გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

მძიმეწონოსანმა მოჭიდავემ 88 ქულა მოაგროვა და მეორედან პირველ პოზიციაზე აინაცვლა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი (125კგ) მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მძიმეწონოსანთა კატეგორიაში, გენო პეტრიაშვილმა 88 ქულა მოაგროვა და მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე პოზიციაზე, ამ წონაში  ჩინელი დენგია 77 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებს კი, 50-50 ქულით, თურქების ოლიმპიური ჩემპიონი, ტაჰა აკგული და რუსი ანზორ ხიზრიევი იყოფენ.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ავთო კენჭაძე (74 კგ) 58 ქულით მესამე ადგილზეა; ამერიკელი, ჯორდან ბაროუზი, 63 ქულით – მეორე, ხოლო ამ წონის ლიდერი რუსი სადიკოვია.

ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), ევროპის პრიზიორი ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ) მეოთხე ადგილებს იკავებენ.

მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) მეხუთეა, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ირაკლი მწითური (92 კგ)  – მეშვიდე. ამავე წონაში, ევროპის 2-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (92 კგ) მე-11, ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ) მე-11 და ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) მე-15 ადგილებზე იმყოფებიან.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) მეხუთე პოზიციას იკავებს.  ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი კი (87 კგ)  – მე-11.

მსოფლიო რეიტინგში ქართველების პოზიციები ასე გამოიყურება: ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლაშა გობაძე (82 კგ) და მსოფლიო პრიზიორი რევაზ ნადარეიშვილი  – მე-12 ადგილი. ევროპის ვერცხლის პრიზიორი იაკობ ქაჯაია (130 კგ)  – მე-16, ოლიმპიური პრიზიორი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (72 კგ)  – მე-17, ამავე წონაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რამაზ ზოიძე –  მე-18, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (82 კგ) – მე-18 და ევროპის პრიზიორი ლევან ქავჟარაძე (63 კგ)  – მე-19 პოზიცია.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •