ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მიდის

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს კონსერვატული პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება.

ეს გადაწყვეტილება ტერეზა მეიმ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯერემი ჰანტთან და შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა, რომლებმაც მთავრობის მეთაურს საკუთარი შეშფოთება გაუზიარეს იმ ახალ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მეის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ჰქონდა.

დაუნინგ-სტრიტზე ემოციური გამოსვლის დროს, ტერეზა მეიმ თქვა, რომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა 2016 წლის რეფერენდუმის გადაწყვეტილება შესრულებულიყო – ამ რეფერენდუმზე “ბრექსიტის” მომხრეებმა გაიმარჯვეს.

მისი თქმით, ის ყოველთვის გულდაწყვეტილი იქნება იმის გამო, რომ “ბრექსიტი” ვერ განახორციელა. თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ქვეყანას ახლა ახალი მეთური უნდა მართავდეს და ეს ყველასთვის უმჯობესი იქნება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პირველი პირი ბოლო დროს სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდიდა. მისი გადადგომა აქტიურად იდგა დღის წესრიგში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ბრექსიტთან” დაკავშირებით მეის ახალმა წინადადებამ ისევ ვერ მიიღო პარლამენტის მხარდაჭერა.

ოთხშაბათს გადადგა თემთა პალატის უმრავლესობის ლიდერი ანდრეა ლედსომი, რომელმაც განაცხადა, რომ აღარ სჯერა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

წყარო: BBC

 

 

 

  • 2
  •  
  •  
  •  
  •