ოლიმპიურ კომიტეტში ლიცენზიანტთა დაფა პირველი ხელმოწერით ნინო სალუქვაძემ გახსნა

ლეგენდარული ქართველი მსროლელი პირველია, რომელმაც ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ლეგენდარული ქართველი მსროლელი, ნინო სალუქვაძე პირველია საქართველოდან, რომელმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, დღეს, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა დაფაზე ხელი პირველმა სწორედ ნინო სალუქვაძემ მოაწერა და სეოკის ხელმძღვანელისგან, ლერი ხაბელობისგან სპეციალური სერტიფიკატიც მიიღო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ამბობს, ტოკიოშიც სლოგანი უცვლელი რჩება და საქართველოს დელეგაციის მიზანია – „უკეთ, ვიდრე რიოში“. წინა ოლიმპიური ციკლის მსგავსად, ახლაც, ნინო სალუქვაძემ მოიპოვა პირველი ლიცენზია და ხაბელოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს არანაკლები რაოდენობა ექნება ლიცენზიების, ვიდრე ეს რიოში იყო.

„მერვე ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც ნინომ პირველმა მოიპოვა ლიცენზია, ჩვენ 40 ლიცენზიანტი გვყავდა და იმედია, ეს ახლაც ასე იქნება. ეს სტიმულია ყველასთვის, რომ ლეგენდარულმა მსროლელმა მეცხრედ მოიპოვა ლიცენზია და მაგალითია სხვებისთვისაც, რომ გაემგზავროს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ჯერ, რა თქმა უნდა, ლიცენზიებზეა საუბარი და ჩვენი მიზანიც ეს არის – რაც შეიძლება მეტმა სპორტსმენმა შეძლოს ტოკიოში წასვლა“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო სალუქვაძე ამბობს, რომ არც უფიქრია, პირველივე სალიცენზიო შეჯიბრებაზე თუ შეძლებდა საგზურის მოპოვებას. ლეგენდარული ქართველი მსროლელი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც მეცხრედ უწევს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა.

„წელს დაიწყო ოლიმპიური ლიცენზიების გაცემა ჩვენი სპორტის სახეობაში. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია იმაზე, რომ პირველივე სალიცენზიო შეჯიბრზე, სადაც ჩვენი დელეგაცია იღებდა მონაწილეობას, ლიცენზიას ავიღებდი, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე, ფინალში მოვხვდი. იქ უკვე ჩემს თავსაც ვეუბნებოდი, უნდა იბრძოლო ბოლომდე, ამ შანსის გაშვება არ შეიძლება. ვიცოდი, სამს ჰქონდა აღებული ფინალისტებიდან ლიცენზია, მაგრამ მეოთხესაც ჰქონია, კორეელს, რომელმაც ეს დელიში მოახერხა მსოფლიო თასზე, მაგრამ ეს სულ ახალი ინფორმაცია იყო და დადასტურებულად არ ვიცოდით. ამიტომ, ჩემი მეტოქე იყო ხუთი არალიცენზირებული სპორტსმენი. მხოლოდ ორი ლიცენზია თამაშდებოდა და საჭირო იყო ბრძოლა ბოლომდე. თავიდან სუსტად დავიწყე, ბევრი ცხრიანი მყავდა, მაგრამ შემდეგ ამოვქაჩე, რამდენიმე ზუსტი გასროლის შემდეგ. მხოლოდ ათიანიც არ არის საკმარისი ფინალში. ცენტრალური ათიანები უნდა გააკეთო. ორი გასროლა მქონდა 10.8-10.8 და ამან გადაწყვიტა ლიცენზიის ბედი. დიქტორმა გამოაცხადა, რომ ორმა მოიპოვა ლიცენზია, პირველი მე ვიყავი, შემდეგ კი მონღოლი სპორტსმენი. აი, აქ უკვე მომეშვა და აღარ დავეძებდი, ვინ მოიგებდა და ვინ წააგებდა შეჯიბრს“, – განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

   

  • 18
  •  
  •  
  •  
  •