ნინო სალუქვაძე: რაც გააკეთე, იმას ვეღარ შეცვლი… ამიტომ, აქ ხარ და დღეს. ესაა ჩემი დევიზი

ლეგენდარული მიზანში მსროლელი ამბობს, რომ დაიღალა

36 წელი ოლიმპიურ თამაშებზე – ტოკიო ლეგენდარული ქართველი მსროლელისთვის, ნინო სალუქვაძესთვის რიგით მეცხრე იქნება. რიოს ოლიმპიადის მსგავსად, სალუქვაძე ახლაც პირველია, ვინც საქართველოდან ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და სიმბოლურ დაფაზე ხელი მოაწერა.

კარიერას როდის დაასრულებს, ჯერ არ იცის. აღიარებს, რომ ხანდახან ვარჯიშზე მისვლაც ეზარება, მაგრამ საქმეში მაინც ბოლომდე იხარჯება. სად გადის ნინო სალუქვაძის შესაძლებლობების ზღვარი და იქნება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მისთვის ბოლო – “ოლიმპიური დღიურების” პირველი რესპონდენტი ნინო სალუქვაძეა:

– 36 წელია, ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიხართ, ტოკიო კი თქვენთვის მეცხრე იქნება. რომ შევადაროთ, ემოციურად როგორია პირველი ოლიმპიადის და ტოკიოს ლიცენზიის აღება?

– მხოლოდ ოლიმპიადებს კი არა, ყოველ წელსა და დღეს აქვს მნიშვნელობა. ამას ერთმანეთს ვერ შევადარებ. ამბობენ, გამოცდილება გეხმარებაო, მაგრამ იმდენად შორს არიან ოლიმპიური თამაშები ერთმანეთისგან, 4 წელი საკმაოდ დიდი ინტერვალია და ყველა ინდივიდუალურია. ვერ იტყვი, აი, ეს არის რეცეპტი და ამით უნდა გამოხვიდე ოლიმპიადაზე, ასე უნდა გააკეთო, გააკეთებ და მოგება შენია. შანსი არ არის. ამას გარდა, მუდმივად იცვლება წესები. ქალთა მოძრაობამ მიაღწია იმდენს, რომ დისციპლინის ხანგრძლივობა მამაკაცებისას გაგვითანაბრეს. ისე კი არა, რომ მამაკაცები ჩამოექვეითებინათ და მონაწილეობა უფრო ადვილი გამხდარიყო, პირიქით, გაგვიზარდეს და ეს ძალიან დამღლელია ემოციურადაც, ფიზიკურადაც და ასე მგონია, ახალგაზრდა სპორტსმენები უფრო ვერ გაუძლებენ ამ დატვირთვას. გაუძლებენ რამდენიმე წელი, მაგრამ ისეთი გრძელვადიანი სპორტსმენები, როგორიც მე ვარ, მარია გროზევა, იასნა სეკარიჩი, ასეთები აღარ იქნებიან, რადგან ტრავმები გახშირდება და მისი აღდგენა ძალიან რთული იქნება.

– თქვენ გაქვთ ყველა სინჯის მედალი, რაც შეიძლება სპორტსმენმა მოიპოვოს ოლიმპიურ თამაშებზე. ოლიმპიური ოქრო და ვერცხი 1988 წელს მოიგეთ, ამის შემდეგ, თავი განაწყო კიდევ და მოტივაცია არ დაკარგო, რთული არ არის?

– მეტი პასუხისმგებლობა გემატება, რადგან უკვე მოგებული გაქვს ეს ოლიმპიური თამაშები თუ მსოფლიო ჩემპიონატი. შენს თავსაც მეტს სთხოვ, რომ ტიტული შეინარჩუნო, გააგრძელო და რამდენჯერმე შეძლო ამის დამტკიცება. ჩვენთან მსოფლიო ჩემპიონატიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, როგორც ოლიმპიური თამაშები, ამიტომ ყველა გამარჯვება ძალიან დასაფასებელია. მოტივაციას რაც შეეხება, პირველად რომ მივიღე მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე, სეულში, იქ  საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრაზე იყო დიდი ამბავი და “ჭიდაობა”. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, იუნიორის ასაკის წამიყვანეს დიდებში და გავამართლე. ძალიან მაღალ დონეზე ვიყავი მომზადებული. ის ფორმა მას შემდეგ აღარასდროს მქონია და არც ის პირობები, რაც მაშინ მქონდა. ვიცით, ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა რთული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციები: ომი, უბედურება, უწყლობა, უშუქობა – ეს 90-იანი წლები და ვფიქრობ, მაშინდელი ჩვენი სპორტსმენებისთვის, ვინც გამოდიოდნენ და წარმატებას აღწევდნენ, ეს გმირობის ტოლფასი იყო.

ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი მოპოვებული გაქვთ საბჭოთა კავშირის ნაკრებში. გული ხომ არ გწყდებათ, რომ ეს დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ვერ შეძელით?

– ეს საქართველოს ეთვლება მაინც. თანაც, მაშინ იმ ეპოქაში ვცხოვრობდით და სხვა გამოსავალი არ იყო. მწყდება, რა თქმა უნდა. გამიხარდებოდა,  თუ საქართველოს დროშა აიწეოდა ცალკე და ჰიმნიც იქნებოდა, მაგრამ ამას მე ვერ შევცვლი და ვერც ვერავინ შეცვლის. ეს ისტორიაა.

– პრესკონფერენციაზე ახსენეთ, რომ იარაღებს ვერ ცვლით და ძველი აღჭურვილობით გიწევთ ვარჯიში. რა პრობლემაა?

– კანონმდებლობაა ასეთი და ეს პირველი შემთხვევა არ არის. არა და არ დაადგა საშველი, რომ დაიხვეწოს. ძველი კანონია, ალბათ, გადმოთარგმნილი ან მაღაზიებზე მორგებული. სროლის ფედერაციას არ აქვს საშუალება ფუნქციონირების. იარაღის ყიდვის აქვს, მაგრამ შემოტანის და თავის თავზე გაფორმების – არა. სროლის ფედერაცია ბადმინდონის ბურთებს ხომ არ შემოიტანს. წინა ოლიმპიადაზე ჩემს ვაჟს აჩუქეს იარაღი, 50 მეტრზე, მცირე კალიბრიანი, გეკოს რომ ისვრიან, ის მოდელი. ვერ შემოვიტანეთ დღემდე. პირადად გავაფორმებთ სპორტსმენზე, მაგრამ შემდეგ შეჯიბრზე ვეღარ გაიტანს, რადგან ტარების უფლება არ აქვს. ფედერაციაზე არ აფორმებენ, როგორც იურიდიულ პირზე. კანონი ასეა დაწერილი. იურისტები ვამუშავეთ, დავხვეწეთ კანონი და მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ველოდებით პასუხს, მაგრამ როდის დაიხვეწება და გაკეთდება, არ ვიცი. ყველა ინსტანცია მოვიარეთ, მინისტრიც გვეთანხმება, მართლები ხართ, ასე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამას თავის მობმა უნდა, ელემენტარული ხომ უნდა გაკეთდეს.

– პარლამენტის სპორტის კომიტეტი საკანონმდებლო დონეზე როგორ არის ჩართული ამ პროცესში?

– პარლამენტს უნდა მიაწოდო გამზადებული პროექტი კანონის შესაცვლელად და რა თქმა უნდა, ისინი მხარს დაგვიჭერენ, მაგრამ ხომ უნდა მივიდეს იქამდე. ჩვენ მივმართეთ შსს-ს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურისტებს, მათაც მიმართეს შსს-ს იურისტებს. ჩვენ, ფედერაციამ ცალკე ვამუშავეთ იურისტები, დავიქირავეთ, მოვუმზადეთ, დავხვეწეთ და მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის სახით და პასუხს ველით. ძალიან ბევრი ნიუანსია, ვიღაცამ არ ისარგებლოს ამ კანონით, დამცავი მექანიზმიც ჩავდეთ და მარეგულირებელიც. ვნახოთ, რა გითხრათ, ჩვენთან რა არის დახვეწილი, ეგ რომ იყოს.

– რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთხელ  მოექეცით ყურადღების ცენტრში, რადგან შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად მონაწილეობდით. თქვენ თქვით, რომ სასროლეთში ყველა თანაბარია, თუმცა, როგორც დედისთვის, ალბათ, რთულია, როდესაც გვერდით საკუთარი შვილი ასპარეზობს. კონცენტრაციას ხომ არ გიკარგავთ ეს?

