2020 წლიდან Prada ცხოველების ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობს

მოდის სახლი “პრადა” აცხადებს, რომ მომავალი წლიდან უარს იტყვის ცხოველების ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე. თუმცა ადრე დამზადებული ტანსაცმელი გაყიდვაში რჩება.

კომპანიის ხელმძღვანელის, მიუჩი პრადას თქმით, “ახალი მასალების გამოყენება კომპანიას კრეატიული დიზაინის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს მისცემს და, ამავდროულად, დააკმაყოფილებს ეთიკურად უნაკლო ნამუშევრებისადმი მოთხოვნას”.
ცვლილებები 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს შეეხება და ისეთ ბრენდებსაც მოიცავს, როგორიცაა Miu Miu, Church’s და Car Shoe.

ჯონ ვინდინგი, ბეწვის გამოყენების წინააღმდეგ ალიანსის (Fur Free Alliance, FFA) ხელმძღვანელი, ამბობს: “Prada შეუერთდა იმ ბრენდების მზარდ რიცხვს, რომლებიც უარს აცხადებენ ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე, იმ მიზნით, რომ შეიცვალოს კლიენტების დამოკიდებულება ცხოველებისადმი”.

FFA-ში შედის ცხოველთა უფლებების დამცველ 50 ორგანიზაციაზე მეტი.

გასულ წელს, ბრიტანულმა კომპანია Burberry-მ განაცხადა, რომ უარს ამბობს კოლექციებში ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე, ასევე, გაყიდვიდან ამოიღებს ადრე დამზადებულ ბეწვის ტანსაცმელს.

2018 წლიდან, ნატურალურ ბეწვს კოლექციებში აღარ იყენებს Gucci-ც.

ცხოველთა უფლებების დამცველი მოძრაობების აქტივისტებმა გასულ წელს “პრადას” მოდის სახლის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს, რომელმაც იმ დროს მელიისა და წაულის ბეწვისგან დამზადებული ქურთუკები გამოუშვა. ამჟამად ეს ტანისამოსი ამოღებულია “პრადას” ოფიციალურ საიტის გაყიდვებიდან, თუმცა აქ ჯერ კიდევ შეხვდებით მელიის ბეწვისგან დამზადებულ სხვა ნამუშევრებს.

კანონი, ბეწვის მიღების მიზნით ცხოველების გატყავების აკრძალვის თაობაზე, ბრიტანეთმა 2000 წელს მიიღო. თუმცა ნებადართულია იმპორტული ბეწვის ტანსაცმლის გაყიდვა, თუკი მის ეტიკეტზე მითითებული იქნება, რომ ისინი ნატურალური ბეწვისგან დამზადდა.

ბრიტანელი პარლამენტარების ნაწილი ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის სრულ აკრძალვას ითხოვს.

ფოტო: GETTY IMAGES

  • 1
  •  
  •  
  •  
  •