ხინჩეგაშვილი თუ იაკობიშვილი – გიორგი იანტბელიძე მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა

გიორგი იანტბელიძის დილემა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, გიორგი იანტბელიძისთვის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე დიდი თავსატეხია. მან არჩევანი უნდა გააკეთოს – სასწორის ერთ მხარეს, ორგზის ოლიმპიური ფინალისტი, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია, მეორე მხარეს კი – მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი 65 კგ წონით კატეგორიაში, ზურა იაკობიშვილი.

როგორც გიორგი იანტბელიძე „რეკორდერთან“ ინტერვიუში ამბობს, მან ორივე სპორტსმენთან ისაუბრა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზად არის.

რას ფიქრობს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ ქართველ სპორტსმენებზე, რომლებიც გენო პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტს, თურქ ტაჰა აკგულის ამზადებენ და როგორ მოაგვარებენ გენო პეტრიაშვილის სპარინგ-პარტნიორის პრობლემას?! ქართველ გოლიათს საქართველოში კონკურენტი აღარ დარჩა, ახლა კი ტრავმირებულია და თვენახევარი დაისვენებს.

„ოლიმპიური დღიურების“ სტუმარი გიორგი იანტბელიძეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაგდა კლდიაშვილი

 – უკრაინიდან დაბრუნდით ახლახანს, სადაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა ნაკრებმა, თუმცა ეროვნულ გუნდს წამყვანი მოჭიდავეები – ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი აკლდნენ. კიევის ტურნირი მინსკის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაიგეგმა. კმაყოფილი ხარ საკუთარი შეგირდების გარჯით? რატომ არ იყო ხინჩეგაშვილი და რა სირთულის არის პეტრიაშვილის ტრავმა?

 – როგორც მოგეხსენებათ, კიევის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა კარგად იასპარეზა. 9 მედალი მოიპოვა – 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ნამდვილად კარგი შედეგია. ლადო ხინჩეგაშვილი არ იყო, რომელსაც პატარა ტრავმა აქვს და გადავწყვიტეთ, დაგვესვენებინა ამ ეტაპზე, რადგან როდესაც შეკრებას დავიწყებთ, ხელი არ შეეშალა იმ ტრავმას და მზადება გაგვეგრძელებინა. არ იყო ბექა ლომთაძეც, მასაც ტრავმა აქვს, გენოს მუხლი აწუხებს, რაც ევროპის ჩემპიონატზე დავინახეთ. სამივე მკურნალობს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, არ წაგვეყვანა კიევის ტურნირზე ჩვენი სპორტსმენები. საერთო შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. სამუშაო ისევ ბევრია. წინ ევროპის ოლიმპიური თამაშებია და და ესეც ერთ-ერთი ეტაპი იყო. შემდეგ კიდევ ორი შეკრება გვექნება, რათა, ის შეცდომები, რაც დავინახეთ, მაქსიმალურად გამოსწორდეს, რომ ევროპის თამაშებისთვის გუნდი სრულად მზად იყოს.

– გენო პეტრიაშვილის თემა გავაგრძელოთ. ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გავიგეთ, რომ მას ტრავმა აწუხებდა. მისგან, 2020 წელს ყველა ოლიმპიურ ოქროს ელის და შესაბამისად, მანამდე – ლიცენზიას. რა სირთულის ტრავმა აქვს, როდის დაიწყებს ვარჯიშს?

– ყველა გადართული ვართ იმაზე, რომ არა მხოლოდ გენომ, არამედ ყველამ, რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოიპოვოს და ტოკიოში უმაღლესი შედეგი დაიდოს. დარწმუნებული ვარ, თითოეული სპორტსმენი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება გენოს, ევროპის ჩემპიონატის მზადების წინ მიიღო მან ეს ტრავმა, მაგრამ დიდი სირთულის არ მოჩანდა. ყოველ შემთხვევაში, თავიდან ასე გვეგონა. სამწუხაროდ, ბოლოში გართულდა, ამას ძველი ტრავმაც დაეთო და ექიმებმა გვირჩიეს, თვენახევარი დაესვენა. გადავწყვიტეთ, პატარა ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. მან მენისკის ოპერაცია გაიკეთა და თვენახევარში, ის ძველ და ახალ ტრავმასაც მოიშუშებს. ექიმები გვაიმედებენ.

– მეორე პრობლემა, რაც გენოსთან დაკავშირებით ყველას აწუხებს, ისაა, რომ მას საქართველოში სპარინგ-პარტნიორი არ ჰყავს. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

– მძიმე წონა სპეციფიკურია. არ არის საშუალო, რომ ზედა ან ქვედა წონითი კატეგორიიდან სპორტსმენი ეჭიდაოს. მძიმე წონაში სპარინგ-პარტნიორიც უნდა იყოს მძიმე წონის და ფიზიკურად, აღნაგობით ძალიან ძლიერი. სამწუხაროდ, აღარ გვყავს. ყველა წავიდა, სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს, ან თავი დაანება. ამას ვებრძვით იმით, რომ უკრაინიდან ჩამოვიყვანეთ მოჭიდავე ევროპისთვის. გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის უფრო დაბალი დონის სპორტსმენებთან. გვაქვს სურვილი, რომ ყატარის სახელით მოასპარეზე გიორგი საკანდელიძე ისევ დავაბრუნოთ უკან და ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებაში წერილი ამის თაობაზე უკვე გავაგზავნეთ, რათა საკანდელიძეს მიეცეს საშუალება, კვლავ საქართველოს სახელით იასპარეზოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გენოს ეს პრობლემა არ ჰქონდეს და მან თავისუფლად გაიაროს მზადების ყველა ეტაპი.

– ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ტაჰა აკგულთან გენოს მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ესეც ხომ არ იყო?

– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როდესაც მოწინააღმდეგეს ასეთი კარგი პარტნიორები ჰყავს, მძიმე წონისთვის იდეალური და ჩვენ – არავინ.  ჩემი კოლეგა და ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, დავით ოთიაშვილი უდგება ხოლმე გენოს, რომ მან დატვირთვები მიიღოს.

– რადგან სპარინგ-პარტნიორები ვახსენეთ, ლოგიკურია გკითხოთ იმ ქართველ მოჭიდავეებზე – დავით მოძმანაშვილზე, ლევან ბერიანიძესა და გიორგი  მეშვილდიშვილზე, რომლებიც გენოს უშუალო კონკურენტს, ტაჰა აკგულის ამზადებდნენ. როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როგორ ახსნით ამ ფაქტს?

– ეს ფაქტი, რასაც თქვენ მეუბნებით, სიმართლე გითხრათ, სოციალური ქსელებში დადებული ფოტოებიდან გავიგე. ვნახე, ყველას ერთად აქვს ფოტოები გადაღებული. არ მისაუბრია მათთან, ამიტომ, ამ შეკითხვაზე დასაბუთებულ პასუხს ვერ გაგცემთ.

– სპორტული კუთხით რომ შევხედოთ, ამართლებთ მათ საქციელს?

– არა, ყოვლად დაუშვებელია! როდესაც ასეთი კონკურენტი არსებობს, გენო ერთ-ერთი საჩემპიონო კანდიდატია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და მას ასეთი სერიოზული კონკურენტი ჰყავს, ვებრძვით თურქს, დღე და ღამე იმას ვფიქრობ, ის დავამარცხოთ, დილით რომ ვდგებით, ვგეგმავთ, აბა, როგორ მოვიქცეთ, რა გვჭირდება, ვწვებით და ვაანალიზებთ, როგორ გავაკეთეთ, სულ ამ ფიქრებში ვართ და ეს სპორტსმენები კი ჩვენს მოწინააღმდეგეს გვერდში უდგანან და ეხმარებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– აუცილებლად  უნდა შევაჯამოთ 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი. გასული წლის მსგავსად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოქროს მედლის მოპოვება წელსაც ვერ შეძლეს. ორი ოქროს ფინალი გვქონდა. ბექა ლომთაძე 8:0 უგებდა მეტოქეს და ის შეხვედრა წააგო. ყველამ დავინახეთ, რომ ის დაიღალა. როდესაც მსაჯმა მის კონკურენტს საკამათო ქულები მისცა, ჩელენჯი არ აიღეთ. გულშემატკივარი გაკრიტიკებდათ, რომ თქვენ ლომთაძეს დასვენების საშუალება არ მიეცით და ნაკრები ფიზიკურად მოუმზადებელი იყო. რა პრობლემა გქონდათ რეალურად?

– რაც შეეხება გუნდს, ვფიქრობ, ნორმალურად იყო მომზადებული. 10 წონითი კატეგორიიდან ექვსმა მედალი აიღო, ანუ ნახევარზე მეტმა შედეგს მიაღწია. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როდესაც ჩემპიონი გყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. რაც შეეხება ბექა ლომთაძეს, რომელიც 8:0 იგებდა და ისე მოხდა, წააგო, თუ გადავხედავთ მის განვლილ შეხვედრებს, მას ხშირად აქვს ასეთი პრობლემები. ყველა სპორტსმენი ინდივიდუალურია, ზოგს რისი პრობლემა აქვს, ზოგს – რისი. ბექას პრობლემა უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა, რაზეც ვმუშაობთ. ვეცდებით, შემდეგში აუცილებლად გამოსწორდეს, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბექა დიდი უპირატესობით იგებს და საბოოლოოდ, მარცხდება. ფსიქოლოგთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ ჩვენთან იმუშაოს. ასე რომ, გულშემატკივარი არ ვიცი, როგორ ფიქრობს, მაგრამ 10 წონიდან 6 რომ მედალს აიღებს და ნაკრები სტაბილურად შედეგს აკეთებს, მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, ეს ცუდი შედეგი არ არის.

– ირაკლი მწითურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე მოიპოვა. ყველაზე მოულოდნელი ვისი შედეგი იყო ევროპაზე თქვენთვის?