არა, ყველას თავისი დავალება აქვს. ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემს გარდა, კიდევ ვინმეს აეღო ლიცენზია ჩემი ქვეყნიდან ოლიმპიურ თამაშებზე. ძალიან გამეხარდა შინაგანად, მაგრამ სახლში კიდევ უფრო გამეხარდა, რადგან ეს მოახერხა ჩემმა შვილმა 18 წლის ასაკში, როდესაც ურთულეს სიტუაციაში გამოგლიჯა ლიცენზია სხვა სპორტსმენებს. ჩვენი მწვრთნელი არის მამაჩემი ანუ ცოტნეს ბაბუა. ბოლო გასროლა გვჭირდებოდა, ათიანი. ცოტნემ ეს არ იცოდა, ჩვენ ტაბლოს ვუყურებდით და ვიცოდით, ვინ ლიდერობდა და ვინ არა. მამაჩემი ღმერთს ეუბნება: ღმერთო, ძალიან ბევრი სიხარული მაჩუქე მთელი ცხოვრების განმავლობაში, მრცხვენია, რამე გთხოვო, მაგრამ ძალიან გვჭირდებაო. შემდეგ ტიროდა ბაბუ და ახლაც ტიროდა ამ ლიცენზიის ემოციებისგან. 88 წლის არის, ვეღარ დაგვყვება შეჯიბრებებზე. ძალიან მინდოდა, რიოშიც ყოფილიყო, მაგრამ გავუფრთხილდით და სახლში დავტოვეთ.

– თქვენს გამოსვლაზე უფრო ნერვიულობთ თუ ცოტნესი?

– ცოტნეს ასპარეზობისას.

– რიოს ოლიმპიური თამაშები იყო პირველი, როდესაც საქართველომ ამ სახეობაში ორი ლიცენზიის მოპოვება შეძლო. ბოლო წლებში, გამოჩნდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებიც იმედისმომცემად გამოიყურებიან, თუნდაც, ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე. რამდენ ლიცენზიას ელოდებით ტოკიოსთვის?

– ყველა შეჯიბრზე შედეგი გვაქვს. ევროპის ჩემპიონატზე იყო ლიზი მესამე, მსოფლიოზეც, ახალგაზრდებს შორის. ოლიმპიურ თამაშებზე, არგენტინაში, ნინო ხუციბერიძემ მესამე ადგილი აიღო. წარმოიდგინეთ, ლიცენზიები ორივეს შეეძლო მოეპოვებინა ოლიმპიადისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაზე მხოლოდ ერთს იძლეოდნენ და ამიტომ ლიზიმ ვერ მიიღო მონაწილეობა, თორემ ისიც იქნებოდა საპრიზო ადგილებში. რთული ინფრასტრუქტურაა. არ გაგვაჩნია არანაირი პირობა. მე თვითონ მოვაწყვე ჩემი სასროლეთი. დახმარებები იყო პატარ-პატარა, მაგრამ 9 წელი ველოდით 200 კვადრატული ფართობი რომ გადმოეცათ ფედერაციისთვის და ჩემი საკუთარი ტირი, რომელიც კახა ასათიანმა მაჩუქა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, აუქციონზე გაიტანეს და შემასყიდინეს. თავად მოვაწყვე სასროლეთი, მაგრამ 5 ფარი იყო და ბავშვები იდგენენ კორიდორში, ერთმანეთს ელოდებოდნენ, როდის შევიდოდნენ სავარჯიშოდ. 9 წელი ველოდით და ტარიელ ხეჩიკაშვილმა თქვა და გააკეთა, რისი მადლობელი და მადლიერი ვარ. გააკეთა ის, რომ გადმოსცა ფედერაციას ფართი, გავჭერი კედელი, გავაერთიანე და ახლა 12 ფარი გვაქვს თბილისში და ეს მაქსიმუმია. თელავში 9 ფარია, „სკაზე“ – 5 თუ 6 და ქუთაისშია კიდევ რამდენიმე. რამდენ სპორტსმენს შეუძლია ერთდროულად მონაწილეობა მიიღოს პროცესში? ეს არის ჩვენი პირობები.

– ხშირად გვესმის, რომ აშენდება დარბაზები და სასახლეები სხვადასხვა სახეობისთვის. თქვენთანაც არის ეს დაპირება?

