდვილად შესაძლებელია. არის რაღაც, რაც შენს სურვილზე მაღლა დგას და ეს არის სახელმწიფო ინტერესი – სპორტსმენის რეალიზება იმ ღონისძიებებში, რაც დაგეგმილი გაქვს. აქედან გამომდინარე, რისკები შეიძლება არ იყოს გამართლებული. ნუ გვაჩქარებთ, ნელ-ნელა ვემზადებით.

– რიოს ოლიმპიადაზე ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგების შემდეგ, თქვენს რიგებში ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენები გამოჩნდნენ. ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის რამდენად რეალურია, რომ ლიცენზიების რაოდენობა გაიზარდოს. რამდენი კვოტა გვაქვს?

– რეალობაა ასეთი – ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იქნება 7 წონითი კატეგორია, სადაც თითო ქვეყანას ეძლევა მხოლოდ 4 სპორტსმენის გამოყვანა მამაკაცებში და ამდენივე  – ქალებში. ასეთი რეგულაციებია. ჩვენს გუნდს რაც შეეხება, რეალური პრეტენდენტები გვყავს – პლესნოი, დავითაძე, ჩხეიძეები, თურმანიძის და ლაშას შემთხვევაში მხოლოდ ერთი უნდა წავიდეს და როგორც არის მდგომარეობა, ვიცით, მიშველიძე, რომელიც რეალურად ახლოს იქნება კარგ შედეგთან. ჩვენშიც კი კონკურენცია იქნება.

– ლაშას და ირაკლის შემთხვევაში, ბევრჯერ გვინახავს, რომ თურმანიძე წინა პლანზე ყოველთვის ლაშას აყენებს. ბიჭები რამდენად ჯანსაღად უყურებენ ამ სიტუაციას, რომ მხოლოდ 4 ლიცენზია იქნება და ყველა მათგანი ვერ მოხვდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე?

მინდა, ყველას ჩემი პატივისცემა დავუდასტურო და აღვნიშნო, ჩემი შვილიც კი იმავე მდგომარეობაში იმყოფება, როგორც დანარჩენი სხვა და იმ კატეგორიის ყურადღებას იღებს, რაშიც იმყოფება. ამიტომ, არავინ იქნება პრივილეგირებული და თავზეხელგადასმული. თუ ორი თანაბარი შედეგი იქნება, მწვრთნელი იღებს იქ გადაწყვეტილებას,  სხვა შემთხვევაში, უკეთესი უნდა იყოს. მეტ შტანგას აწევს, ის უნდა წავიდეს. ვფიქრობ, თვითონაც ჯანსაღად უყურებენ ამ სიტუაციას, რადგან მათზეა დამოკიდებული და არ უნდა დასწყდეთ გული. ირაკლი გუნდის კაპიტანი და ახლო მეგობარია. ბევრი კარგი შეიძლება ითქვას მასზე. ის ძალიან რეალურად უყურებს იმ მდგომარეობას, სადაც იმყოფება. გარკვეულწილად, ეს ყველაფერი მას სიამოვნებას ანიჭებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ გულწრფელია იმ ჟესტიკულაციაში, რომელსაც ახორციელებს. ლაშა თანაბრად გვიყვარს, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ეს არ იწონება, მაგრამ თანაბრად უნდა გვიყვარდეს გმირები, ასე მესმის.

– ოლიმპიური ლიცენზიების წელია, გაწერილი გექნებათ გეგმა, თუ როგორ უნდა მიხვდიდეთ ფინიშამდე. როგორია ეს გეგმა?

– სამოქმედო გეგმაა ყველა იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც სალიცენზიო ქულებში დაგვაწინაურებს. დღეს უკვე, ჩვენი 5-6 სპორტსმენი შესულია რეიტინგში. ვალდებულებებია შეჯიბრში მონაწილეობის. ეტაპებადაა დაყოფილი. შემდეგი იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ლიცენზიები გათამაშდება და მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატი. არ არის გამორიცხული, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე მოგვიწიოს მონაწილეობა. ვეცდებით, იმ გრაფიკს გავყვეთ, რაც საერთაშორისო ფედერაციამ შემოგვთავაზა, გავითვალისწინოთ ნიუანსები და ვეცადოთ, მაქსიმალურად, 4 ლიცენზია მოვიპოვოთ. გოგონებს ექნებათ შანსი, გარკვეულწილად. იმედია, ანასტასია გოტფრიდი დაბრუნდება და სხვა წევრები ჩაეტევიან საწვრთნელ პროცესში და თავიანთ შანსებს გამოიყენებენ. მიზანი არის ტოკიო და ტოკიოში მაქსიმალური რაოდენობით წარდგენა ჩვენი სპორტსმენების, ვინც იბრძოლებს და თავიანთ დავალებებს შეასრულებს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უფრო გამოიკვეთება ის ეტაპი, თუ რა დაგვჭირდება ლიცენზიების მოსაპოვებლად. საბოლოო ჯამში, გვინდა მხოლოდ გამარჯვებები!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

 

  • 418
  •  
  •  
  •  
  •