30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

ქართული არმია დაარსებიდან 28-ე წელს აღნიშნავს

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა.

წელს, ქართული არმია, დაარსებიდან 28-ე წლისთავს აღნიშნავს.

როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.

გორში, მცხეთასა და ახალციხეში ჯარისკაცები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და საჩუქრად საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ფულადი თანხა გადასცეს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სულ 8 ოჯახს დაეხმარნენ.

1990 წლის დეკემბერში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

  • 116
  •  
  •  
  •  
  •