– დაპირებები ძალიან ბევრი იყო. ანდაზაც ბევრჯერ მსმენია, სამი წელი ელოდნენ დაპირებასო და მერამდენე სამი წელი შეიძლება ველოდო ამ დაპირებას. სიმართლე გითხრათ, მთავრობას ბაზის მშენებლობაზე აგური აგურზე არ დაუდია. ახლა თბილისის ზღვაზე ვაშენებთ ბაზას სასტენდო სროლისთვის. იქ შესაძლებელია ჩვენი ბაზის განთავსებაც, მაგრამ იქაც საერთოდ არაფერი იყო. ძველად იყო და აღდგენა სჭირდებოდა. იმდენად გაჩანაგდა 40 წლის განმავლობაში, არ ფუნქციონირებდა. საერთაშორისო ფედერაცია დაგვეხმარა, მოგვცა ძვირადღირებული დანადგარები. ასევე, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტიც, დიდძალი თანხა დახარჯა და გააკეთა. ახლა ველოდებით, რომ მთავრობაც რაღაც ელემენტარულით დაგვეხმაროს. ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თვითონ ხომ შეიძლება გამოიჩინონ ინიციატივა რაღაცაში. მედლები ვის მოაქვს, რომელ სახეობებს – ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა და შემდეგ ვინ არის? – ტყვიის სროლა, რომელიც ევროპაზე, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე შედეგს დებს.

– რამდენი კვოტა გვაქვს ახლა სროლაში?

– თითოეულ დისციპლინას ორ-ორი ლიცენზია აქვს. 15 დისციპლინაა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ვავითარებთ მხოლოდ ორს, სამწუხაროდ. კიდევ ორ ლიცენზიას ველოდებით. მაქვს იმედი და თვითონაც უნდა გაანძრიონ ხელი სპორტსმენებმა.

– თაობა დაინტერესებულია ამ სპორტით, კონტიგენტი მოდის?

– კი, დაინტერესებულია. 12 ფარიც არ გვყოფნის ხანდახან. ვცდილობთ, ნაკრები იმ დროს არ შევიდეს, როდესაც ბავშვები მოდიან და მათი ადგილები არ დაიკავოს. სამ საათამდე ვმუშაობთ, შემდეგ კი სკოლის ბავშვები მოდიან და 9-მდე ვართ, მათაც რომ ჰქონდეთ საშუალება, იარონ სკოლაში, რეპეტიტორებთან და ა.შ. როდესაც ქვეყანაში დასვენებაა, ნაკრები მაინც ვარჯიშობს, რადგან ამ დროს უფრო თავისუფლები არიან და მირჩევნია, სამუშაო დღეებში დავასვენო. მთელი ზაფხული ვმუშაობთ, ეს, განსაკუთრებით, მერიის გასაგონად. აგვისტოში არ ვისვენებთ, ზაფხულის სახეობებია და ერთი თვე თუ დავისვენეთ და თვენახევარი, არაფერი გამოვა. ამ პერიოდში, თბილისელ მწვრთნელებს ხელფასს არ უხდიან, ვინც მერიაშია გაფორმებული, ისვენებთო. ვერ ვიგებ, შვებულება არ ეკუთვნით? მესმის, მწვრთნელთა დახმარების პროგრამაა, ასე ჰქვია, მაგრამ, რეალურად, ეს არის მწვრთნელის ხელფასი. ამას ელოდებიან, 500 ლარი აქვთ და ამასაც ვერ იღებენ ამ პერიოდში. რა თქმა უნდა, მადლობა მერიას ამ პროგრამისთვის, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ ნიუანსს ყურადღებას მიაქცევენ.

ბევრჯერ გითქვამთ, რომ სპორტში ფსიქოლოგიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და თქვენი სადისერტაციო ნაშრომიც სწორედ ამაზე იყო. თქვენ ხართ ნაკრების მოტივატორი?

– შეჯიბრის პერიოდში, სხვაც ცეცხლის ხაზზე დგას და მეც, თუმცა ვეხმარები და იციან ეს. დიდი იმედი აქვთ ჩემი დახმარების, მაგრამ მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია. ყველა სპორტსმენს უნდა იცნობდე და იცოდე მათი ფსიქოლოგია, რა მდგომარეობაშია, როდის “გაულაწუნო” ან დაამშვიდო. ერთ და ორ სიტყვაში ამას ვერ აღწერ. მათ ძალიან ბევრი რამ ვასწავლე, თვითკონტროლი და თვითფლობა. ყვირილით არასდროს არავისთვის მიყვირია, თუმცა მკაცრი ვარ, დისციპლინას ვითხოვ.

– რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ იყო საუბარი, რომ აქტიური სპორტიდან წასვლას აპირებდით, მაგრამ თქვით, რომ ცოტნეს ახლა უფრო მეტად სჭირდებოდით. მეცხრე ოლიმპიური თამაშებზე მიდიხართ ტოკიოში, სად გადის თქვენი შესაძლებლობების ზღვარი?

