გიორგი გახარიამ 19 მაისის შუალედური არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

ბრძანება:

2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად  ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში
ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების
სწორად შეფასების, სამართალდარღვევათა პრევენციის, მათზე რეაგირების და არჩევნების
თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“
ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს 2019 წლის 19 მაისის შუალედური და
რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის
ღონისძიებები.

2. ბრძანება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)
სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს.

3. ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელებმა
უზრუნველყონ ამ ბრძანების თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთათვის გაცნობა.
4. სამინისტროს ადმინისტრაციამ (დეპარტამენტი) უზრუნველყოს ამ ბრძანების სამინისტროს
ვებგვერდზე (info.police.ge) გამოქვეყნება, ხოლო მისი ძალაში შესვლის შემდეგ, ბრძანების
ინგლისურენოვანი ტექსტის ამავე ვებგვერდზე განთავსება.

5. ბრძანება ძალაშია სამინისტროს ვებგვერდზე მისი გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს
შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის
გამოქვეყნების დღის ჩათვლით.

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი
ოფიციალურად გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12
კმ, №6)”, – ნათქვამია ბრძანებაში

(სრულად იხილეთ: https://info.police.ge)

კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც შინაგან საქმეთ სამინისტრომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად უკვე გაატარა, ეს არის მემორანდუმის გაფორმება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.

დოკუმენტს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – თამარ ჟვანიამ მოაწერეს.

მემორანდუმით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

  • 14
  •  
  •  
  •  
  •