ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

კიევის ტურნირის პირველ საფინალო დღეს, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ საფინალო დღეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული 74 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ქართული ფინალი შედგა, ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილი დაამარცხა. ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს.

ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თუმცა მან შეხვედრის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო. იგი უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს ამარცხებდა, თუმცა მეორე პერიოდში ფეხი დაიზიანა და დაპირისპირების დასრულება ვერ მოახერხა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ოქროს ფინალში ქერიმ მაჩალიკაშვილი (63კგ) გავიდა, რომელმაც ვერცხლის მედალი აიღო. ბრინჯაოს მედალოსნები იური ლომაძე და დავით ბაკურიძე გახდნენ.

რაც შეეხება მეორე ფინალურ დღეს, 70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი იქნება. ზურა იაკობიშვილი და რამაზან მალაკოევი ერთმანეთს დაეჭიდებიან. ოქროსთვის იბრძოლებენ ტარიელ გაფრინდაშვილი (79კგ) და ირაკლი მწითურიც (92კგ). თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ოთარ გოგავა (61კგ), ამავე წონაში, რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის იბრძოლებს თეიმურაზ ვანიშვილი.

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან ფინალის საგზურები გელა ბოლქვაძემ (77 კგ) და გურამ ხეცურიანმა (87 კგ) მოიპოვეს. ბოლქვაძე უკრაინის წარმომადგენელ ნურალიევს, ხოლო ხეცურიანი – კიდევ ერთ უკრაინელ ნოვიკოვს დაეჭიდება.

რამაზ სურმანიძე (60 კგ), დემურ ქავთარაძე (77 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ, დამაშვიდებელი წრიდან გააგძელებს მესამე ადგილისათვის ბრძოლას დათო ჩხარტიშვილი (60 კგ).

ფინალური შეხვედრები 15:00 საათიდან დაიწყება.

  • 332
  •  
  •  
  •  
  •