102 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა, დღეს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 102 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება.

კანონის თანახმად, სექსუალური შევიწროების გამო პირი 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 500 ლარით ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით

სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

სექსუალური შევიწროების დეფინიცია გაწერილი იქნება “შრომის კოდექსით“, რომლის თანახმადაც, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

 

  • 15
  •  
  •  
  •  
  •