ქართველი მებრძოლის შთამბეჭდავი გამარჯვება – მერაბ დვალიშვილმა ფავორიტად მიჩნეული კანადელი დაამარცხა

ქართველმა ფალავანმა, მერაბ დვალიშვილმა, კონორ მაკგრგეგორის მწვრთნელის მოსწავლე, დაუმარცხებელი  კანადელი, ბრედ კანტონა საკუთარ მოედანზე, ოტავას ოქტაგონზე დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა.  

UFC-ის ეგიდით, დვალიშვილის რიგით მე-4 ბრძოლა სწორედ კანადის დედაქალაქში, “კანადიან თაირ სენთერში”, ბრონსონის და თეოდოროს “ქარდზე” დღეს გამთენიისას შედგა. გრემპლინგისა და ძლიერი დარტყმების საოცარი ნაზავით, დვალიშვილმა “The Ultimate Fighter 27”-ის გამარჯვებულ, სუპერმენ და უძლეველ, ბრედ კატონას 30-27 სძლია.

ქართველი მებრძოლი სამივე რაუნდის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდა.

დვალიშვილის შანსები პირველივე რაუნდში გამოიკვეთა. მებრძოლი დასაწყისშივე შეტევაზე გადავიდა და რამდენიმე ძლიერი დარტყმა განახორციელა. ის, რაუნდის განმავლობაში, ნონსტოპ მოძრაობასა და აქტიურ ფორმაში იყო. პერიოდის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, მერაბმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა და აქაც საკმაოდ სასტიკი დარტყმები მიაყენა.

მეორე რაუნდიც პოზიტიური შემართებით დაიწყო ქართველმა, რომელსაც ჩხუბის განმავლობაში მის კუთხეში მყოფი მწვრთნელები, ufc-ის ცნობილი მებრძოლი ალჯამაი სტერლინგი და უეფსის ყოფილი ჩემპიონი, მათ სერრა, რომელსაც ჯორჯ სანპიერი ყავს დამარცხებული, სრული შემართებით ამხნევებდნენ და რემარკებს აძლევდნენ. დვალიშვილმა თავისი მეორე ძლიერი მხარე პარტერი გამოიყენა, სწორედ ამ უკანასკნელში გაატარა რაუნდის უმეტესი დრო და მოწინააღმდეგესთან არსებული უპირატესობა მისდა სასიკეთოდ წარმართა.

კატონა, ძირითადად, თავის დაცვას ცდილობდა, რაუნდის დასრულებამდე მერაბმა კიდევ ერთი ლამაზი გდება შეასრულა. მესამე რაუნდი კი უკვე ბრძოლის კულმინაცია იყო. დვალიშვილმა, ჭკვიანური მოქმედებებით, ფავორიტად მიჩნეულ კანადელ მებრძოლს სისხლიანი დარტყმები მიაყენა და შეხვედრის გამარჯვებული გახდა.

როგორც უცხოელი მიმომხილველები ერთხმად აცხადებენ, დღევანდელი ისტორიული ჩხუბით დვალიშვილმა დაამტკიცა, რომ UFC-ში დარჩენას უდავოდ იმსახურებს. გამარჯვების შემდეგ, მებრძოლმა ოტავაში საქართველოსა და ამერიკის დროშები ააფრიალა, რვაკუთხედის თავზე შემოხტა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან განაცხადა, მისი სურვილია, რომ მუდამ საუკეთესო, ხარისხიანი და საინტერესო ბრძოლები შესთავაზოს მაყურებელს.

”მინდა, რომ UFC-ში დავრჩე. ჩემს ზურგს საუკეთესო გუნდი ამაგრებს. მათთან ერთად ვშრომობ და ვიბრძვი. ბიჭებო, მადლობა, მე აქ თქვენი დამსახურებით ვარ. მიყვარს ჩემი გუნდი. მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის UFC -საც. მინდა, რომ ვიბრძოლო და აუცილებლად გაჩვენებთ ნამდვილ ბრძოლას. დღეს მე გამარჯვებული ვარ და ბედნიერი ჩემს სამშობლოსთან ერთად. საქართველო საუკეთესო ქვეყანაა, საოცარი გრძნობაა ზედიზედ მეორე მოგება – უკეთესი არც არსებობს, თუმცა ეს ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო ჩემი მე-4 ბრძოლა და თუ ამ ბრძოლას წავაგებდი, აქედან წასვლა მომიწევდა. ჩემი გეგმა ის იყო, რომ ყველასთვის მეჩვენებინა კარგი ჩხუბი”, – განაცხადა დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ეს, UFC -ის ეგიდით, დვალიშვილის მეოთხე ბრძოლა იყო, ბოლო ჩხუბი სექტემბერში რუსეთში გაიმართა. ქართველმა ფალავანმა მოსკოვში ტაირონ ვეარი დაამარცხა და ოკუპანტი რუსეთის დედაქალაქში საქართველოს დროშა აფრიალდა.

მოამზადა მიშა ხაჩიძემ.

  • 908
  •  
  •  
  •  
  •