– ადამიანების შესაძლებლობებს ზღვარი ამოუწურავია, ამიტომ მე თვითონ არ ვიცი, რისი გამკეთებელი ვარ. მებრძოლი სული რომ მაქვს, ეს გამოჩნდა. ვიქებ თავს ცოტას (იცინის).

– გვქონდეს იმედი, რომ ტოკიო ბოლო არ იქნება?

–  ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს ახლა. ხვალ რა მოხდება, ის არ ვიცით. მშვიდობა იყოს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. 21-ე საუკუნეში, რაღა დროს ომია. შეგნება ვითომ უფრო მაღალ დონეზეა, თუმცა ომები მაინც არის. მშვიდობა იყოს, ვურჩევ ყველას. ის კოშმარი, რაც ჩვენ გადავიარეთ და ჩვენმა ახალგაზრდებმა, უფრო მამაკაცებმა, ეს არ ყოფილიყოს.

– რაც უფრო დიდი დრო გადის, ალბათ, უფრო რთულია ამ გადაწყვეტილების მიღებაც?

– იცით, მე თვითონაც დავიღალე, რადგან ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ამ პროცესს, შეჯიბრისას. ეს ხომ ვიცი და ხანდახან ისე მეზარება ტურნირზე გასვლა, უკვე მირჩევნია, მწვრთნელად ვიმუშაო და შორიდან ვუყურო, დავარიგო. თუმცა, მწვრთნელად უფრო ვნერვიულობ და მერე უფრო მეტს ვფიქრობ, მირჩევნია, ასჯერ მე გამოვიდე, ვიდრე ერთხელ მწვრთნელად დავუდგე რომელიმე სპორტსმენს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი შვილია ის თუ სხვა სპორტსმენი, ყველასთან ალალად ვარ და მინდა, მათ მივცე ჩემი ცოდნა. შემდეგ უკვე მათზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებენ.

– არ გიყვართ, როდესაც გეკითხებიან – რას ელით ოლიმპიადისგან, ამიტომ ასე გკითხავთ – როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ბოლო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე, როგორი იქნება კულმინაცია?

–  როდესაც ტოკიოში დაინიშნა ოლიმპიური თამაშები, იმავე წუთს გავიფიქრე – ეს იქნება ფანტასტიკური ოლიმპიადა. ვიცი, ეს ხალხი, ერი როგორ მოემზადება ამ შეჯიბრისთვის. ეს უფრო მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ. კულმინაციას ვერ გეტყვით ვერც ერთი სპორტსმენი. ჭიდაობაში, ძიუდოში და სხვა სახეობებში უფრო მეტად იციან, ვინ რისი გამკეთებელია, ჩვენთან ტესტიც კი არ არსებობს, რას გააკეთებს სპორტსმენი. შევეცდები მაქსიმუმს. თავდაუზოგავად ვშრომობ და ეს ასე იქნება. კი, მეზარება ხოლმე ვარჯიშებზე მისვლა, მაგრამ თუ მივედი იქამდე, ზერელედ რამე გავაკეთო, ვარიანტი არ არის. მისვლა მიჭირს, მეზარება, რა ვქნა, გამოვტყდი.

– აზარტულია მიზანში სროლა?

– გეტყვით, რისი აზარტია. როდესაც დგახარ ცეცხლის ხაზზე, დრო ისე გადის, ვერ ამჩნევ. სულ მუშაობასა და ფიქრში ხარ. ისვრი და იმ წუთას ხედავ შედეგს, ისე მიდის ეს დრო, შედეგი გინდა. შეიძლება მაყურებლისთვის ეს ასეთი საინტერესო არ იყოს, მაგრამ მონაწილისთვის არის. ახლა საერთაშორისო ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყურებადი გახდეს. დიდი მონიტორები დგას და თითოეული გასროლის შემდეგ, მაყურებელს შეუძლია ნახოს ყველას გამოსვლა, რვიანი გააკეთა, ცხრიანი თუ ათიანი. ასევე, მთლიან შედეგებს დებენ, ვინ ლიდერობს და ვინ ვის მისდევს. 1988 წელს ქაღალდზე ვისროდით და გვიცვლიდნენ, ახლა ლაზერულია და რას არტყამ, მონიტორზე ხედავ.

– სროლის დროს ქულებს ითვლით?

– არაფრით არ შეიძლება თვლა. რაც გააკეთე, იმას ვეღარ შეცვლი. რისი გაკეთება გინდა, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. ამიტომ, აქ ხარ და დღეს. ესაა ჩემი დევიზი.

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

  • 13
  •  
  •  
  •  
  •