არასამეფო სისხლი სამეფო ოჯახებში – უბრალო ადამიანები, რომლებსაც მონარქებმა საკუთარი გული მიუძღვნეს

რამდენიმე დღის წინ, ტაილანდის მეფე საკუთარი დაცვის წევრზე დაქორწინდა და ის დედოფლად გამოაცხადა. მეფე მახა ვაჩირალონგკორნმა თავისი პირადი უსაფრთხოების უფროსის მოადგილე, სუტხიდა ტიჯაი მოიყვანა ცოლად. მოულოდნელი გადაწყვეტილება დაქორწინების თაობაზე მონარქმა შაბათ-კვირას დაგეგმილი კორონაციის წინ მიიღო.

ნაციონალური ავიაკომპანია Thai-ს ყოფილი სტიუარდესა ტაილანდის მეფემ 2014 წელს საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნა; 2 წლის შემდეგ – არმიის გენერლობა მიანიჭა, ცოტა ხნის წინ კი – დედოფლის ტიტულიც.

მეგობრების წვეულებაზე ნორვეგიის მომავალმა მეფემ, ჰარალდ V 21 წლის სონია ჰარალდსენი გაიცნო, მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილი და მალევე შეუყვარდა.

ნორვეგიის სამეფო სახლმა ტახტის მემკვიდრის არჩევანი არ მოიწონა. მხოლოდ 9 წლის შემდეგ, როდესაც ჰარალდმა განაცხადა, რომ უარს იტყოდა გვირგვინზე სიყვარულის გამო, მამამ, მეფე ულაფ V მას ქორწინების ნება დართო. ქორწილი 1968 წლის 29 აგვისტოს გაიმართა.

ჰარალდი V ტახტზე 1991 წელს ავიდა, სონია კი დედოფალი გახდა.

ჰარალდ V ვაჟმა, სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცმა ჰოკონმა თითქმის ისეთივე სიყვარულის გზა გაიარა, რაც მისმა მამამ. მან საცოლედ უბრალო გოგონა, მეტე-მარიტ ტიესემ ჰიოიბი აირჩია, რომელიც არა მხოლოდ შორს იდგა სამეფო კარისგან და ყველაფრისგან, რაც სამეფო ოჯახს უკავშირდებოდა, არამედ, არც ისე შეუბღალავი წარსული ჰქონდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა პრინცის რომანთან დაკავშირებით არსებული უსიამოვნო სიტუაცია.

როდესაც ჰოკანმა მატე-მარიტი გაიცნო, ის ოფიციანტად მუშაობდა და ნაქირავებ ბინაში ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვის მამა კი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ციხეში იჯდა. დადიოდა ხმები, რომ თავად მატე-მარიტიც ოდესღაც ნარკოტიკებით იყო გატაცებული.

პრინცის არჩევანს არა მხოლოდ სამეფო ოჯახი, არამედ მთელი ქვეყანა დაუპირისპირდა. საკმაოდ ბევრი დრო და ხანგრძლივი მცდელობები გახდა საჭირო, სანამ ნორვეგიელები მატე-მარიტს მიიღებდნენ.

წყვილი 2001 წელს დაქორწინდა. ახლა ისინი სამ შვილს ზრდიან, აქედან ერთი – მატე-მარიტის ვაჟია, ორი კი – საერთო.

1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე შვედეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა კარლ გუსტავმა სილვია ზომერლატი გაიცნო, რომელიც ღონისძიების დიასახლისად მუშაობდა.

გერმანულ-ბრაზილიული წარმოშობის სილვია პროფესიით თარჯიმანი იყო და მას არაფერი აკავშირებდა სამეფო კართან, ამიტომ შვედებს ის თავდაპირველად მაინცდამაინც არ მოეწონათ. თუმცა მალე, თავისი გულღიაობისა და სიკეთის გამო, მან საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა.

დღეს მასზე საუბრობენ, როგორც პირველ შვედ დედოფალზე, რომელმაც შეძლო კარიერაში წარმატების მიღწევა, დაამყარა პარიტეტი მეუღლესთან ურთიერთობებში და საერთო ჯამში, გაათანამედროვა სამეფო კარის ყოფა.

2010 წლის ივნისში შვედეთში, მეფე-დედოფლის ქორწინებიდან ზუსტად 34 წლის შემდეგ, მდიდრული ქორწილი გაიმართა. სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცესა ვიქტორია ცოლად გაჰყვა დენიელ ვესტლინგს – პირად ფიტნეს-ტრენერსა და სპორტული დარბაზების ქსელის მფლობელს. ვესტილნგმა, ამ ქორწინების შემდეგ, პრინცის და ვესტერგიოტლანდიის ჰერცოგის ტიტული მიიღო.

ამჟამად წყვილი ჰაგას სასახლეში ცხოვრობს, სტოკჰოლმთან ახლოს და სამ შვილს ზრდის.

იმისათვის, რომ ვიქტორია ტახტის მემკვიდრე გამხდარიყო, 1980 წელს შვედეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მონარქიისთვის აბსოლუტური პრიმოგენეტურის სისტემა მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მონარქი სამეფო ოჯახის პირველი შვილი ხდება, სქესის მიუხედავად.

შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის უმცროსი ძმაც მამისა და დის კვალს გაჰყვა. სასურველი სასიძოს, პრინც კარლ ფილიპის რჩეული შვედი მოდელი სოფია ჰელკვისტი გახდა.

მათი ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული გახადა ჟანრმა, რომელშიც სოფია არაერთხელ პოზირებდა. მოდელი რეგულარულად მონაწილეობდა ეროტიკულ ფოტოსესიებში, ასევე, იყო შვედეთში პოპულარული  რეალითი-შოუს, Paradise Hotel-ის ვარსკვლავი.

საკუთარი ისტორიის მიუხედავად, სამეფო ოჯახი მაინცდამაინც ბედნიერი არ იყო პრინცის არჩევანით. მაგრამ წყვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გოგონასადმი მათი დამოკიდებულება შეცვლილიყო. სოფიამ უარი თქვა სამოდელო კარიერაზე და დიდ დროს ქველმოქმედებას უთმობდა, რითაც პრინცის მკაცრი მშობლების გული მოინადირა.

წყვილი 2015 წელს დაქორწინდა. ახლა სოფია ჰელკვისტი პრინცესას და ვერმლანდიის ჰერცოგინიას ტიტულს ატარებს.

ნორვეგიის დედოფლის, ბეატრიქსის მეორე ვაჟი 35 წლის ასაკში დაქორწინდა მეიბელ ვისე-სმიტზე – ადამიანის უფლებათა დამცველსა და ჰოლანდიური საქველმოქმედო ორგანიზაცია “ომის შვილების” დამფუძნებელზე.

დაქორწინებამდე ისინი ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ. მათი ნიშნობის გამოცხადების შემდეგ კი საქმეში პარლამენტი ჩაერთო, რომელმაც, კანონის თანახმად, სამეფო ოჯახის წევრების ქორწინების საკითხი უნდა განიხილოს. როგორც კი ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდობის წლებში მეიბლი კლაას ბრეინსმოის ხვდებოდა – ნარკომაფიის ბოსს, რომელიც 1991 წელს მოკლეს, – ქვეყნის ხელისუფლება პრინცის ქორწინების წინააღმდეგ გამოვიდა.

მაგრამ პრინცი ფრიზო ორანსკო-ნასაუსკი ამან ვერ შეაჩერა: სიყვარულის გამო, მან უარი თქვა ნიდერლანდების პრინცის ტიტულსა და სამეფო მემკვიდრეობაზე. სამწუხაროდ, ოჯახური ბედნიერებით ტკბობის საშუალება მას დიდხანს არ ჰქონია. 2012 წელს ფრიზო ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავში მოჰყვა და ცოტა ხნის შემდეგ, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

ცნობამ იაპონიის იმპერატორ აკიხიტოს ტახტიდან გადადგომის შესახებ მთელი მსოფლიო მოიარა, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა, პრინცესა ნორიმ ოჯახი იოსიკი კუროდოისთან ქორწინების გამო დატოვა. პრინცესას მეუღლე ტოკიოს ქალაქის საბჭოში დიზაინერად მუშაობდა და ნორის ძმასთან, პრინც აკისინოსთანაც მეგობრობდა.

ქორწინების შემდეგ, პრინცესა ნორიმ მეუღლის გვარი მიიღო და უარი თქვა საიმპერატორო ოჯახზე, როგორც ამას საიმპერატორო კარზე მიღებული წესი ითხოვს. კომპენსაციის სახით, მან 1,3 მლნ დოლარი მიიღო.

ელისაბედ II შვილიშვილი, პრინცესა ევგენია, 2018 წლის ოქტომბერში დაქორწინდა. მისი რჩეული ჯეკ ბრუკსბანკი გახდა, რომელიც პრინცესას გაცნობამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, კლუბებსა და ბარებში მუშაობდა, მათ შორის, ლონდონში მოდური ღამის კლუბის Mahiki-ს მენეჯერად.

წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს, შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტ ვერბიეში გაიცნო. მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეკმა აღნიშნა, რომ ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით.

როდესაც ისინი შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეს პრინც ჰარის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ეწვივნენ, დედოფალმა ევგენიასა და ჯეკის ქორწინება დალოცა.

ლედი დიანასა და პრინცი ჩარლზის უმცროსი ვაჟის, ჰარის ქორწინება ამერიკელ მსახიობთან დღემდე საზოგადოების მძაფრ ინტერესს იწვევს. მთელი მსოფლიო ელოდება მათი პირველი შვილის დაბადებას: ვინ იქნება, გოგო თუ ბიჭი და რას დაარქმევენ მას.

წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს, ლონდონში გაიცნო. მათი ქორწინება კი 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა. ცერემონია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის ტაძარში ჩატარდა.

საკურთხეველთან მეგან მარკლი პრინცმა ჩარლზმა მიაცილა, ვინაიდან ცერემონიას პატარძლის მამა არ ესწრებოდა. სპეციალურად ქორწილისთვის ჩიკაგოდან ამერიკელი ეპისკოპოსი ჩამოვიდა და სიტყვაც წარმოთქვა.

ცნობილი უნიძორის მეუღლის შესახებ საზოგადოებრივი აზრი დღემდე ორად იყოფა. ზოგიერთები ხმამაღლა საუბრობენ მეზალიანსზე, დანარჩენებს კი ახარებთ სამეფო ოჯახის თანამედროვე შეხედულებები, განსაკუთრებით კი, ელისაბედ II, რომელმაც წყვილს ქორწინებაზე ნებართვა მისცა.

წყარო: BBC

ფოტოები: GETTY IMAGES, REUTERS.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •