ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

სფფ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც უაზრო განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მწვრთნელმა უაზრო განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

სფფ-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემა ჩვეული ამბავია, თუნდაც, საქართველოს სამეზობლოში, სადაც 6 თვეც არ აუღიათ ხელფასები გუნდში, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავის ულაპარაკია.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, მსგავსი უაზრო კომენტარები აბსოლუტურად მიუღებელია.

„მეორე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და ვისაუბრო, რადგან ამაზე ხშირად ისმება კითხვა, არის ერთ-ერთი კლუბი, ქუთაისის „ტორპედო“, სადაც არსებობს ფინანსური პრობლემა და საუბრობენ ხშირად, ადამიანები ცდილობენ ზიანი მიაყენონ ფონდის მუშაობას და ა.შ.

იცით, საერთოდ რამდენი ჰქონდა ბიუჯეტი 2018 წელს? – დაახლოებით 11-12 მილიონი, საიდანაც, ფონდიდან მიიღო დაახლოებით მილიონ ნახევარი, ორი მილიონი, დანარჩენი ფული არის სულ მოზიდული თანხები, როგორც უეფადან, ისე კერძო სექტორიდან და სპონსორებიდან. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფონდი არ იქნებოდა და უკეთესი იქნებოდა, ფონდი რომ არ იყოს, იქნებოდა ის ქუთაისი, რაც წლების წინ იყო, მილიონნახევრიანი მუნიციპალური გუნდი. შეექმნა პრობლემა, კი ბატონო, თავიანთ პარტნიორთან მიმართებაში, მაგრამ მე ვთხოვ ყველას, მათ შორის ფეხბურთელებსაც და მათ შორის მწვრთნელებსაც, რომლებმაც ჩემი გადმოსახედიდან, აბსოლუტურად უაზრო კომენტარები გააკეთეს, მეტად სცენ პატივი თავიანთ გუნდსაც, თავიანთ გულშემატკივარსაც, რომლებიც დასდევენ ყველგან და გვერდში უდგანან, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. მე მქონდა უშუალოდ ხელმძღვანელებთან საუბარი, გულშემატკივართან და ვიცი ზუსტად. ფეხბურთის ფედერაცია არის და ყოველთვის დაუდგება გუნდებს გვერდში. გარწმუნებთ, ქუთაისის „ტორპედო“ ყოველთვის იყო და იქნება, თუ ექნებათ პრობლემა, შეიძლება ეს კონკრეტულად შეეხოს იმას, რომ ძვირადღირებული ფეხბურთელები არ ეყოლებათ, მაგრამ „ტორპედო“ იქნება, ითამაშებს. დაანებონ ამ უაზრო კომენტარების კეთებას თავი. შეხვედრილები არიან ხელმძღვანელებთან და აქვთ პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. უამრავი ქვეყანა არსებობს, მათ შორის, ჩვენს მეზობლებში, სადაც უდიდესი ლიგაა და 6 თვე ვერ იღებენ ხელფასებს. ხდება, სამწუხაროდ, მაგრამ არც ერთი არ გამოდის და არ საუბრობს, რომ თამაშზე არ გავალთ და დავიშლებით. პირველ რიგში, ფეხბურთელებს მოვუწოდებ, ჩაიხედონ, რისი უფლება აქვთ თავიანთ კონტრაქტებში. სცენ პატივი ქალაქს, კლუბს და ფეხბურთს და არა მხოლოდ თავიანთი ინტერესი ატარონ. კი ბატონო, აქვთ პრობლემა, გაუსამმაგდათ, გაუოთხმაგდათ ხელფასები და ღმერთმა მილიონები აშოვნინოთ, არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ დავდგეთ ერთად და გადავჭრათ და არა – გამოვიდეთ და მსგავსი უაზრო კომენტარები ვაკეთოთ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ქუთაისის „ტორპედოში? ფინანსურ კრიზისზე საუბარი ორი კვირის წინ დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის და ფეხბურთელების არაერთი განცხდებით, მათ ორი თვის დავალიანება აქვთ ასაღები და შესაძლოა, მომდევნო თამაშებზე ვერ გამოვიდნენ.

  • 146
  •  
  •  
  •  
  •