ჰავაიზე დაკარგული ტურისტი ქალი ორი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

35 წლის ამერიკელი მოგზაური ამანდა ელერი, რომელიც ჰავაის კუნძულ მაუიზე 2 კვირის წინ დაიკარგა, ცოცხალი და თითქმის უვნებელი იპოვეს, თუმცა ძალიან დასუსტებული. მთელი ამ ხნის მანძილზე, ის კენკრით იკვებებოდა და წყურვილს წყაროს წყლით იკლავდა.

8 მაისს ის კუნძულზე ლაშქრობისას დაიკარგა. მისი მობილური ტელეფონი და ავტომანქანა მაკავაოს ტყის ნაკრძალის ავტოსადგომზე იპოვეს, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ ქალი ტყეში დაიკარგა. ბოლოს ის მისმა მეგობარმა ნახა. პირველადი ინფორმაციით, ამანდამ ფეხი იტკინა და ტურისტების ჯგუფს ჩამორჩა. მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა ინტენსიური სამძებრო სამუშაოები დაიწყეს და ფულადი ჯილდოც კი დააწესეს იმისთვის, ვინც დაკარგულს იპოვიდა.

დაკარგვიდან 15 დღის შემდეგ, ამანდა სამაშველო ვერტმფრენიდან შენიშნეს. მაშველებმა ის ღრმა ხრამიდან უვნებელი ამოიყვანეს. მისმა დედამ, ჯულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც ერთი წამით არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ამანდა ცოცხალი იყო: “ვიცოდი, რომ იმედი არ უნდა დამეკარგა – მას აუცილებლად ვიპოვიდით”.

წყარო: BBC

  • 1
  •  
  •  
  •  
  •