მამუკა ბახტაძე: მასწავლებლების ხელფასები საქართველოში ჩამორჩება საშუალო სტატისტიკურს

პრემიერმა დადო პირობა, რომ მასწავლებლების ეს პრობლემა მოგვარდება

“მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ” სემინარის გახსნაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს, საქართველოში პედაგოგების ხელფასი საშუალო სტატისტიკურზე დაბალია:

“დღეს გავხსენით სემინარი “მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ”.

ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ მასწავლებლების ხელფასები საქართველოში ჩამორჩება საშუალო სტატისტიკურსაც კი.

ყველას გპირდებით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ და ეროვნული იდეის ერთ-ერთ მიზანსაც მივაღწევთ, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული.

განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სექტორისკენ მიმართვას გულისხმობს, დაგვაძლევინებს ყველა გამოწვევას. განათლება არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ.

ძალიან მიხარია, რომ დღეს შევხვდი სწორედ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ ეროვნული იდეის განხორციელებაში და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ჩვენი მომავალი თაობების აღზრდისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •