სეტ ბაუმი: რა ელის კაცობრიობას, თუ გლობალური კატასტროფა მოხდა

სეტ ბაუმი, გლობალური კატასტროფების რისკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი: 

“ისეთ მსოფლიო კატასტროფებს, როგორიცაა, ვთქვათ, ბირთვული ომი, გლობალური პანდემია ან კონტროლის ზონიდან გასული ხელოვნური ინტელექტი, შეუძლიათ, უფრო მძიმე შედეგები იქონიონ ცივილიზაციის მომავალზე, ვიდრე ამას ახლა წარმოვიდგენთ.

მამაჩემის ოჯახი აშშ-ში 1930-იან წლებში ჩამოვიდა. ისინი ებრაელები იყვნენ, რომლებიც ნაცისტებისგან გარბოდნენ. ჩემი ცხოვრება კარგად აეწყო. ვფიქრობ, ბედის მადლიერი უნდა ვიყო, რომ ყველაფერი ასე გამოვიდა.

ამის მიუხედავად, არ შემიძლია, არ ვიფიქრო იმაზე, როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო, მეორე მსოფლიო ომი და ჰოლოკოსტი რომ არ ყოფილიყო.

ყველა იმ ადამიანს, რომელიც მაშინ დაიღუპა, ხომ ეყოლებოდათ შთამომავლები, რომლებიც, შესაძლოა, დღესაც ცოცხალი ყოფილიყვნენ? შესაძლოა, მათი ცხოვრებაც ისეთივე იღბლიანი ყოფილიყო, როგორიც ჩემია.. შესაძლოა, მემეგობრა კიდეც მათთან ან რომელიმეს მეზობელი ვყოფილიყავი.. და საერთოდ, დავიბადებოდი კი იმავე სამყაროში, ომი რომ არ ყოფილიყო?

როდესაც ადამიანები მსჯელობენ კატასტროფებზე, რომლებმაც ბევრი მსხვერპლი მოიტანეს, ისინი თითქმის ყოველთვის პირდაპირ დანაკარგზე ფიქრობენ: 50 მლნ ადამიანზე მეტი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში; დაახლოებით, 15 მლნ – პირველ მსოფლიო ომში; 2010 წლის მიწისძვრამ ჰაიტიზე კი 160 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

მაგრამ ეს ციფრები არაფერს ამბობენ გრძელვადიან დანაკარგზე – ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლებოდა, ეცოცხლათ და არც იმაზე, როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო გლობალური ტრაგედიების გარეშე.

ასეთი შედეგების ასახვა დოკუმენტურად რთულია. მაგრამ ეს არ ხდის მათ ნაკლებადმნიშვნელოვანს.

სინამდვილეში, თუ გვერდიდან შევხედავთ და ამ საკითხს გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, ზოგიერთი კატასტროფა – ყველაზე მასშტაბური – შეიძლება დავაყენოთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების გვერდით.

66 მილიონი წლის წინ, როდესაც დიდი გამყინვარების დროს დედამიწის პირისაგან აღიგავნენ დინოზავრები, პლანეტაზე ადგილი გათავისუფლდა ძუძუმწოვრებისთვის – მათ შორის, ჩვენთვის, ადამიანებისთვის.

მანამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით, 2,5 მლრდ. წლის წინ, ე.წ. ჟანგბადის კატასტროფამ გაანადგურა თითქმის ყველა ანაერობული ორგანიზმი და შექმნა პირობები ჩვენთვის, ვინც ჟანგბადით ვსუნთქავთ.

ეს ორი კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, ადამიანებსა და სხვა სახეობებს, რომლებიც ამჟამად დედამიწაზე ცხოვრობენ, შესაძლოა, არც ეარსებათ.

სწორედ ამიტომ, მეც და სხვა მკვლევარებიც, რომლებიც გლობალურ კატასტროფულ რისკებზე ვმუშაობთ, ვთვლით, რომ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყო ის, რომ არ დავუშვათ მოვლენების ამგვარი განვითარება.

ადამიანის საქმიანობა ჩვენს ერაში პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გახდა. და თუ ჩვენ იმას დავინახავთ, რა ზეგავლენას მოვახდენთ ჩვენს შემდგომ ათასწლეულზე, მივხვდებით, რომ საუბარია არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაზე დღეს, არამედ – მომავლის დაცვაზე, ჩვენი პოტენციალის და მილიარდობით შთამომავლის, რომელთა ცხოვრება, შესაძლოა, სამუდამოდ შეიცვალოს.

რაღაც კუთხით, ადამიანის დღევანდელი ზემოქმედება პლანეტაზე ჰგავს იმ ორგანიზმების სწრაფ ზრდას, რომლებმაც ჟანგბადის კატასტროფა გამოიწვიეს.

ის კატასტროფა გამოწვეული იყო ციანობაქტერიების მიერ ჟანგბადის ფოტოსინთეზით. ფოტოსინთეზის დროს ატმოსფეროში გამოიყოფა ჟანგბადი. ციანობაქტერიები ამას ისეთი მასშტაბით აკეთებდნენ, რომ ატმოსფეროში ჟანგბადი ძალიან ბევრი გახდა – ანაერობულმა ორგანიზმებმა ეს ვერ გადაიტანეს და დაიღუპნენ.

ადამიანები პირველი არსებები არიან დედამიწაზე, რომლებიც ავითარებენ მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას და წარმოებას. ამას ისეთი მასშტაბებით ვაკეთებთ, რომ დღეს უკვე გავანადგურეთ ბევრი სახეობა. და თუ ფრთხილად არ ვიქნებით, საკუთარ თავსაც გავანადგურებთ.

ყველამ კარგად იცის ის კატასტროფული რისკები, რომლებიც ადამიანებზეა დამოკიდებული: ბირთვული იარაღი; გლობალური დათბობა, სხვა ეკოლოგიურ რყევებთან ერთად; პანდემიები, რომლებიც ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორიებში იქმნება; ადამიანის კონტროლიდან გასული ხელოვნური ინტელექტი და სხვა, რომელთა შედეგები ჩვენთვის მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმების წყალობითაა ცნობილი.

სინამდვილეში, ეს არ არის მხოლოდ სია – ეს ერთმანეთთან დაკავშირებული რისკების ქსელია. მაგალითად, გლობალურ დათბობას შეუძლია, გამოიწვიოს ჩვენი ცივილიზაციის დესტაბილიზაცია, შეასუსტოს ის სხვა შესაძლო კატასტროფების წინაშე. (ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოგახსენებთ).

და ეს ყველაფერი – დამატებული ბუნებრივი კატასტროფების მუდმივ რისკს, როგორიცაა, ვთქვათ, დედამიწის შეჯახება ასტეროიდთან, ვულკანის ამოფრქვევა ან ყველაფერი ერთად (კომბინაცია, რომელმაც, შესაძლოა, დაღუპა დინოზავრები).

კატასტროფული სცენარების უმეტესობაში რთულია წინასწარმეტყველება, რით დასრულდება ეს კაცობრიობისთვის.

ახლა ჩვენ 7,6 მილიარდი ვართ, გაფანტული ვართ მთელ პლანეტაზე; ვისწავლეთ, როგორ ვიარსებოთ სხვადასხვა გარემოსა და პირობებში, ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, ზოგიერთი ჩვენგანი გადარჩება.

მაგრამ როგორი იქნება ამ გადარჩენილების ცხოვრება – სრული საიდუმლოებითაა მოცული. მის ამოხსნაზე ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობდი და ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ კვლევა, სახელწოდებით “კაცობრიობის ცივილიზაციის გრძელვადიანი ტრაექტორიები”. ( http://gcrinstitute.org/long-term-trajectories-of-human-civilization/).

