პრინცმა ჰარიმ და მეგანმა შვილს არჩი ჰარისონი დაარქვეს – ახალშობილის პირველი კადრები სასახლიდან

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, ჰარიმ და მეგანმა, საზოგადოებას პირველად უჩვენეს თავიანთი ახალშობილი ვაჟი, რომელიც 6 მაისს დაიბადა. მას არჩი ჰარისონ მაუნტბეტენ-უინძორი დაარქვეს.

“ძალიან კარგი ზნის ბავშვია, მშვიდი. ნამდვილი საოცრება”, – ასე თქვა მეგანმა თავისი ვაჟის შესახებ, რომელიც კადრებში თეთრ საბანში გახვეული ჩანს. მეგანს ჰარიმ უპასუხა: “არ ვიცი, ვის დაემსგავსა ასეთი”, – და ორივემ გაიცინა.

ახალშობილი უკვე გააცნეს დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპს. არჩი დედოფლის მერვე შვილთაშვილია.

“ეს ნამდვილი ჯადოსნობაა, გასაოცარი ამბავია. მე მსოფლიოში ორი საუკეთესო ბიჭი მყავს, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ”, – ასე აფასებს მეგანი დედობის პირველ დღეებს.

“მხოლოდ 2-3 დღე გავიდა, მაგრამ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ ასეთი პატარა ბედნიერების ნამცეცი გვყავს”, – ამბობენ მეგანი და ჰარი.

თუ ვის ჰგავს ბავშვი, კითხვაზე ჰარი ასე პასუხობს: “ამბობენ, რომ ბავშვები რამდენიმე კვირაში მკვეთრად იცვლებიან. ვნახოთ, როგორ შეიცვლება ის ერთ თვეში. არჩი ყოველდღე იცვლება, ასე რომ, ვინ იცის, ვის დაემსგავსება ბოლოს”.

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას პირველი შვილი ორშაბათს, ბრიტანეთის ზაფხულის დროით 05:26 საათზე დაიბადა. ახალშობილი 3,2 კგ-ს იწონიდა – ნაკლებს, ვიდრე მისი ბიძაშვილები.

კემბრიჯის ჰერცოგმა, უილიამმა, რომელიც თავად სამი შვილის მამაა, აღნიშნა, რომ მოხარულია ძმის ხილვით “უძინარი მშობლების” კლუბში. მისი თქმით, ის მოუთმენლად ელის ახალგაზრდა მშობლებთან შეხვედრას და ახლადდაბადებული ძმისშვილის გაცნობას.

პრინცმა ჩარლზმა, რომელიც ბავშვის დაბადებისას კორნუელის ჰერცოგინია კამილასთან ერთად გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მოხარულია შვილიშვილის გაჩენით და მასთნ შეხვედრას მოუთმენლად ელის.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეგანის დედა დორია რეგლენდი “მოხარულია პირველი შვილიშვილის დაბადებით” და ქალიშვილთან ერთად, უინძორის რეზიდენციაში, კოტეჯ Frogmore-ში იმყოფება.

ბუნიკგემის სასახლემ განაცხადა, რომ ჰარი მშობიარობას ესწრებოდა. როგორც ჩანს, მეგანმა ბოლოს მაინც საავადმყოფოში იმშობიარა და არა სახლში, როგორც ეს თავდაპირველად ითქვა.

სასექსების წყვილის ვაჟი ავტომატურად ვერ მიიღებს პრინცის ტიტულს – თუმცა მას ამ ტიტულის მიღება შეუძლია, თუ ამის ნებას დედოფალი დართავს.

შესაძლოა, მან მემკვიდრეობით მიიღოს ჰარის ერთ-ერთი ტიტული, მაგალითად, დამბარტონის გრაფის ან შეუძლია, საერთოდ თქვას უარი სამეფო ტიტულებზე.

წყარო: BBC

  • 3
  •  
  •  
  •  
  •