– ზოგს არ სჯეროდა, რომ მწითური მედალს აიღებდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი.  შარშანაც ჰქონდა შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. ასე ხდება ჭიდაობაში, ხან შვიდ წამში მოიგებ, ხან წააგებ. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ყველას მინდა მივულოცო ეს წარმატება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი შეიძლება ვერ აიღო, მაგრამ მეორე და მესამე ნამდვილად კარგი შედეგია. თითოეული მედალი და სპორტსმენი დასაფასებელია. ეს ბიჭები დღე და ღამე დარბაზში არიან, გლადიატორებიბივით და ვარჯიშობენ იმისთვის, რომ ასახელონ თავიანთი თავი და ქვეყანა. ამიტომ, მინდა მივმართო გულშემატკივარს, ყველა სპორტსმენს პატივისცემით მოეპყრონ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იჭიდავებს ის. დამიჯერეთ, მათ ყველაზე მეტად უნდათ, რომ ხალიჩაზე მაქსიმუმი დადონ.

– ყველა მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა წელს განსაკუთრებულად, რადგან ნურ სულთანში (ყაზახეთის დედაქალაქი) ტოკიოს 2020 წლის ლიცენზიები გათამაშდება. ალბათ, სამწვრთნელო შტაბს გაწერილი ექნება  სამოქმედო გეგმა. როგორ მოემზადებით ოლიმპიური თამაშებისთვის?

– მსოფლიო ჩემპიონატამდე ევროპის ოლიმპიური თამაშები გვაქვს და ესეც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. დაწყებული გვაქვს ამისთვის მზადება. უკვე ვიმყოფებით შეკრებაზე და კიდევ ერთი მოსამზადებელი ეტაპი გვექნება, საიდანაც გავემგზავრებით მინსკში. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ გადავხედავთ, თუ ვინ როგორ იასპარეზებს, ოლიმპიურ წონაშაში ვინ გამოავლენს თავს მაქსიმალურად, ვინ მოგვცემს იმის იმედს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გავუშვათ, ვინ იქნება მზად, მედლისთვის იბრძოლოს. ჯერ ამას ველით, შემდეგ კი ბალავაძე-კარტოზიას ტურნირი იქნება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

– 10 წონითი კატეგორიიდან  მხოლოდ ექვსია ოლიმპიური წონა. ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ ნაკრებში?

– ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ოლიმპიური თამაშები ისეთი ღონისძიებაა, რაზეც თითოეული სპორტსმენი ოცნებობს, მოჭიდავე იქნება ეს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი. ჩვენი სპორტსმენებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოხვდნენ ტოკიოს თამაშებზე. არ არის გამორიცხული, განხორციელდეს ცვლილებებიც.

– გულახდილად რომ ვთქვათ, ერთგვარი თავის ტკივილი გაქვთ და საკმაოდ რთული გადწყვეტილების მიღება მოგიწევთ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. ოლიმპიურ 65 კგ წონით კატეგორიაში არის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოლიმპიური ოქროსა და ვერცხლის მფლობელი და ამავე წონაში, მსოფლიო ჩემპიონი, ზურა იაკობიშვილი, რომელიც ახლა 70 კილოში გამოდის. ფიქრობთ ამ დილემაზე?

– რა თქმა უნდა, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ. ზურა მსოფლიო ჩემპიონია და სურვილი აქვს, მანაც მოიპოვოს ოლიმპიური მედალი. ასევეა ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც ორგზის ოლიმპიური ფინალისტია. ამაზე ბევრი გვიფიქრია და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა. ისევ და ისევ, ველოდებით ევროპის თამაშებს და ამის შემდეგ გახდება ყველასთვის ცნობილი, თუ ვინ იასპარეზებს 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

– იაკობიშვილი მინსკში ვერ იჭიდავებს, რადგან მისი წონა ოლიმპიური არ არის.  ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, საზოგადოების აზრი გაიყოფა. მსოფლიო ჩემპიონატზე, 65 კილოში ვის უნდა ველოდოთ – ლადოს თუ ზურას?  

– ეს ყოველთვის ასე ხდება. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც საჭიროა, ისე შევხვდები ამ შეფასებებს. ზურაბის მდგომარეობას ვსწავლობთ, არის რაღაც საკითხები და გარკვეული პროცედურებია ჩასატარებელი. სრული პასუხი, რაც გვაქვს ჩაფიქრებული და გასაკეთებელი, შემდეგ ვიტყვით, იქნება თუ არა იაკობიშვილი ამ წონით კატეგორიაში.

– სპორტსმენებთან ისაუბრეთ ამ საკითხზე უკვე? იციან, რომ  მათ შორის არჩევანის გაკეთბა მოგიწევთ?

– თითოეულ სპორტსმენთან ბევრჯერ ვისაუბრე და მაქვს ურთიერთობა. მინდა, ვიცოდე მათი აზრი და ჩემიც გავანდო, რომ საღი აზრი დაიბადოს.

– ლადო ხინჩეგაშვილთან და ზურა იაკობიშვილთან დაკავშირებით, მზად არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ერთ-ერთი მათგანისთვის, ის აუცილებლად მტკივნეული იქნება?

– ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და მზად ვართ ყველაფრისთვის.

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

  • 326
  •  
  •  
  •  
  •