კვლევის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გვეცადა, გაგვეგო, როგორი იქნება ჩვენი ცივილიზაცია (და ჩვენი პირდაპირი მემკვიდრეების ცხოვრება) მილიონი, მილიარდი და ტრილიონი წლის შემდეგაც კი.

და თუმცა შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა ფორმას მიიღებს  კაცობრიობის ცივილიზაცია ასეთი დიდი (ან არც ისე დიდი) პერიოდის შემდეგ, ჩვენ შევძელით, მივსულიყავით რამდენიმე საერთო დასკვნამდე.

თუ კაცობრიობა შეძლებს კატასტროფების თავიდან არიდებას (ან სწრაფად მოახდენს აღდგენას მათ შემდეგ), მაშინ ჩვენს წინაშე ნათელი მომავალია. მომავალი, რომელიც მდიდარი იქნება ტრანსფორმირებული ტექნოლოგიებით და გასული დედამიწის საზღვრებიდან.

მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ნამდვილი კატასტროფის თავიდან აცილებას, ეს შეუქცევად შედეგებს გამოიღებს.

კატასტროფა, რომელიც კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევს, ბუნებრივია, იქნება ჩვენი ცივილიზაციის დასასრული. და ადამიანების ნაწილი კიდეც რომ გადარჩეს, კაცობრიობამ, საერთო ჯამში, საეჭვოა, მიაღწოს განვითარების ისეთ დონეს, როგორიც დღეს აქვს.

სოფლის მეურნეობა და მრეწველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღდგენისთვის. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ შეუძლია კატასტროფას შეცვალოს მომავალი, განვიხილოთ ერთი მაგალითი: მსოფლიო ბირთვული ომი, რომელშიც მონაწილეობს ყველა ბირთვული სახელმწიფო – ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

მხოლოდ ძალიან მასშტაბურ ომს შეუძლია, ჩაითრიოს ყველა ეს სახელმწიფო საომარ მოქმედებებში. ყველაზე სავარაუდო სცენარი – მასში მხოლოდ რუსეთის და აშშ-ს მონაწილეობაა, რომლებიც, ერთობლივად, მსოფლიო ბირთვული არსენალის 90%-ზე მეტს ფლობენ.

მაგრამ, მოდით, განვიხილოთ ყველაზე უარესი სცენარი. ამ დროსაც კი, პლანეტის დიდი ნაწილი მაინც გადაურჩება განადგურებას.

კერძოდ, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც არ არიან არც ერთი დღევანდელი ბირთვული სახელმწიფოს მოკავშირეები ან მტრები. ამ ქვეყნის მოქალაქეები, დიდი შანსია, გადარჩნენ – ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებიც, შესაძლოა, ბირთვული ომის მონაწილე ქვეყნებში ცხოვრობდნენ, მაგრამ შორს სამხედრო ობიექტებიდან ან დიდი ქალაქებიდან.

სამყარო, რომელშიც გადარჩენილები აღმოჩნდებიან, ძალიან სწრაფად შეიცვლება. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ არეულობასთან ერთად, ეკონომიკის ბევრი საკვანძო ელემენტიც დაიკარგება.

გლობალური სავაჭრო ქსელები თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ჩვეულ გარემოში, მოქმედებების შემუშავებული სქემის დროს, მაგრამ იბნევიან სისტემის სულ მცირე რყევაზეც კი. ბირთვული ომის დროს რყევას კი ნამდვილად ვერ უწოდებ “მცირეს”.

ბირთვული დაბომბვიდან პირველივე კვირაში, (შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც), დედამიწის მოსახლეობა სამომხმარებლო საქონლის, სათადარიგო ნაწილებისა და ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო სხვა ელემენტების დეფიციტს იგრძნობს, რომელთა გარეშეც საწარმოო ინფრასტრუქტურა პარალიზებული აღმოჩნდება.

