ისრაელი მეორე დღეა იბომბება – ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

განგაშის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებს თავშესაფარში გადასასვლელად მხოლოდ 45 წამი აქვთ

ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ქვეყანაში, სადაც ერთ კვირაში ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსი უნდა დაიწყოს, მეორე დღეა, განგაშის სიგნალია ჩართული – მოქალაქეები, ტურისტები და უცხოელი სტუმრები ე.წ. “ატომგამძლე” სამალავებში არიან გახიზნულები.

გუშინდელი დღიდან ისრაელში ვითარება უკიდურესად გამწვავდა. ღაზას სექტორიდან ქვეყანას მასშტაბურად ბომბავენ. ჰამასის ტერორისტებმა 450 რაკეტა ისრაელის მიმართულებით წუხელ და დღეს გამთენიისას გაუშვეს.

მთლიანობაში, ამ დროის მონაცემებით, დაბომბვის შედეგად, ისრაელის სხვადასხვა ქალაქში 89 ადამიანია დაშავებული. რაკეტები ჩამოცვივდა სკოლისა და საბავშვო-ბაღის ეზოებშიც. აშკელონში, რომელიც ულამაზესი ქალაქია ხმელთაშუა ზღვაზე და ამ პერიოდში ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა, პოლიციამ სანაპირო ზოლებიდან, სკვერებიდან, კაფე-ბარებიდან და სხვა ტურისტული ატრაქციონებიდან უცხოელი სტუმრების ევაკუაცია გამოაცხადა.

ქალაქში გვიან ღამით ჩამოვარდნილმა ნაღმმა საცხოვრებელი სახლი ააფეთქა, იქ მყოფი მამაკაცი კი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასობრივად იბომბება შემდეგი ქალაქები: აშკელონი, ბერ-შევა, რეხოვოთი, აშდოდი და იავნე. ქალაქები თელ-ავივიდან რამდენიმე წუთის დაშორებით მდებარეობს. სპეციალური დროა გამოყოფილი თავშესაფრებში გადამალვისთვის. აშდოდსა და სხვა ქალაქებში, განგაშის სიგნალის ჩართვიდან, მოქალაქეებმა თავის შეფარება 45 წამში უნდა მოახერხონ, თელ-ავივში კი დამალვისთვის წუთ-ნახევარია განკუთვნილი.

პოლიცია მოსახლეობასა და უცხოელ ტურისტებს ინსტრუქციით მოქმედებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფატალური შედეგებია მოსალოდნელი.

ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტების საპასუხოდ, სწრაფი რეაგირება მოახდინა ისრაელმაც. ქვეყნის თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათმა” ასობით რაკეტა გაანადგურა. ამას გარდა, ისრაელმაც ღაზას სექტორის საპასუხოდ დაბომბვა დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, აფეთქებულია არაერთი შენობა-ნაგებობა ღაზაშიც. მათ შორის, 6 სართულიანი კორპუსი, სადაც თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” ოფისი მდებარეობდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავცრელებულა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროში საგანგებო თათბირი გამართა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილებით, ღაზას სექტორის ორივე შესასვლელი სრულიად ჩაიკეტა, ასევე, სამხედროების სრული მობილიზაცია გამოცხადდა. ღაზას სექტორისკენ სათადარიგო ჯარისკაცების შენაერთები და მძიმე ტექნიკა უკვე გადაისროლეს. ისრაელსა და ღაზას შორის სიტუაციის ახალ ესკალაციას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ ღაზას სექტორიდან ისრაელის დაბომბვა კატეგორიულად დაგმო.

აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებები ცალსახად აღნიშნავენ, რომ ასეთ დროს ისრაელმა თავისი მოქალაქეები ყველა გზით უნდა დაიცვას. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯიფ ტაიპ ერდოღანმა ცალსახად ისლამისტების პოზიცია დაიჭირა. როგორც მან ტვიტერზე დაწერა, “ისრაელის თავდაცვა ტერორიზმია”.

მოამზადა მიშა ხაჩიძემ.

  • 690
  •  
  •  
  •  
  •