ზელენსკის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები: ვინ არიან ადამიანები, ვისაც უკრაინის ახალი პრეზიდენტი ენდობა

იუმორისტული სტუდია "კვარტალი 95"-ის წევრები, კოლომოისკის პირადი ადვოკატი და ზელენსკის ბავშვობის მეგობარი - უკრაინის ახალი ხელისუფლების მაღალჩინოსნები გახდნენ

პრეზიდენტობის მეორე საღამოსა და მესამე დილას უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ პირველ საკადრო გადაწყვეტილებებს მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა ახალი კადრები, პირველ რიგში, საკუთარ ადმინისტრაციაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დანიშნა.

ზელენსკის ნდობის აღჭურვილ პირებს შორის აღმოჩნდნენ: იუმორისტული სტუდია “კვარტალი 95”-ის წევრი (ამ სტუდიის ვარსკვლავი, პრეზიდენტად არჩევამდე, თავად ზელენსკი იყო); ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული იურისტი და გენერალი, რომელიც ილოვაიკსთან გამართული ბრძოლების დროს უკრაინულ არმიას მეთაურობდა.

მაშ ასე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრეი ბოგდანი დაინიშნა – 42 წლის, პროფესიით იურისტი, ადვოკატი. ამბობს, რომ ზელენსკის, დიდი ხანია, იცნობს და მას მეგობარს უწოდებს. “უკრაინულ პრავდასთან” ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, ზელენსკის – მაშინ პოპულარულ კომიკოს მსახიობს, არწმუნებდა, რომ პოლიტიკაში წასულიყო.

ვარაუდობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, იმ დროს, როცა თავად ზელენსკის დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მნიშვნელოვანი გავლენები ექნება და უკრაინის ხელისუფლებაში ის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცევა. ბოგდანი, წინა პრეზიდენტების დროს, ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, თუმცა უკრაინული პრესა მას ყველაზე ხშირად იგორ კოლომოისკისთან აკავშირებს – ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ უკრაინელ ოლიგარქთან. 2014 წელს, დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორობის დროს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი უფროსი მისი მრჩეველი იყო, მოგვიანებით – ადვოკატი და პირადი იურისტი. თავად ბოგდანი ამბობდა, რომ ის, ბოლო დროს, კოლომოისკის ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი იყო და ოლიგარქს “უკრაინის დიდ პატრიოტს” უწოდებდა. თუმცა საადვოკატო საქმიანობა ბოგდანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნისთანავე შეწყვიტა.

ზელენსკის პირველი მრჩეველი 54 წლის სერგეი შეფირი გახდა – პრეზიდენტის ახლო მეგობარი, სტუდია “კვარტალ 95”-დან.  პირველ მრჩეველს უკრაინის პოლიტიკაში “პრეზიდენტის ჩრდილს” ეძახიან: ის ადგენს მის სამუშაო გრაფიკს, ათანხმებს შეხვედრებს და საერთოდ, პირველი პირის “მარჯვენა ხელია”.

უკრაინული პრესა წერს, რომ სწორედ სერგეი შეფირმა მიიწვია, თავის დროზე, ზელენსკი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდში, ხოლო მოსკოვში ისინი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. კიევში დაბრუნებისას, მათ ერთად ჩამოაყალიბეს სტუდია “კვარტალი 95”, რაც მოგვიანებით, დიდ ბიზნესად იქცა. მათ განსაკუთრებულ სიახლოვეზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ზელენსკიმ თავისი წილი “კვარტალში” სწორედ შეფიროვს გადაუფორმა.

პრეზიდენტის პირველი მრჩეველი ამბობს, რომ მას “არ ადარდებს არანაირი თანამდებობა, მაგრამ ადარდებს თავად ზელენსკი”: “მინდა, რომ ის დარჩეს ადამიანად, მაშინ, როდესაც პოლიტიკოსი გახდა. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე იქ ვიქნები, სადაც საჭიროა და ვიცი, რომ ის მე იმედს არ გამიცრუებს”, – ამბობს სერგეი შეფირი.

კიდევ ერთი ადამიანი “კვარტალი 95”-დან, სტუდიის აღმასრულებელი პროდიუსერი სერგეი ტროფიმოვი ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნა, რამაც უკრაინაში კიდევ უფრო აქტუალური გახადა ხუმრობა თემაზე: “კვარტალი 95 ბანკოვას ქუჩაზე გადმოდის” (ეს ის ქუჩაა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისი მდებარეობს).

ტროფიმოვთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაინიშნენ: იური კოსტიუკი – სერიალ “ხალხის მსახურის” კრეატიული პროდიუსერი და სცენარისტი (ეს ის სერიალია, სადაც ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის შემთხვევით არჩეული პრეზიდენტის როლი შეასრულა); კირილ ტიმოშენკო – ტელეპროდაქშენ GoodMedia-ს დამფუძნებელი, 30 წლის, სოციალური და პოლიტიკური რეკლამების სპეციალისტი და რუსლან რიაბოშაპკა – 43 წლის იურისტი, რომელიც, სხვადასხვა დროს, იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის სამდივნოში მუშაობდა.

ადმინისტრაციის უფროსის კიდევ ერთ მოადგილედ ზელენსკი ელენა ზერკალის დანიშვნას აპირებდა – “ძველი გვარდიის” წარმომადგენლის, პროფესიონალი იურისტის, რომელიც 2014 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე პროცესებს კურირებდა. მაგრამ ზერკალმა პოსტზე უარი თქვა და პრეზიდენტმა დანიშვნის ბრძანება გააუქმა. “მოგვიანებით, ყველაფერს ავხსნი, საქმე თანამდებობაში არაა”, – ასე განმარტა უარის მიზეზი ლანა ზერკალმა თავის “ფეისბუკის” გვერდზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის – გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე  52 წლის გენერალ-ლეიტენანტი რუსლან ხომჩაკი დაინიშნა. ის დონეცკთან მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდა და ილოვაისკის ოპერაციას ხელმძღვანელობდა, რაც უკრაინას დიდი მსხვერპლის ფასი დაუჯდა. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ ილოვაისკის ტრაგედია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის რეგულარული ძალების შემოჭრამ გამოიწვია. 2016 წელს გენერალი ხომჩაკი სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი.

და ბოლოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე – კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით – ივან ბაკანოვი დაინიშნა. ბაკანოვი ზელენსკის ბავშვობის მეგობარია. ისინი გვერდიგვერდ კორპუსში გაიზარდნენ, იყვნენ ბიზნეს-პარტნიორებიც – ბაკანოვი სტუდია “კვარტალი 95”-ის იურისტი იყო და ზელენსკის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა.

“ყველა ფიქრობს, რომ “კვარტალი” კომიკოსები და მსახიობები არიან, რომლებიც ვერ ერკვევიან სხვა სფეროებში. ეს ასე არ არის. “კვარტალი” – ესაა ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა უნივერსიტეტში მიიღეს განათლება: ექიმები, ეკონომისტები, იურისტები, ბუღალტრები”, – ამბობს ბაკანოვი.

ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მოქმედი უფროსის – ვასილი გრიცაკის გადადგომის შემთხვევაში, რის თაობაზეც უკვე გაჟღერდა, მის პოსტს სწორედ ივან ბაკანოვი დაიკავებს.

წყარო: BBC

  • 6
  •  
  •  
  •  
  •