საკმაოდ მალე გამოჩნდება პირველი შედეგებიც, გლობალური ეკოლოგიის კუთხით. ბირთვული აფეთქებები იმდენად ძლიერია, რომ დამწვარი ქალაქებიდან ფერფლი და მტვერი სტრატოსფერომდე ააღწევს. სტრატოსფერო ღრუბლებს ზემოთაა, ასე რომ, ყველაფერი, რაც იქამდე ავა, წვიმით ვეღარ ჩამოირეცხება. რამდენიმე თვეში, დაბინძურება მთელ პლანეტაზე გავრცელდება და წლების განმავლობაში შენარჩუნდება.

ის ჩამოეფარება მზის სხივს, გააცივებს დედამიწის ზედაპირს, შეამცირებს ნალექების რაოდენობას – ყველაფერი ეს კი ძალიან ცუდია სოფლის მეურნეობისთვის.

შიმშილისგან, რომელსაც ბირთვული ომი გამოიწვევს, მსოფლიოში ბევრი ადამიანი დაიღუპება – შესაძლოა, უფრო მეტიც კი, ვიდრე ბირთვული დაბომბვის დროს. მაგრამ ვიღაც აქაც გადარჩება.

კაცობრიობას აქვს საკვები მარაგები, რაც ზოგიერთს დაეხმარება, ცოცხალი გადარჩეს და დაელოდოს უკეთეს დროს, როცა პლანეტის თავზე ცა გაიწმინდება. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს მარაგები დაბომბვისას ხელუხლებელი დარჩება.

მსოფლიო შიმშილობა და ომის შემდგომი ნგრევა, ერთად –  სერიოზული გამოცდაა ცივილიზაციისთვის. ამის მიუხედავად, ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ გადარჩენილებმა გააგრძელონ ძველებურად ცხოვრება – დღევანდელის მსგავსად.

თუმცა, ყველა გარემოების გათვალისწინებით, რომელშიც ადამიანები აღმოჩნდებიან, სრულიად გასაგები იქნება, ჩვენი ცივილიზაცია დაეცეს და გაქრეს, როგორც ეს უკვე მოხდა წინა ცივილიზაციების შემთხვევაში, ეგვიპტიდან აღდგომის კუნძულებამდე.

როგორც ვხედავთ, კატასტროფები ხშირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული. შედეგები მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება, გაგრძელდეს.

ბირთვული ომი – ეს არ არის მხოლოდ ბირთვული ომი. ეს არის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის ნგრევა.

რამდენად გაუწევს წინააღმდეგობას ცივილიზაცია გამანადგურებელ ფაქტორებს, დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად იყო ის უკვე შესუსტებული – მაგალითად, გლობალური დათბობის ან მსგავსი ეკოლოგიური დეგრადაციის შედეგად.

ბირთვულმა ომმა, შესაძლოა, გამოიწვიოს შემდგომი კატასტროფები – მაგალითად, პანდემია (ჯანდაცვის სისტემის მოშლის გამო) ან გეოსაინჟინრო კატასტროფა (რაც კლიმატის ცვლილებას დააჩქარებს). ასეთ სცენარს მე და ჩემმა კოლეგებმა “ორმაგი კატასტროფა” ვუწოდეთ.

ამიტომ საჭიროა კატასტროფების შესწავლა არა ცალ-ცალკე, არამედ – ერთმანეთთან კავშირში.

ხშირად მეკითხებიან, რომელიც კატასტროფის რისკია უფრო მაღალი, თუმცა ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ვდგავართ ერთმანეთთან დაკავშირებული კატასტროფების რისკების სისტემის წინაშე და არა ცალკეული რისკების წინაშე.

სისტემის შეფასებისა და მის წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად ეფექტური გზების შემუშავებისთვის, მე და ჩემმა კოლეგებმა შევიმუშავეთ კატასტროფული რისკების კომპლექსური შეფასების კონცეფცია.

იმის მიუხედავად, რას გამოიწვევს ესა თუ ის კატასტროფა, ჩნდება კითხვა: რა იქნება შემდეგ? თუ კაცობრიობა განადგურდება, პასუხი, რა თქმა უნდა, იოლია: ჩვენი კაცობრიობის დასასრული.

