უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე ზელენსკი იმარჯვებს: ეგზიტპოლის მიხედვით, მას ხმათა 73,2% აქვს

ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, შოუმენი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდება. სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ მან ხმათა 73,2% მოაგროვა, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი ხმათა მხოლოდ 25,3% ერგო.

ზელენსკი, დიდი უპირატესობით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში ლიდერობს. ყველაზე ნაკლებად მას ქვეყნის დასავლეთ ნაწილმა დაუჭირა მხარი, თუმცა პოროშენკო იქაც დაამარცხა (57% – 41,3%-ის წინააღმდეგ).

ნაციონალური ეგზიტპოლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს და ის არ არის არც ერთ პოლიტიკურ კანდიდატსა თუ პარტიაზე დამოკიდებული. ინტერვიუსთვის შეირჩა ყოველი მე-12 ამომრჩეველი, რომელიც არასპეციალური საარჩევნო უბნიდან გამოვიდა.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ხმის მიცემის პროცესში 1000-ზე მეტი დარღვევა გამოავლინა, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს განცხადებით, ეს დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

პეტრო პოროშენკომ უკვე აღნიშნა, რომ ის ზელენსკის გამარჯვებას აღიარებს. მისი თქმით, ეგზიტპოლის შედეგები მას იმის საფუძველს აძლევს, რომ კონკურენტს დაურეკოს და გამარჯვება მოულოცოს. ამასთან, პოროშენკო დასძენს, რომ, მართალია, პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, თუმცა პოლიტიკიდან არ წავა.

რაც შეეხება ზელენსკის, მას, მთელი საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას, თითქმის არავისთვის მიუცია ინტერვიუ და არც ამომრჩევლისთვის მიუმართავს. 17 აპრილს მისი ერთადერთი ინტერვიუ გამოცემა “РБК-უკრაინაში” გამოჩნდა, ისიც, იმის გამო, რომ შოუმენმა, არჩევნების პირველი ტურის დროს, გამოცემის კორესპონდენტთან მაგიდის ჩოგბურთში წააგო.

19 აპრილს პოროშენკო და ზელენსკი ერთმანეთს დებატებში დაუპირისპირდნენ – ეს იყო მათი პირველი და ერთადერთი შეხვედრა მთელი საარჩევნო კამპანიის დროს. პოროშენკომ ზელენსკის “კატა ტომარაში” უწოდა, შოუმენმა კი მოქმედი პრეზიდენტი “ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს” შეადარა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ის ადამიანები უნდა მოვიდნენ, რომელთაც “21-ე საუკუნის მენტალობა აქვთ”.

ფოტო: GETTY IMAGES

 

 

  • 5
  •  
  •  
  •  
  •