ტოკიოს ოლიმპიური დღიურები – ექსკლუზიურად “რეკორდერში”

საინფორმაციო სააგენტო „რეკორდერი“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს – „ოლიმპიური დღიურები“, რომელიც ტოკიოს  2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დასრულებამდე მკითხველისთვის ბევრ ექსკლუზიურ და საინტერესო მასალას/პუბლიკაციას მოამზადებს.

2019 წლის მაისიდან გაშუქდება ტოკიოს ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა, მოსამზადებელი ეტაპი, ექსკლუზიური ინტერვიუები ქართველ ლიცენზიანტებთან (ოლიმპიელებთან და პარაოლიმპიელებთან), მიმდინარე სალიცენზიო ტურნირები და ოლიმპიური/პარაოლიმპიური თამაშები.

რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, საქართველო 2020 წლისთვისაც 41-45 ლიცენზიას ელოდება.

პირველი, ვინც უკვე მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, ლეგენდარული ქართველი მსროლელი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ნინო სალუქვაძეა. მან, რამდენიმე დღის წინ, ეს პეკინში მოახერხა და ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ მიიღებს მონაწილეობას, რაც სარეკორდო მაჩვენებლია.

რიოს ოლიმპიადაზე ნინო სალუქვაძე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, როდესაც მან საკუთარ შვილთან ერთად იასპარეზა. დიდი ალბათობით, არც ტოკიო იქნება გამონაკლისი  და ის, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად, მორიგ ოლიმპიურ თამაშებზე გაისვრის.

ის, ვისგანაც  ყველა ოლიმპიურ ოქროს ველით, რა თქმა უნდა, ლაშა ტალახაძეა! ქართველ ძალოსნებს ბოლო წლებში ფანტასტიური შედეგები აქვთ, ლაშა კი წლიდან წლამდე ეჭვს არავის უტოვებს, რომ მას კონკურენტი არ ჰყავს. რიოს ოლიმპიადაზე, მძიმეწონოსან ძალოსნებში ფიცარნაგზე დაჯილდოებისას ორი ქართველი – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე იდგა და ეს ისტორიული მოვლენა იყო, ერთი ქვეყნის ორმა სპორტსმენმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

ბათუმში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშამ თავისივე რეკორდები დაამხო, ნაკრების კაპიტანი კი მძიმე ტრავმების მოშუშების შემდეგ ურიგოდ არ გამოიყურებოდა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. როგორც ჩანს, ირაკლი თურმანიძეს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სპორტიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ პირდაპირ ეთერში სთხოვა დარჩენილიყო და კაპიტანმაც იქვე დადო პირობა, რომ რასაც ასანიძე იტყოდა, ისე იქნებოდა.

რომ არა ასანიძე, რა პერსპექტივა შეიძლებოდა ჰქონოდა ძალოსნობას? – ალბათ, ასეთი ფანტასტიური არა, როგორიც გვაქვს. ფაქტია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი თავადაც ჩემპიონების მჭედელია და ამას ნათლად ადასტურებს ისიც, რომ ახალგაზრდა თაობაში უნიჭიერესი ბიჭები გამოჩდნენ – რეზი დავითაძე, შოთა მიშველიძე, ირაკლი ჩხეიძე, გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი. ძალოსნებს ტოკიოში სულ 4 კვოტა აქვთ – 4 მამაკაცებს და 4 ქალებს. როგორც ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები და მწვრთნელები ამბობენ, ქალთა მიმართულებაში აქტიურად მუშაობენ, რომ ისეთივე წარმატებებს მიაღწიონ, როგორც ეს ბიჭებშია.

ძალოსნებმა სალიცენზიო ქულები ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე მიიღეს და ლაშა ტალახაძე სიაში ლიდერია, თუმცა მსოფლიო პირველობაზე სხვა პრეტენდენტებიც გამოიკვეთებიან. სამწუხარო ისაა, რომ ახალი წესებით, ერთ წონაში, ერთი ქვეყნის ორი სპორტსმენი ვეღარ გამოვა და ეს იმას ნიშნავს, რომ ირაკლი თურმანიძე ტოკიოში ვერ იასპარეზებს.

ძიუდოში 7 ლიცენზია გათამაშდება. ძიუდოს მსოფლიო გაერთიანებამ, ცოტა ხნის წინ, ვრცელი მასალა მიუძღვნა ნაკრების კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს და აღნიშნა, რომ ის -100 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი და ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტია. ძიუდოისტთა კაპიტანი, შედეგების მხრივ, ევროპაში ყველაზე მეტი მედლის მფლობელია, თუმცა მის მონაგარს მსოფლიოსა და ოლიმპიური ოქროები აკლია.  რიოში მან ფინალური შეხვედრა წააგო და ვერცხლს დასჯერდა. ყველას ახსოვს მისი ცრემლები და ბოდიში, რომ ბოლომდე ვერ გააკეთა თავისი საქმე. შესაძლოა, ტოკიო „ლიპოსთვის“ ბოლო ტურნირი იყოს და ამის შემდეგ კარიერის დასრულებაზე იფიქროს, ამიტომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ის მაქსიმუმს გააკეთებს.

ვისგანაც ლიცენზიას აუცილებლად ველით, ეს გურამ თუშიშვილია, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი. მისი მთავარი მეტოქე ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი, ტედი რინერი იქნება, რომელმაც ხანგრძლივი პაუზა აიღო და ისიც ტოკიოსთვის ემზადება. ფრანგიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშებით აპირებს სპორტიდან წასვლას, ამიტომ, ძალიან საინტერესო იქნება რინერისა და თუშიშვილის დაპირისპირება ტოკიოში. იქამდე გზა კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გადის. თუმცა ძიუდოში არის გამონაკლისებიც, როდესაც რომელიმე წონით კატეგორიაში სხვადასხვა გრან პრისა თუ გრან სლემზე ათამაშებენ ლიცენზიას.

და რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნება ლაშა შავდათუაშვილის ასპარეზობები ოლიმპიური ლიცენზიისთვის. ლაშას ბოლო პერიოდში აშკარა ჩავარდნა აქვს და ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მაღალი შედეგების ჩვენება გაუჭირდა, თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს წარსულში დარჩა და ამ მნიშვნელოვან წელს ის ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება. ლონდონის ოლიმპიადის ტრიუმფატორმა, შემდეგ ოლიმპადაზე, რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახლა კი წინ ტოკიოა – შავდათუაშვილი მესამე ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად იბრძოლებს.

თავისუფალ ჭიდაობაში კი ბევრი თავსამტვრევი ექნებათ ნაკრების მწვრთნელებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ზედიზედ ორი ოლიმპიური თამაშების ფინალი იჭიდავა და ვერცხლისა და ოქროს მედლების მფლობელი გახდა. რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ახლა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მაინცდამაინც სტაბილურად ვერ ჭიდაობს, მაგრამ “ჭიდაობის პროფესორს” ხინჩეგაშვილს ტყუილად არ უწოდებენ. ის მესამე და სავარაუდოდ, ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა აქ ერთი დილემაა. ამ წონაში 2017 წელს ზურა იაკობიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და შემდეგ 70 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა, რომელიც არაოლიმპიური წონაა. იმისთვის, რომ იაკობიაშვილიც ლიცენზიის მაძიებელი გახდეს, ის კვლავ 65 კილოგრამში უნდა დაბრუნდეს და სალიცენზიო ტურნირებზე გამოვიდეს, წონის მომატება 74 კილოში არ გამოდის, აქ ავთანდილ კენჭაძეა და ამ მომენტისთვის, ამ წონაში უკონკურენტოა საქართველოს ნაკრებში. დაიკლებს კი ზურა იაკობიშვილი წონას და ვისზე შეაჩერებენ მწვრთნელები არჩევანს – ხინჩეგაშვილი თუ იაკობიშვილი? – მწვრთნელების ადგილზე ყოფნას არავინ ისურვებდა…

როგორც თავისუფალ, ისე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 6-6 კვოტა ექნებათ.

უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ამ დროისთვის მსოფლიოს მე-17 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. ჩოგბურთელებს ოლიმპიური ლიცენზიები მსოფლიო კვალიფიკაციაში ადგილების მიხედვით ეძლევათ. მინიმუმ, პირველ 69 კაცს შორის უნდა მოხვდე და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ბასილაშვილი ამ 69 ჩოგბურთელს მიღმა აღმოჩნდეს.

,მძლეოსნები, სპორტული და მხატვრული ტანმოვარჯიშეები, მოფარიკავეები, მშვილდოსნები და საწყალოსნო სახეობის სპორტსმენები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე, სხვადასხვა ტურნირზე იბრძოლებენ ოლიმპიური ლიცენზიებისთვის.

აქამდე, საქართველოს ნაკრებისთვის, ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგები 5-7 მედალი იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი სპორტსმენები ბოლომდე  დაიხარჯებიან და ლიცენზიების მაქსიმუმს მოიპოვებენ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი მედლების ისტორიულ რაოდენობას აიღებენ.

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი

 

 

 

  • 26
  •  
  •  
  •  
  •