მაგრამ თუ ვინმე მაინც გადარჩება, პასუხი არც ისე იოლი იქნება.

თუ კაცობრიობა ფუნქციონირებას შეწყვეტს, ცოცხლად გადარჩენილები მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩებიან – მათ მოუწევთ, თავად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და სხვა დანარჩენზე.

დღეს ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ქალაქებში. მათ გაუჭირდებათ, ვთქვათ, პურის მოყვანა. (ჰკითხეთ საკუთარ თავს: იცით, როგორ უნდა გადარჩეთ სამყაროში, სადაც არ იქნება მაღაზიები, რომლებსაც ასე მიეჩვიეთ, ელექტროენერგია, გათბობა და ა.შ.?)

სიტუაციის ირონიულობა ისაა, რომ ყველაზე წარმატებულები პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში გლეხები იქნებიან, რომლებიც ნატურალურ მეურნეობას მისდევენ და ახლა დედამიწის ყველაზე ღარიბ ფენად ითვლებიან.

კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება გამრავლება. დარჩენილი მოსახლეობა უნდა იყოს საკმაოდ დიდი და ერთიანი იმისთვის, რომ უზრუნველყოს დედამიწელების ახალი ტაობის გაჩენა. სხვაგვარად, ადამიანები, ადრე თუ გვიან, გადაშენდებიან.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის გენეტიკურად სიცოცხლისუნარიანი რაოდენობის შესანარჩუნებლად, საჭიროა 150-დან 40 000 ადამიანამდე. რაც მეტია ხელსაყრელი გარემოებები, მით ნაკლები ადამიანია საჭირო.

პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში ცხოვრებას ისიც გაართულებს, რომ ბუნებრივი წიაღისეულის და სხვა რესურსების დიდი მარაგი უკვე გამოყენებულია კაცობრიობის მიერ. ამასთან, საწარმოო დაბინძურებაც კიდევ დიდხანს დარჩება ატმოსფეროსა და ნიადაგში (ბირთვული ომის შედეგებს დამატებული).

ამასთან, მეგაპოლისები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სასარგებლო მასალების საწყობი – მაგალითად, ფოლადის.

მეორე მხრივ, ზოგიერთი ენერგეტიკული რესურსი არსად წავა – მაგალითად, ქარის ენერგია და ჰიდროენერგია.

მომავალში კატასტროფის შემთხვევისთვის მოქმედებების დაგეგმვა, შესაძლოა, აბსტრაქტულ საქმიანობას ჰგავდეს, რაც შორსაა იმ პრობლემებისგან, რომელთა გადაჭრაც დღეს გვიწევს. მაგრამ მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ: მოქმედებებს, რომლებსაც დღეს ვახორციელებთ, შეუძლიათ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდინონ გავლენა ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაზე.

პრაქტიკულად, ჩვენ დღეს ვირჩევთ, ვის ექნება გადარჩენის შანსი და როგორი იქნება ეს ცხოვრება.

ამის მნიშვნელობას იოლად რომ ჩავწვდეთ, წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში არასოდეს ყოფილა არც ჰოლოკოსტი და არც მეორე მსოფლიო ომი.

ასეთ სამყაროში ადამიანები, რომლებიც მე-20 საუკუნის შუა წლებში დაიღუპნენ, იქნებოდნენ ცოცხლები და შესაძლოა, ეცხოვრათ ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრებით. მაგრამ ჩვენს სამყაროში ეს ადამიანები აღარ არიან.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, დავბრუნდეთ წარსულში და შევცვალოთ მოვლენები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ – იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალი კატასტროფები. განსაკუთრებით, ისეთი, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალზე.

ჩვენი შთამომავლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შევძლოთ”.

წყარო:  http://www.bbc.com/future/story/20190408-how-catastrophes-can-change-the-path-of-humanity

 

 

 

 

 

 

  • 10
  •  
  •  
  •  
  •