რა მოხდა შერემეტიევოს აეროპორტში? – დეტალები ავიაკატასტროფის ადგილიდან

5 მაისის საღამოს, შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვი-მურმანსკის რეისს ახორციელებდა. დაშვებისას ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე 78 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, დაიღუპა 41 ადამიანი.

ავიაკომპანია “აეროფლოტის” “სუპერჯეტი” შერემეტიევოდან, მოსკოვის დროით, 18:02 საათზე აფრინდა. აფრენიდან მალევე, ეკიპაჟმა ხომალდის გაუმართაობის შესახებ გადმოსცა და აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 18:30 საათზე ლაინერი ასაფრენ ბილიკზე ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, რომ ავიაკატასტროფის სამ ვერსიას განიხილავს: პილოტების, დისპეჩერებისა და იმ პირების არაკვალიფიციურობას, რომლებმაც თვითმფრინავს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარეს; საჰაერო ხომალდის გაუმართაობას; არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებს.

BBC-ის რუსული ბიურო იმ დეტალების შესახებ წერს, რომელიც მისთვის ავიაკატასტროფის შესახებ გახდა ცნობილი.

რატომ დაბრუნდა თვითმფრინავი? 

პროექტმა Baza-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა საჰაერო ხომალდის მეთაურის, დენის ევდოკიმოვის მონათხრობი, სადაც ის აცხადებს, რომ საგანგებო დაჯდომის განხორციელება ეკიპაჟმა იმის გამო გადაწყვიტა, რომ დაკარგა რადიოკავშირი და ბორტზე ელექტროობა გამოირთო. პილოტის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავს მეხი დაეცა.

“ჩვენ ავფრინდით და ღრუბლებში მოვხვდით – ძლიერი სეტყვა იყო. ამ დროს გავიგონეთ ხმაური და რაღაცამ გაიელვა, როგორც ელექტრონაპერწკალმა. ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად მოხდა”, – აღნიშნა ტელეკომპანია “რასია 24”-ის ეთერში ბორტგამცილებელმა, ტატიანა კასატკინამ.

იმის თაობაზე, რომ “სუპერჯეტს” მეხი დაეცა, ლაინერის რამდენიმე მგზავრმაც ისაუბრა. დიმიტრი ხლებუშკინმა, რომელიც თვითმფრინავით მგზავრობდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ “თეთრი გაელვება”დაინახა. ქალაქ სევერომორსკის მერმა, ვლადიმირ ევმენკოვმა კი, რომელიც ამავე რეისით მიფრინავდა, რადიოსადგურ “ჩრდილოეთ FM”-ს განუცხადა, რომ ილუმინატორთან იჯდა და “ფიზიკურად ხედავდა, როგორ დაეცა მარჯვენა ძრავს ორჯერ მეხი”.

“ცხადი იყო, რომ პრობლემები გვქონდა, როდესაც თვითმფრინავს ძლიერი მეხი დაეცა. 20-30 წუთის განმავლობაში, ჩვენ ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავით. ამასთან, თვითმფრინავში არ იყო პანიკა, ყველა მშვიდად იჯდა”, – უთხრა მგზავრმა მარინა სიტნიკოვამ ჟურნალ “სნობს”.

რატომ გაჩნდა ხანძარი? 

“სუპერჯეტი”ჰაერში ყოფნისას არ იწვოდა. ხანძარი ხომალდის დაჯდომისას გაჩნდა. ამის თაობაზე საუბრობენ როგორც გამომძიებლები, ისე კატასტროფის თვითმხილველები. ფაქტს ადასტურებს ლაინერის დაშვების ამსახველი კადრებიც, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა. “აეროფლოტი” თავის პირველ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ძრავების აალება თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ მოხდა.

საჰაერო ხომალდის მეთაურის, ევდოკიმოვის ნაამბობის საფუძველზე ირკვევა, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი, შესაძლოა, თვითმფრინავის მიწაზე ძლიერი დანარცხება გამხდარიყო, ამასთან, გადაჭარბებული სამგზავრო მასით.

“ცეცხლი დაჯდომის შემდეგ გაჩნდა, მე ასე მგონია… დაჯდომის გამო. მიზეზი, ალბათ, ეს არის”, – აღნიშნა მან და დააზუსტა, რომ თვითმფრინავმა დაშვება გავსებული საწვავი ავზებით განახორციელა.

თვითმხილველების თქმით, დაჯდომისას “სუპერჯეტი” რამდენჯერმე ძლიერად დაენარცხა ასაფრენ ბილიკს.

“ინტერფაქსის” წყაროს ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც საწვავის მარცხენა ავზში უცხო სხეული მოხვდა: სავარაუდოდ, ეს იყო დამსხვრეული შასის ნაწილი, რომელმაც ავზი გახვრიტა, საწვავი დაიღვარა და აალდა.

საჰაერო ხომალდის მეთაურმა ვერ შეძლო, აეხსნა, რატომ დაენარცხა დაშვებისას თვითმფრინავი მიწას. მისი თქმით, “საკმარისი სიჩქარე იყო” და “დასაფრენ ზოლს, პროცედურის თანახმად, ვერტიკალური სიჩქარის შენელებით მიუახლოვდნენ”.

ორშაბათს საღამოს, გამოცემა РБК-ს “აეროფლოტში” უთხრეს, რომ ევდოკიმოვი გამოცდილი პილოტია, მისი სამუშაო გამოცდილება 6,8 ათას ფრენის საათს ითვლის, აქედან – 1,4 ათასი მან “სუპერჯეტით” განახორციელა.

როგორ მიმდინარეობდა ევაკუაცია? 

მგზავრები მიწაზე სამაშველო ტრაპით ჩამოიყვანეს. “აეროფლოტში” ამტკიცებენ, რომ ევაკუაციას 55 წამი დასჭირდა, იმ დროს, როცა ნორმატივები 90 წამს ითვალისწინებს. მგზავრების თქმით, ეკიპაჟი პროფესიონალურად მოქმედებდა.

“მხოლოდ მათი (ბორტგამცილებების) წყალობით გადავრჩი ცოცხალი. გოგონა იდგა სივრცეში, სადაც იყო გაზი და ბნელოდა. ის იქიდან ეხმარებოდა ადამიანებს გარეთ გასვლაში და ტრაპით ძირს უშვებდა”, – ჰყვება მგზავრი ხლებუშკინი.

მგზავრმა მიხაილ სავჩენკომ კი “ფეისბუკში” დაწერა, რომ ეკიპაჟის წევრებმა, მისი აზრით, “ყველაფერი ოპერატიულად და ზუსტად გააკეთეს”. სწორედ მან განათავსა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მგზავრები ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავს ბარგით ხელში ტოვებდნენ. მოგვიანებით, ამის თაობაზე სავჩენკომ კომენტარიც გააკეთა:

“არ ვიცი, რა ვთქვა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თავიანთ ჩანთებს მოათრევდნენ. ღმერთმა განსაჯოს ისინი. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ მათ, ვინაიდან ახლა თავადაც ცუდად გრძნობენ თავს. არ მგონია, რომ ამ ცეცხლწაკიდებულ ჯოჯოხეთში ვინმეს ცივსისხლიანად და გააზრებულად ეთრია ჩემოდნები”.

ბორტგამცილებელმა კასატკინამ “რასია 24”-ის ეთერში აღნიშნა, რომ ძლიერად დანარცხების შემდეგ, “ადამიანები სავარძლებიდან წამოხტნენ და გასასვლელისკენ გარბოდნენ, თუმცა თვითმფრინავი ჯერ კიდევ მოძრაობდა”.

როგორ აქრობდნენ ხანძარს?

როგორც ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა განაცხადა, შერემეტიევოს აეროპორტის სამსახურებმა მომხდარზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს.

“18:31 საათზე გამოცხადდა “წითელი კოდი”. ერთი წუთის შემდეგ, პირველი სახანძრო მანქანა საჰაერო ხომალდთან იყო. მომდევნო ოთხი წუთის განმავლობაში, კიდევ 6 სახანძრო მანქანა მოვიდა”, – დასძინა მან.

მინისტრის თქმით, თვითმფრინავში ხანძრის ჩაქრობას 18 წუთი დასჭირდა.

ვინ იმსხვერპლა კატასტროფამ?

ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარი თვითმფრინავიდან 41 დაღუპულის ცხედარი გამოიტანეს. მათი პიროვნების იდენტიფიცირებისთვის გენეტიკური ექსპერტიზები დაინიშნა.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაღუპული ბორტგამცილებელი მაქსიმ მაისეევია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი მგზავრებს თვითმფრინავის ბოლო ნაწილში ეხმარებოდა. ТАСС-ის ცნობით, მაისეევი ჯერ ცდილობდა, ხომალდის უკანა კარი გაეღო, მაგრამ ეს ვერ შეძლო და მგზავრების წინ გადმოყვანა დაიწყო.

მურმანსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი ჩიბისმა აღნიშნა, რომ კატასტროფის 26 მსხვერპლი რეგიონის მცხოვრები იყო. რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა კი “ВКонтакте”-ში დაწერა, რომ სამი დაღუპული მოსკოველია.

ორშაბათს საღამოს, მოსკოვში ამერიკული დიპლომატიური მისიის პრეს-მდივანმა, ანდრეა კალანმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის ერთი აშშ-ის მოქალაქეა. დუშანბეში კი განაცხადეს, რომ შერემეტიევოს ავიაკატასტროფაში ტაჯიკისტანის 28 წლის მოქალაქე დაიღუპა.

საბოლოოდ, “აეროფლოტმა” Sukhoi Superjet 100-ის კატასტროფის შედეგად დაღუპული 73 ადამიანის სია გამოაქვეყნა (აქედან, 49 მამაკაცია, 24 კი – ქალი). გადარჩა 33 ადამიანი (22 მამაკაცი და 11 ქალი).

რა ბედი ელის სუპერჯეტებს?

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ Sukhoi Superjet 100-ის ლაინერების ფრენების შეჩერებისთვის საფუძველი ვერ იპოვა.

პრეზიდენტ პუტინის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდებით ფრენების შეჩერების საკითხი “სპეციალისტების პრეროგატივაა, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, უნდა დაველოდოთ საგანგებო სიტუაციის მიზეზების შესახებ დასკვნას”.

გაზეთ “კომერსანტის” ინფორმაციით, დამწვარ “სუპერჯეტს” არც ისე ბევრი ფრენა ჰქონდა განხორციელებული (დღე-ღამეში, დაახლოებით, 7 საათი) და ძირითადად, ასრულებდა მოკლემანძილიან (2 საათიან) რეისებს. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, მას მხოლოდ ერთი სერიოზული ტექნიკური წუნი ჰქონდა – 2018 წლის იანვარში თვითმფრინავს დაფრენისას გაუჭირდა შასის გამოშვება, თუმცა მაშინ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

როგორ მუშაობს შერემეტიევო?

მომხდარი კატასტროფის შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტმა მუშაობა შეზღუდული რეჟიმით დაიწყო – ორშაბათს, დღისით, იქ მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ფუნქციონირებდა.

იტყობინებოდნენ, რომ შეზღუდვები საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდებოდა, რომელსაც აეროპორტში საგამოძიებო კომიტეტის წევრები ატარებდენ.

ორშაბათს, 18:30 საათზე უწყებაში განაცხადეს, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს. საერთაშორისო საავიაციო კიმიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მათ შეაგროვეს დამწვარი თვითმფრინავის ფრაგმენტები და გადაიტანეს ისინი ანგარში, შემდგომი კვლევებისთვის.

“აეროფლოტმა” გადადო 46 რეისი, რომლებიც შერემეტიევოში 6-7 მაისს უნდა განხორციელებულიყო. კომპანიამ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, ხდებოდა თუ არა ბილეთების მასობრივად დაბრუნება ავიაკატასტროფის შემდეგ. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. “ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ”, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს “აეროფლოტის” წარმომადგენელმა, მაქსიმ ფეტისოვმა.

მოგვიანებით, შერემეტიევოს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ აეროპორტი მუშაობის საშტატო რეჟიმზე გადავიდა და 2 ასაფრენ-სადაფრენი ბილიკი ამოქმედდა. “იგეგმება, რომ მომდევნო დღეებში აეროპორტი, ცენტრალური განრიგის თანახმად, რეისების შესრულების გრაფიკს დაუბრუნდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფოტოები: GETTY IMAGES, REUTERS, AFP, TASS.

 

  • 2
  •  
  •  
  •  
  •