ოზურგეთში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალი მუნიციპალური პროექტის - “ჩაის გზის“ფარგლებში ჩატარდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალი  მუნიციპალური პროექტის – “ჩაის გზის“ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ითვალისწინებს ქართული ჩაის პოპულარიზაციას, როგორც სამრეწველო, ისე ტურისტული მიმართულებით.

წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია: თაფლი, მშრალი ხილი, ღვინო, არაყი, თევზის და ყურძნის ნაწარმი.

ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს 20-მდე ქართული ჩაის მწარმოებელი საოჯახო მეურნეობების და საწარმოების პროდუქცია, მოინახულეს ეთნოგრაფიულ კუთხე და დააგემოვნეს ადგილობრივი ტრადიციული კერძები.

ფესტივალის ფარგლებში, ოზურგეთში ორი დღეა იმყოფებიან საინფორმაციო და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაის გადამამუშავებელი მსხვილი და მცირე საწარმოები დაათვალიერეს.

ქართული ჩაის ფესტივალმა დღეს ბევრ საპატიო სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირჟი პრეცლიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-თავმჯდომარე მილან შტეჩი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სულხან მოწყობილი,   და  “საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, შოთა ბითაძე.

“საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, ფესტივალის ბოლოს ჩატარდა ჩაის ოსტატთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და კონფერენცია თემაზე “ქართული ჩაის სამრეწველო და ტურისტული შესაძლებლობები“.

ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები,  გამარჯვებულებს – სიგელები და პრიზები.

  • 204
  •  
  •  
  •  
  •